მამარდაშვილი თუ ხაუმე? ქართველს 3 თვის შემდეგ შანსი აქვს

დღეს “ვალენსია” კოპა დელ რეის 1/32 ფინალში “არენტეიროს” ესტუმრება და განაცხადში მხოლოდ 2 მეკარეა – ხაუმე და გიორგი მამარდაშვილი.

“უტრილასთან” წინა მატჩში კარში ხაუმე იდგა, რომელსაც გოლი არ გაუშვია, თუმცა დღეს, ბორდალასმა, როტაციის წესით მამარდა უნდა დააყენოს.

გიორგის 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და მის ნაცვლად ლა ლიგაში ნიდერლანდელი იესპერ სილესენია.

შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.

 

ასე პენალტები აღარ სრულდება – “დინამოს” თავდამსხმელს გაუკვირდა (ვიდეო)

ზაგრების “დინამოს” თავდამსხმელმა ბრუნო პეტკოვიჩმა ხორვატიის ჩემპიონატში “ისტრას” წინააღმდეგ პენალტი ისე შეასრულა, მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო და ორი ყვითელის გამო წითელიც დაიმსახურა. პენალტები ასე აღარ სრულდება.

თორნიკე ახვლედიანი: “იმედია, “დინამო” ხელს არ შემიშლის”

ქუთაისის “ტორპედოს” 22 წლის შემტევ თორნიკე ახვლედიანს გუნდში დარჩენა სურს.

ახვლედიანი თბილისის “დინამოდან” იჯარით არის გაშვებული, თუმცა გამოსყიდვის უფლებით. “ტორპედოს” შეუძლია ახვლედიანი გამოისყიდოს და სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმოს.

“ვპირდები ქუთაისელ გულშემატკივარს, რომ მომდევნო სეზონში სამეულში შევალთ და ევროტურნირებისკენ გავიწევთ”, – განაცხადა ახვლედიანმა მარტვილის “მერანთან” ძალიან მაგარი თამაშის შემდეგ, სადაც პენალტი მოიპოვა და გამარჯვების გოლი შეაგდო.

თორნიკეს იმედი აქვს, რომ “დინამო” მას ხელს არ შეუშლის და “ტორპედოში” გაუშვებს.

რამდენჯერ შემცირდა ჩაკვეს ფასი 3 წელიწადში?

ბელგიურმა “გენტმა” გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელს უკვე მიაგნო და ეს რუსეთის მე-2 ლიგის, “ველესის” ნახევარმცველი არტურ გალოიანი.

ჩაკვეს შემოთავაზებები ევროპის ტოპ 5-ის გუნდებიდან აქვს და მოსალოდნელია, რომ ზამთარში “გენტს” აუცილებლად დატოვებს.

გიორგის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ამიტომ მის სანაცვლოდ მსურველს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.

ქართველი 2018 წლის 27 დეკემბერს Transfermartk-მა 9 მილიონ ევროდ შეაფასა, დღეს კი 2.7 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ “გენტის” წვლილი ამაში უდიდესია, როდესაც ჩვენებურს ოპერაცია დროზე არ გაუკეთეს მეტი სატრანსფერო თანხის მიღების მიზნით, ბელგიელები მასში მხოლოდ 3 მილიონს არ დათანხმდებიან. შედარებისთვის, ხვიჩა დღეს Transfermartk-ს 18 მილიონად ჰყავს შეფასებული და “რუბინისთვის” 20 მილიონი საკმარისი არაა.

“გენტი” ჩაკვეში მიღებულ თანხას გალოიანის საყიდლად გამოიყენებს.

“ტორპედოსა” და კვასხვაძის ღირსეული ჟესტი

ქუთაისის “ტორპედოს” მარტვილის “მერანთან” ქამბექს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთათური გულშემატკივრით გაივსო.

სწორედ ტრიბუნიდან სტადიონზე გადასვლას და როინ კვასხვაძისთვის მაისურის თხოვნას აპირებდა მიხეილ ცანავა, რომელმაც, სამწუხაროდ, ფეხი მოიტეხა.

კვასხვაძემ ცანავა სახლში მოინახულა და თავისი მაისურიც გადასცა.

 

რაგბი ევროპა – ვიწყებთ პორტუგალიით, ვასრულებთ ესპანეთით

რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა.

შეგახსენებთ, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს, ევროპის შესარჩევი ზონიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება.

მოცემული მომენტისთვის, 5 თამაშიდან 24 ქულით საქართველო პირველია, 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 9 რუსეთს, 7 ესპანეთს და 0 ნიდერლანდებს. 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, 18 დეკემბერს ნიდერლანდები ამსტერდამში ესპანეთს მასპინძლობს.

2022 წლის ჩემპიონატში ბორჯღალოსნები სამ თამაშს შინ და ორს სტუმრად გამართავენ. ტურნირი 5 თებერვალს იწყება, 6-ში კი საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს. 12 თებერვალს გასვლა გვაქვს ნიდერლანდებში, ორი კვირის შემდეგ, 27 თებერვალს კი რუსეთს ვმასპინძლობთ. ტურნირის კიდევ ორ შეხვედრას მარტში გავმართავთ და 12-ში რუმინეთს ვესტუმრებით, 20-ში კი შინ ესპანეთს მივიღებთ.

საქართველოს რაგბის კავშირი

როგორი პენალტი გაიტანა ბაჩანა არაბულმა (ვიდეო)

ბაჩანა არაბულმა ბერძნული “ლამიას” რიგებში ზედიზედ მეორედ შეაგდო, მაგრამ გუნდი ჯერჯერობით გამარჯვებას ვერ ახერხებს. ამჯერად, “ლამიამ” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, არაბულმა კი პირველი გოლი პენალტით შეაგდო.

როგორ გულიანად გულშემატკივრობდა გაბუ ქუთაისის “ტორპედოს” “(ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის პლეი-აუტის მატჩში მარტვილის “მერანს” ძალიან მძიმე სიტუაციაში დაუხვდა. გუნდს პირველი მატჩი 2-0 ჰქონდა წაგებული და მინიმუმ ამავე ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, რათა თამაში დამატებით დროში გადასულიყო.

“ტორპედომ” საოცარი ქამბექი დადო (3-2) და ამაში უდიდესი წვლილი ქუთათურმა გულშემატკივარმა შეიტანა, რომელმაც მთელი სტადიონი გადაავსო და საყვარელ გუნდს უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა. მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაჩერებულა მსახიობი ლაშა გაბუნია (გაბუ), რომელმაც მთელი სული და გული ჩადო ფანებთან ერთად ელიგაში დარჩენაში.

გაბლ სტივსონი 50 000 დოლარს ითხოვს

12 თებერვალს, აშშ-ში, ტეხასის შტატში აშშ-ისა და ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

ამ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გაბლ სტივსონმა. ამერიკელმა სპორტსმენი თანახმაა ირანელთა წინააღმდეგ იასპარეზოს, თუმცა ერთი პირობით – მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამის სანაცვლოდ ორგანიზატორებისაგან 50 000 დოლარს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ფინალში გენო პეტრიაშვილთან ბოლო 3 წამში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სტივსონმა ჭიდაობა დატოვა და კონტრაქტი რესლინგის ორგანიზაციასთან (WWE) გააფორმა.

თუ ამერიკელი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, მას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ამირ ზარესთან დაპირისპირება მოუწევს. ზარემ 2021 წლის მსოფლიო პირველობის ფინალში გენო პეტრიაშვილს მოუგო.

ონანამ მშობლიურ “ბარსელონას” “ინტერი” არჩია

ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე ანდრე ონანა კარიერას დიდი ალბათობით მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

25 წლის კამერუნი კიპერით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის არიან “ინტერი”, “ბარსელონა” და ლონდონის “არსენალი”. ონანა “ბლაუგრანას” აღზრდილია და კატალონიურ კლუბს პატივს სცემს, თუმცა კარიერის გაგრძელება “ნერაძურის” რიგებში სურს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ კამერუნელ მეკარესა და “ინტერს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ონანას “აიაქსთან” შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანურ კლუბს შეუერთდება.

ჩაკვეტაძე “გენტს” ტოვებს – მის შემცვლელად არტურ გალოიანი სურთ

რუსული Match TV-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპის ტოპ ლიგის კლუბებიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს და ის “გენტს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

როგორც ირკვევა, ბელგიური კლუბი მის შემცვლელად რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ველესის” ნახევარმცველს, არტურ გალოიანს მოიაზრებს.

“გენტსა” და “ველესს” შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამავდროულად, ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქე გალოიანის მიმართ ინტერესს “როსტოვი”, მოსკოვის “ლოკომოტივი” და “უფა” იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე “გენტის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გიორგიმ ბოლო ორ სეზონში ამ გუნდის რიგებში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.