კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “ბილბაო” – “გრანადას” შეხვედრაში (ვიდეო)

იტალიელ ფრენბურთელს 15 წელი ეგონა, რომ ურთიერთობა ბრაზილიელ სუპერმოდელთან ჰქონდა

იტალიის ფრენბურთის ნაკრების ყოფილ წევრს, რობერტო კაცანიგას 15 წლის განმავლობაში ეგონა, რომ მას ურთიერთობა ბრაზილიელ სუპერმოდელთან ჰქონდა.

სპორტსმენმა გოგონა სახელად “მაია” ტელეფონით, საერთო მეგობრის, მანუელას საშუალებით გაიცნო. მაია ალესანდრა ამბროსიოს ფოტოებს იყენებდა, მისით კი ფრენბურთელი ადვილად მოიხიბლა.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრილან, კაცანიგა ირწმუნება, რომ ის და მისტიური ქალბატონი დაინიშნენ. ფრენბურთელი მაიას წლების განმავლობაში ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა, მათ შორის ავტომობილი Alfa Romeo Mino-ც იყო. მაია მას ეუბნებოდა, რომ გულზე პრობლემები ჰქონდა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად რობერტო ქალბატონს თანხას ურიცხავდა, საერთო ჯამში კი, 700 000 ევროზე მეტი დახარჯა.

მას შემდეგ, რაც კაცანიგას მეგობრებმა და თანაგუნდელებმა ამ ამბის შესახებ მეტი დეტალი გაიგეს, ისინი მასთან ერთად პოლიციაში მივიდნენ. გამოვლინდა, რომ რობერტო თაღლითობის მსხვერპლი გახდა. საკუთარი ამბავი სპორტსმენმა ერთ-ერთი იტალიური სატელევიზიო არხის საშუალებით საზოგადოებასაც უამბო.

როგორც ირკვევა, თაღლითურ სქემაში მონაწილოება მანუელამაც მიიღო, ის “მაიას” ყველაფრის ორგანიზებაში ეხმარებოდა.

შენგელია: ‘ჩემი პირველი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო, არაფერი შეცვლილა’

26 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში უკრაინა თბილისის სპორტის სასახლეში მიიღო და 88:83 დაამარცხა.

ერთ-ერთი გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 32:48 წუთში 16 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ თოკომ 25 ნოემბერს ევროლიგაში, მოსკოვის ცსკა-ს “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც სამშობლოში ჩარტერული რეისით გამოემგზავრა.

“ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ისეთივე მოტივაცია მაქვს, როგორიც ბავშვობაში მქონდა. პირველად საქართველოს ნაკრების თამაში ამ დარბაზში ვნახე და ჩემი მთავარი ოცნება NBA-ში მოხვედრა არ ყოფილა, პირველი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. ეს მოტივაცია იმ დღის შემდეგ მაქვს და არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა შენგელიამ პრესკონფერენციაზე.

7 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპაში წასასვლელად მზად არიან

ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდება. მე-2 ადგილზე თბილისის “დინამოა”, მე-3 და კონფერენს ლიგა კი გორის “დილას” რჩება. გავარდა “სამტრედია”, პლეი-აუტში გარანტირებულად “შუქურაა”, “ტორპედო” და “თელავი” ბოლო მატჩებში გაარკვევენ.

Fanebi.com წარმოგიდგენთ ეროვნული ლიგის 7 საინტერესო ფეხბურთელს, რომლებიც ჯერ ევროპაში არ ყოფილან, თუმცა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არიან.

7. იური ტაბატაძე – საბურთალო – 375 ათასი ევრო 

მიმდინარე სეზონში “საბურთალო”, სრულებით შეიძლება ითქვას, იური ტაბატაძეზე დგას. 34-დან 34-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი და 4  საგოლე პასი შეასრულა. იურის შეუძლია მარჯვენა მცველად თამაში, მარჯვენა ნახევარმცველად და თავდამსხმელადაც კი. აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა და საკმაოდ დაიხვეწა პასის კულტურაშიც. მაისში 275 ათას ევროდ ფასობდა, 1 ოქტომბრის მონაცემებით კი Transfermarkt-ზე 375 ათას ევროდ არის შეფასებული.

6. გიორგი გულიაშვილი – საბურთალო – 300 ათასი ევრო 

გულიაშვილმა 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო, თუმცა სანაკრებო დონეზე პრაქტიკულად შეუჩერებელია და ინგლისის ახაგალგაზრდულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა. გიორგის საოცარი საგოლე ალღო აქვს, არის ძალიან სწრაფი, აქვს კარგი და მოზომილი დარტყმა, განსაკუთრებით უყვარს მეკარისთვის თავზე ბურთის გადაგდება და მისით უკვე დაინტერესდნენ რუსული კლუბები, თუმცა, იმედია, ის არჩევანს ევროპაზე გააკეთებს. თავდაპირველად, ძალიან მოუხდებოდა მისი სტილი ბელგიურ ფეხბურთს. მე პირადად მას ჟორჟ მიქაუტაძესაც ვამგვანებ.

5. ლადო მამუჩაშვილი – დინამო ბთ – 400 ათასი ევრო 

24 წლის ვლადიმერ მამუჩაშვილი ბათუმის “დინამოს” შეუცვლელი ფიგურაა. ლადო “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და 2018 წლამდე თბილისში თამაშობდა, თუმცა ბათუმში გადასვლის შემდეგ სრულიად იცვლება მისი კარიერა და კიდევ უფრო მეტად გია გეგუჩაძის მოსვლიდან. მამუჩაშვილმა 34-დან 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. არის უნივერსალი, შეუძლია დადგეს მარჯვენა მცველად და გაჭირვების ჟამს, ცენტრალურ მცველადაც. პენალტებს და ჯარიმებს “დინამოში” სწორედ ლადო ასრულებს, აქვს უძლიერესი დარტყმა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნაკრებშიც გამოძახება დაიმსახურა. “დინამოს” გარდაუვალ ჩემპიონობაში ლომის წვლილი აქვს შეტანილი.

4. სერგო კუხიანიძე – სამგურალი – 225 ათასი ევრო 

22 წლის სერგო კუხიანიძე წყალტუბოს “სამგურალის” საუკეთესო ფეხბურთელია. ეროვნულ ლიგა 2-ში შესანიშნავი თამაშის შემდეგ “სამგურალმა” მისი შენარჩუნება შეძლო და უმაღლეს ჩემპიონატშიც მისი დამსახურებით ღირსეული გამოსვლაც მოახერხა. კუხიანიძემ 29 მატჩში 11 ბურთი შეაგდო. გამოირჩევა მაღალი სისწრაფით, სიმაღლის მიუხედავად მაგარი თავური დარტმით და საბრძოლო ჟინით, რაც ვილი სანიოლსაც არ გამოპარვია და ჰოლანდიასთან ნაკრების სადებიუტო მატჩში მიიღო მონაწილეობა. სერგო არ ითხოვს მუდამ ფეხში მიცემას, იხსნება მცველის ზურგს უკან და თვითონ შეუძლია საგოლე მომენტის შექმნა.

3. სანდრო ალთუნაშვილი – დინამო ბათუმი – 400 ათასი ევრო 

“საბურთალოს” აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი სანდრო ალთუნაშვილი დღეს ეროვნული ლიგის საუკეთესო გამთამაშებელია. სანდროს აქვს უზადო პასის კულტურა, მოედნის ხედვა და თამაშის დაჭერის უნარი. გია გეგუჩაძის “დინამოში” მამუჩაშვილთან ერთად შეუცვლელ დუეტს ქმნის და ორივე ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ნაკრების ძირითადშიც მოხვდა. სხვა მისი სტილის ნახევარმცველებისგან განსხვავებით, ძალიან სწრაფად აზროვნებს და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს.

2. თორნიკე კირკიტაძე – ლოკომოტივი – 450 ათასი ევრო

თორნიკე კირკიტაძე არის უსწრაფესი გარემარბი, რომელიც მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ უბრალოდ იფრინა და 80 მილიონიანი გუნდების მცველები ააწიოკა. თორნიკე წლებია “ლოკომოტივის” ღირსებას იცავს, ზაფხულში მისი კვიპროსში წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და “ლოკოში” დაბრუნება მოუწია. ტრავმებმაც უკან დახიეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და მისთვის ყველაფერი წინაა. შეუძლია მარჯვენა მცველად და მეტოქე ძირითადად მისი ზურგის დანახვას ახერხებს.

1.  ირაკლი აზაროვი – დინამო ბათუმი – 650 ათასი ევრო

19 წლის აზაროვი საქართველოს ნაკრების შეუცვლელი მარცხენა მცველია. თბილისის “დინამოში” ნამდვილად ვერ დააფასეს, ბათუმში გადასვლის შემდეგ კი ზოგიერთი ვეტერანი ფეხბურთელი მას ელიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. გამოირჩევა ძალიან ზუსტი დარტყმით, ფლანგზე ჰიპერაქტიული ჩართვებით და ჩემპიონატში საუკეთესო ჩამწოდებლად ითვლება. ზაფხულში მისით თურქული “ტრაბზონი” და “ბორდო” ინტერესდებოდნენ, თუმცა სეზონის ბოლომდე “დინამოში” დარჩება ამჯობინა და სწორადაც მოიქცა. დღეს ირაკლი 650 ათას ევროდ არის შეფასებული, თუმცა მისი რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია. აღსანიშნავია, რომ “დინამო თბილისმა” ის 1 წლის წინ 40 ათას ლარად გაასხვისა.

 

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სამი ბრაზილიელის ნატურალიზაციაზე მუშაობს

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო მატჩებამდე სამი უცხოელი ფეხბურთელის ნატურალიზაციას აპირებს. ეს ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა.

“ფედერაცია ნებისმიერი იმ ფეხბურთელით ინტერესდება, რომელსაც ნაკრებში თამაში შეუძლია. სამ პოზიციაზე ვმუშაობს, პროცესი მიმდინარეობს. საკითხის ფორმალურ მხარეზე ვმუშაობთ, ხოლო ნაკრებში გამოძახება-არგამოძახება მწვრთნელის გადასაწყვეტია”, – ციტირებს გრავინას კომენტარს “ტუტომერკატო”

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სამი ბრაზილიელი ფეხბურთელის ნატურალიზაციაზე მუშაობს: ლუის ფელიპე (მცველი; “ლაციო”), როჟერ იბანიესი (მცველი; “რომა”) და ჟოაო პედრო (ნახევარმცველი; “კალიარი”).

ოლივერ კანი: “ლევანდოვსკიზე მეტად “ოქროს ბურთს” არავინ იმსახურებს”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი ოლივერ კანი თვლის, რომ წელს “ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად ბავარიული გუნდის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

“რობერტს 41 გოლის გასატანად მხოლოდ 29 მატჩი დასჭირდა. ამ რეკორდს ვერავინ დაამხობს, თუ არ ჩავთვლით თავად ლევანდოვსკის. ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. იმედი ძალიან გამიცრუვდება, თუ “ოქროს ბურთს” ლევანდოვსკი არ მოიგებს. მასზე მეტად ამ ჯილდოს არავინ იმსახურებს”, – აღნიშნა კანმა.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 25 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. პოლონელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა მიჯრით მეცხრე მატჩში მოახერხა. ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ეს ორჯერ შეძლო.

ინფანტინო მუნდიალის ორ წელიწადში ჩატარებაზე: “იმედი და შესაძლებლობა დანარჩენებისთვის”

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეას ემხრობა. ამის შესახებ მან აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის კონგრესზე განაცხადა.

“ამ იდეის წინააღმდეგნი წამყვანი ნაკრებები არიან. ასე ხდება ნებისმიერ სფეროში: როდესაც პიკზე ხარ, რეფორმები და ცვლილებები არ გინდა. ზევით მყოფ ნაკრებებს არ სურთ რაიმეს შეცვლა, მათ ეშინიათ ლიდერის პოზიციების დაკარგვის. ისინი ყველასათვის მისაბაძნი არიან და ამ წარმატებისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებენ, თუმცა სხვებს კარი არ უნდა მივუხუროთ. დანარჩენებს იმედი და შესაძლებლობები უნდა მივცეთ”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს “როიტერსი”.

ფიფას პირველი პირი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება მსოფლიოს ელიტარული ფეხბურთის მიღმა დარჩენილ ქვეყნებს მეტ შესაძლებლობას გაუჩენს:

“ჩვენ მსოფლიო ფეხბურთს მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რათა აფრიკულმა ფეხბურთმა საერთაშორისო ასპარეზზე გაიბრწყინოს”.

მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეას უეფა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია, ინგლისის პრემიერლიგა და სხვა ორგანიზაციები ემხრობიან.

აგენტი: “ფანები ბეილს საშინლად ექცევიან, გარეტს უყვარს მადრიდი”

მადრიდის “რეალსა” და გარეტ ბეილს შორის არსებული ტოქსიკური ურთიერთობა კვლავაც გრძელდება. უელსელი ფეხბურთელის აგენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფანებსა და ბეილს შორის არსებულ ცუდ დამოკიდებუელბას.

“რეალის” გულშემატკივრები ბეილს საშინლად ექცევიან. ვნახოთ, დარჩება თუ არა ის “რეალში” მომდევნო სეზონშიც. ის აქ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, გარეტს უყვარს მადრიდი.

მას ძალიან არ უმართლებს ტრავმებთან დაკავშირებით. უელსის ნაკრებში აუცილებლად უნდა ეთამაშა – მუნდიალზე მონაწილეობა მისთვის უმნიშვნელოვანესია. ტრავმა ნებისმეირმა შეიძლება მიიღოს, მაგრამ ბეილი ზედმეტად უიღბლოა,” – განაცხადა ბარნეტმა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის უელსელმა “თეთრების” მაისურით მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“რივერ პლეიტი” არგენტინის ჩემპიონია

არგენტინის უმაღლესი ჩემპიონატის 22-ე ტურში “რივერ პლეიტმა” საკუთარ კედლებში “რასინგი” მიიღო. შეხვედრა არგენტინული გრანდის გამანადგურებელი გამარჯვებით (4:0) დასრულდა.

გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით აგუსტინ პალავესინო, ხულიან ალვარესი და ბრაიან რომერო გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა მეტოქის კარი მატჩის მეორე ტაიმში ორჯერ აიღო.

ამ გამარჯვებით “რივერ პლეიტმა” არგენტინის ჩემპიონის სტატუსი დროზე ადრე მოიპოვა. ჩემპიონი 22 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარ “დეფენსა ი ხუსტისიას” 12 ქულით უსწრებს.

ბუენოს-აირესული კლუბისთვის ეს რიგით 36-ე საჩემპიონო ტიტულია ისტორიაში და ამ მაჩვენებლით ეს კლუბი რეკორდსმენი გახლავთ. ტიტულების რაოდენობით მეორე პოზიციას ბოკა ხუნიორსი (28) იკავებს.

“ტოტენჰემი” ცხრა წლის წინ დაარსებულ კლუბთან დამარცხდა, რა თქვა კონტემ?

ევროპის კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” სლოვენიის ჩემპიონ “მურას” ეწვია სამი ქულის მოსაპოვებლად. თუცმა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც “სპურსის” ახალ თავკაც ანტონიო კონტეს ჰქონდა დაგეგმილი.

“ტოტენჰემი” დამარცხდა “მურასთან”, კლუბთან, რომელიც ცხრა წლის წინ დაარსდა. სლოვენიელებს ევროსარბიელზე აქამდე გამრჯვების გემო გასინჯული არც ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ “მურა” იმ ქალაქის ღირსებას იცავს, სადაც მხოლოდ 11 000 მაცხოვრებელია.

“ჩვენთვის ეს ძალიან ცუდი შედეგია. საშინლად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა დაგვჭირდებოდა. არამარტო ტექნიკური თვალსაზრისით ვიყავით დაბალ დონეზე, არამედ მენტალურადაც.

პროგრესისთვის მოთმინება დაგვჭირდება. კლუბში მოსვლიდან სამი კვირის შემდეგ უკვე ვაანალიზებ, თუ როგორია მდგომარეობა – დონე მაღალი არ არის,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

“მანჩესტერ იუნაიტედში” რანგნიკს ელიან, როგორია რალფის რეზიუმე?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სასურველ მწვრთნელთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ და იძულებულნი არიან, რომ სარეზერვო გეგმის მიხედვით იმოქმედონ. ბრიტანელები რალფ რანგნიკს ექვსთვიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

რალფ რანგნიკი გერმანიაში “პროფესორის” მეტსახელით არის ცნობილი და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის დონის მწვრთნელებს მისგან ძალიან ბევრი რამ აქვთ ნასწავლი.

რალფს კარიერის მანძილზე შემდეგ კლუბებში აქვს ნამუშევარი მთავარ მწვრთნელად: “ვიქტორია” (1983-85), “შტუტგარტ II” (85-87), “ლიპვოლდსვაილერი” (87-88), “კორბი” (89-90), “შტუტგარტ U19” (90-94), “როიტლინგენი” (95-96), “ულმი” (97-99), “შტუტგარტი” (99-2001), “ჰანოვერი” (2001-04), “შალკე” (2004-05), “ჰოფენჰაიმი” (2006-11), “შალკე” (2011), “ლაიფციგი” (2015-16, 2018-19).

აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული დროის მანძილზე რანგნიკი “რედ ბულის” მფლობელობაში მყოფ კლუბებში დირექტორის პოზიციაზეც მუშაობად. ბოლო დროს კი ის მოსკოვის “ლოკომოტივში” ცდიდა საკუთარ ძალებს.

რამდენი ტიტული აქვს მოგებული რალფ რანგნიკს? 1990-91 წლების სეზონში რალფმა 19-წლამდელთა ბუნდესლიგა მოიგო, 97-98 წლებში რეგიონალლიგა, 2001-02 წლებში მეორე ბუნდესლიგა, 2000 წელს – ინტერტოტოს თასი, 2004-05 წლებში ლიგაპოკალის მოგება იზეიმა, 2011 წელს კი გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო.

რალფი “გეგენპრესინგის” მიმდევარი გახლავთ, მსგავსად იურგენ კლოპისა. ასეთი სტილის ფეხბურთი მაღალი ინტენსივობის პრესინგს მოითხოვს, რათა ბურთი მალევე იქნას დაბრუნებული დაკარგვის შემთხვევაში.

ლაპორტა: “დარწმუნებული ვარ, რომ სასწაული მოხდება, “ბაიერნს” დავამარცხებთ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჩავი ერნანდესს სრულ ნდობას უცხადებს და სჯერა, რომ კატალონიურ კლუბს გერმანიაში “ბაიერნის” დამარცხება შეუძლია.

“ბაიერნის” დამარცხება ისეთი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ სასწაული მოხდება, ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩავი ძალიან მოტივირებული და ძლიერია. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად წაგვივა. ვფიქრობ, ჩავის მოსვლის შემდეგ მეტოქეები უფრო დიდ პატივისცემას იჩენენ ჩვენ მიმართ. მათ იციან, რომ გამარჯვება შეგვიძლია,” – აცხადებს ჩავი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასასვლელად “ბლაუგრანამ” გასვლაზე “ბაიერნს” უნდა მოუგოს, ან “ბენფიკამ” ვერ უნდა შეძლოს საშინაო არენაზე კიევის “დინამოს” დამარცხება.