ვატცკე: “ლევანდოვსკისნაირი ფეხბურთელებისთვის ას მილიონსაც გადავიხდი”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვატცკე მზადაა, რობერტ ლევანდოვსკის დაბრუნებისთვის მიუნხენის “ბაიერნს” 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

“რობერტმა ფეხბურთის, ჩვენი ჩემპიონატისა და კლუბის შესახებ ყველაფერი იცის. მხოლოდ ასეთი ფეხბურთელების ნდობა შეიძლება. ასეთი ფეხბურთელებისთვის მზად ვარ, 100 მილიონი ევროც კი გადავიხადო.

დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელებს 50 მილიონად ვეღარ იყიდი, მათი ფასი 100 მილიონიდან იწყება.ჩვენც შეგვიძლია ამდენის გადახდა, თუ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიქნებით ფეხბურთელში.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, მირჩევნია თავად შევქმნათ ვარსკვლავები. “ბორუსია” ერთ-ერთ საუკეთესოა ამ საქმეში,” – დაამატა ვატცკემ.

შეგახსენებთ, რომ “ბავარიელთა” პოლონელი თავდამსხმელს ძალიან უნდა კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება.

ოფიციალურად: ანდრე შურლე “ფულჰემის” ღირსებას დაიცავს

დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი ანდრე შურლე ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდება. ეს უკანასკნელი მომავალ ორ სეზონს არენდის წესით “ფულჰემის” რიგებში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, ანდრე შურლე, რომელსაც ლონდონის “ჩელსის” რიგებში თამაშის გამოცდილებაც აქვს, თავის ახალ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რაც შეეხება უშუალოდ გასულ სეზონს, 27 წლის შურლემ “ბორუსიას” მაისურით 18 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, გაიტანა 1 გოლი და აქტივში ჩაიწერა 4 საგოლე გადაცემა.

პულიშიჩის ტრანსფერისთვის ერთმანეთს “რეალი”, “ჩელსი” და “ლივერპული” ებრძვიან

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში ამჯერად დორტმუნდის “ბორუსიას” ფლეიმეიკერი კრისტიან პულიშიჩია მოქცეული.

როგორც იცით, ამერიკის შეერთებული ნაკრების ვარსკვლავის ტრანსფერის სურვილით ამავდროულად “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელები არიან შეპყრობილნი.

19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად კი 60 მილიონი ფუნტი მოისაზრება. ამ მხრივ ფავორიტი, რა თქმა უნდა, მადრიდის”რეალია”. თუმცა არ არის გამორიცხული, პულიშიჩის გულის მოგება იურგენ კლოპმაც შეძლოს.

კლოპი “ბორუსიასთან” მატჩზე: “წაგებაზე მეტად მატიპის ტრავმა მადარდებს”

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მერსესაიდული “ლივერპული” და დოტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ. მატჩი გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა (1-3), თუმცა კლოპს ამაზე მეტად ჯოელ მატიპის ტრავმა აღელვებს.

“წაგებაზე მეტად მატიპის ტრავმა მადარდებს. ეს წინა ტრავმის რეციდივი არ ყოფილა. მატიპს სხვა კუნთი აქვს დაზიანებული და დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია. ჯერჯერობით, ერთი შეხედვით, ასე ჩანს.

რა თმა უნდა, ეს დღის ყველაზე დიდი ნეგატივი იყო. ძალიან ცუდია. ხვალ უფრო მეტი გვეცოდინება, მაგრამ ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას ძალიან სტკიოდა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

მომდევნო მატჩს “წითლები” 26 ივლისს “მანჩესტერ სიტისთან” გამართავენ.

ანდრეი იარმოლენკო უკვე ლონდონში იმყოფება

დორტმუნდის “ბორუსიას” უკრაინელი ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო, დიდი ალბათობით, კარიერას “ვესტ ჰემის” რიგებში გაავრცელებს. ამ ინფორმაციას გერმანული Kicker ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერს დათანხმდა და ახლა მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი. ეს უკანასკნელი უკვე შეამჩნიეს ლონდონში, სადაც სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

წინასწარი ინფორმაციით გერმანული კლუბი ამ ტრანსფერიდან 20 მილიონ ევროს მიიღებს მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ იარმოლენკოს ტრანსფერში 25 მილიონი გადაიხადა.

2017/18 წლების სეზონში იარმოლენკომ ბუნდესლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამი გოლი გიატანა.

ოფიციალურად: შტეგერმა დორტმუნდის “ბორუსია” დატოვა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ შტეგერმა, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ.

“ეს ჩემი ბოლო ოფიციალური მატჩი იყო “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეს გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მივიღე. ჩემი შემცვლელის ვინაობას უახლოეს მომავალში გაიგებთ,” – განაცხადა შტეგერმა.

ბოლო ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” მესამე ადგილზე გასასვლელად გასვლაზე “ჰოფენჰაიმი” უნდა დაემარცხებინა, თუმცა, ნაცვლად ამისა, თავად დამარცხდა (1:3). 55 ქულით “ყვითლებმა” მეოთხეზე დაასრულეს სეზონი და 29 ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ “ბაიერნს”.

პეტერ შტეგერს, სავარაუდოდ, ლუსიენ ფავრი შეცვლის.

ლიუსიენ ფავრე დორტმუნდის “ბორუსიას” მომავალ კვირას ჩაიბარებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ლიუსიენ ფავრი მომავალ კვირას ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Eurosport ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 60 წლის სპეციალისტმა, რომელიც აქამდე “ნიცას” წვრთნიდა, გერმანულ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მზადაა, პეტერ ბოსისა და შტეგერის საქმე გააგრძელოს.

შვეიცარიელ ლუსიენ ფავრეს გერმანიაში მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს – ის ჯერ “ჰერტას” თავკაცის ამპლუაში მუშაობდა 2007-09 წლებში, შემდეგ კი “გლადბახის” ფეხბურთელებს ასწავლიდა (2011-15).

ვილაშ-ბოაში, შესაძლოა, ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდეს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები აქტიურად ეძებენ პეტერ შტეგერის შემცვლელს, რომლის მუშაობამაც ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. Goal-ის მიერ მოწოდებული სანდო ინფორმაციის მიხედვით, გერმანელებს უკვე ჰყავთ ღირსეული კანდიდატები.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის პეტერ შტეგერმა “ბორუსია” სეზონის პირველი ნახევრის ბოლოსკენ ჩაიბარა და კლუბთან დარჩენის პირობა სეზონის ბოლომდე დადო.

წყაროს ცნობით, “ბორუსიას” სპორტული დირექტორი უკვე დაუკავშირდა ანდრე ვილაშ-ბოაშს, რომელსაც “პორტუს”, “ჩელსის”, “ტოტენჰემისა” და “ზენიტის” სათავეში ყოფნის გამოცდილება აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ვილაშ-ბოაში უარს იტყვის გერმანიაში გადაბარგებაზე, დორტმუნდელები ლუსიენ ფავრის კანდიდატურაზე გადაერთვებიან.

შმელცერი: “ბაიერნთან” თამაში კატა-თაგვობანას უფრო ჰგავდა”

დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანი, მარსელ შმელცერი, მიუნხენის “ბაიერნთან” გამართულ მატჩს (0:6), რომელიც ბუნდესლიგის 28-ე ტურის ეგიდით ჩატარდა, ირონიულად გამოეხმაურა.

“ძალიან ამბიციური მიზნები გვქონდა, თუმცა, როგორც თქვენ ნახეთ, არაფერი გამოგვივიდა,” – აცხადებს შმელცერი, რომლის გუნდმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგების შანსი დაკარგა.

“ორთაბრძოლებში ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვიყავით. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მეტოქე მოედანზე უფრო მეტი ფეხბურთელით იყო. ეს თამაში კატა-თაგვობანას უფრო ჰგავდა,” – დაამატა შმელცერმა.

ცნობისთვი გეტყვით, რომ ბუნდესლიგის 28 ტურის შემდეგ “ბორუსია” 48 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და 21 ქულით ჩამორჩება ლიდერ “რეკორდმაისტერს”.

ბატშუაი:”დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლტი “ბორუსიაში” ჩემს ადგილს არ დაიკავებს”

ბელგიის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფმა მიში ბატშუაიმ უსეინ ბოლტზე იხუმრა, რომელიც ამჟამად, ბატშუაის არყოფნაში, “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიასთან” ერთად ვარჯიშობს.

“ვიდეო ვნახე, სადაც ბოლტი ბრწყინვალედ თამაშობს ფეხბურთს – ჯერ ფეხებს შორის გაუტარებს ბურთს მეტოქის მოთამაშეს, შემდეგ კი ლამაზი გოლი გააქვს. ის ნამდვილი ჩემპიონია.

მისთვის შეზღუდვები არ არსებობს. ის ყოველდღე ადასტურებს, რომ განსაკუთრებულია. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთშიც საკმაოდ კარგად გამოსდის ყველაფერი, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ის “ბორუსიაში” ჩემს ადგილს არ დაიკავებს,” – აცხადებს ბატშუაი.

“ნიცას” მწვრთნელს “ბაიერნსა” და “ბორუსიაში” ეპატიჟებიან

ფრანგული “ნიცას” მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის კარგი მუშაობა შეუმჩნევლად არ დარჩენიათ გერმანული ბუნდესლიგის წამყვან წარმომადგენლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild ადასტურებს.

როგორც იცით, ფავრეს მეთაურობით “ნიცა” საკმაოდ კარგად გამოიყურება და სწორედ შვეიცარიელი სპეციალისტის დახმარებით შეძლო მარიო ბალოტელიმ ძველი ფორმის დაბრუნება.

“ბორუსია” გასულ ზაფხულშიც სცდილობდა ფავრეს გულის მოგებას, მაგრამ “ნიცა” მისი კლუბიდან გაშვების წინააღმდეგია. რაც შეეხება “ბაიერნს”, ბავარიაში ფავრეს მაურისიო პოჩეტინოს ალტერნატივად განიხილავენ.

საყურადღებოა, რომ წელს ფავრეს კონტრაქტში გააქტიურდა პუნქტი, რომლის საშუალებითაც მისი გადაბირება 3-5 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ობამეიანგი: “ბოდიშს გიხდით იმისთვის, რაც ამ თვეში მოხდა”

დორტმუნდის “ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადასვლის შემდეგ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანელ გულშემატკივრებს მიმართა და ბოლო დროს შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიშიც მოიხადა.

“პირველ რიგში მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც ამ თვეში მოხდა. კლუბის დატოვება გასულ ზაფხულსაც მინდოდა, ასე რომ, ეს ახლა უნდა მომხდარიყო.

შეიძლება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ობა გიჟი ბიჭია, დიახ, ძალიან გიჟური ვარ.

შეცდომები დავუშვი, მაგრამ ცუდს არასოდეს ვფიქრობ. არასოდეს დავივიწყებ დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებულ დროს. სწორედ თქვენ მომეცით ძალა, ამ დონეზე ვყოფილიყავი. მადლობას ვუხდი “ბორუსიას” მთელ ოჯახს, ფანებს, კლუბს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა, თანაგუნდელებს. თქვენი Auba17″ – ვკითხულობთ გაბონელი ფეხბურთლის პოსტში.