კერიკმა “ვილიარეალთან” მოგება სულშერს მიუძღვნა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გასვლაზე “ვილიარეალი” დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მაიკლ კერიკმა ეს გამარჯვება ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა, რომელმაც გუნდის თავკაცის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

“ფეხბურთელებთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ბოლო დღეები კლუბის თითოეული წევრისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ საქმე გვქონდა გასაკეთებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული მატჩი გამოდგა.

ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით, ეს გამარჯვება ოლესთვის იყო, ამას გვერდს ვერ ავუვლით. ყველაფერთან ერთად, კარის მშრალად შენახვაც მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გულწრფელად გეტყვით, იმის იმედი ნამდვილად არ მქონია, რომ აქ მოვიდოდით და უბრალოდ ლამაზი ფეხბურთის თამაშით გავიმარჯვებდით. ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ,” – აცხადებს კერიკი.

ჩავი: “ბენფიკაზე” გაცილებით უკეთესები ვიყავით, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ”

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა, “ბენფიკასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “ბლაუგრანა” გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ინაღდებდა, თუმცა კატალონიელებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

“ბენფიკაზე” გაცილებით უკეთესები ვიყავით. დიდებული მატჩი ჩავატარეთ. ერთადერთი რაც ამ შეხვედრაში დაგვაკლდა, გოლი იყო. გოლი რომ გაგვეტანა, ბრწყინვალე თამაში იქნებოდა.

ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. ჩვენ “ბარსელონა” ვართ, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც გარდატეხის შეტანა შეუძლიათ. დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, რაც ამ კლუბს არ შეეფერება.

დღეს ვნახეთ, რომ ფიზიკურ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ თვითდაჯერებულობა უნდა შევიმუშავოთ. ვნახოთ, თუ რას მივაღწევთ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე,” – აცხადებს ჩავი.

ჟეზუში სეფეროვიჩის აცილებაზე: “30 წელია მწვრთნელი ვარ, ასეთი რამ არასდროს მინახავს”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ლისაბონის “ბენფიკა” “კამპ ნოუს” ეწვია. ფეხბურთის ექსპერტებმა ეს მატჩი ჯგუფის ფინალად მონათლეს, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაში თითქმის გადაწყვეტილი ხდებოდა, თუ რომელი გუნდი გადიოდა შემდეგ ეტაპზე.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა. შეხვედრის დამატებულ დროში “ბენფიკას” შემტევ ჰარის სეფეროვიჩს ბრწყინვალე საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა ცარიელ კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

“30 წელია მწვრთნელი ვარ, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მინახავს. საუბედუროდ, ასეთი რამ მოხდა და ჩვენ დაგვემართა.

გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა მეტოქის კართან. ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასვლის ოცნებას გვინარჩუნებს. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, ჩვენ კი შანსი გვაქვს.

სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ “ბარსელონას” ვუწევთ წინააღმდეგობას, გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის. ფანები ამით უნდა ამაყობდნენ,” – აცხადებს პორტუგალიური კლუბის თავკაცი.

სეფეროვიჩის საოცარი მომენტი “ბარსელონასთან” მატჩში, ბოლო წამებში (ვიდეო)

ტიაგო სილვას ბრწყინვალე მოქმედება “იუვენტუსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ილია კოკაია გარდაიცვალა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია 65 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

“კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიერმართება”, – ვკითხულობთ “მთავარი არხის” ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ილია კოკაიას მფლობელობაში, “ზესტაფონმა” საქართველოს ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ასევე, კლუბი ერთხელ დავით ყიფიანის თასის, ხოლო ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

რობერტ ლევანდოვსკიმ კიევის “დინამოს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

იბრაჰიმოვიჩი: “ასპილიკუეტას განზრახ ჩავარტყი, ახლაც იმავეს გავაკეთებდი”

“მილანისა” და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

“ესპანეთთან მატჩში სეზარ ასპილიკუეტას ჩავარტყი. ეს განზრახ გავაკეთე. ამის თქმის არ მრცხვენია, რადგან თავად ასპილიკუეტამ ჩვენი გუნდის ფეხბურთელს სულელური რამ გაუკეთა. სიმართლე გითხრათ, მე იმავეს ისევ გავაკეთებდი, რათა მისთვის შემეგნებინა, რომ ჩემს თანაგუნდელს ასე არ უნდა მოექცეს.

რა უნდა ეთქვა ასპილიკუეტას ჩემთვის? ის მე ვერაფერს მეტყოდა, მაგრამ ჩემს თანაგუნდელს ეტყოდა, რადგან ის ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი მხრიდან კარგი საქციელი არ ყოფილა, მაგრამ იმავეს ისევ გავაკეთებდი. მე ასეთი ვარ და ამის არ მრცხვენია”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა “გარდიანს”.

“თუ გაიტანს, ავჯანყდებით!” – რა მოხდა, როდესაც ჰიბერტმა კარიერაში ერთადერთი გოლი გაიტანა

ტონი ჰიბერტი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს 16 წელი მიუძღვნა. მან მოედანზე 328 მატჩი ჩაატარა, თუმცა მეტოქის კარის აღება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხა.

მართალია, ჰიბერტს გოლი ოფიციალურ მატჩში არ გაუტანია, თუმცა მისი გოლი საკმარისი იყო “გუდისონ პარკის” ფანების ბედნიერებისთვის. “კამფეტების” ფანები იმდენად ელოდნენ ჰიბერტის გოლს, რომ ერთ-ერთ ბანერზე ასეთი წარწერაც გააკეთეს – “თუ ჰიბო გაიტანს, ავჯანყდებით!”

მატჩის შემდეგ “გუდისონ პარკი” ასე გამოიყურებოდა:

ჩავი: “მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია”

კატალონიის “ბარსელონაში” მოხდა ის, რასაც “კულეები” ამდენი ხნის მანძილზე ელოდნენ – კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდი ჩავი ერნანდესს ჩააბარეს. კატალონიური კლუბის ლეგენდამ ახალ ამპლუაში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა (“ესპანიოლი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა).

“გვინდა, რომ ბურთს ჩვენ ვფლობდეთ, მეტოქეს მაღალი პრესინგი ვეთამაშოთ. როდესაც ბურთს დავკარგავთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ. როდესაც ბურთს შენ ფლობ, მოგების მეტი შანსი გაქვს.

მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ და მინდა, რომ ჩემპიონის მენტალიტეტი გამოვიმუშავოთ. ასეთი მენტალიტეტი უფრო მეტი მომენტის შექმნაში დაგვეხმარება.

ძალიან ბედნიერი ვარ “ბარსელონაში” დაბრუნებით, ეს საუკეთესო კლუბია. ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს უბრალოდ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს,” – აცხადებს ჩავი.

ვინ იყო საუკეთესო ფერგიუსონის შემდეგ?

ალექს სერ ფერგიუსონის დიდებული ეპოქის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდების დარბაზში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას კვლავ ვერ ახერხებს. “ოლდ ტრაფორდი” რამდენიმე დღის წინ კლუბის ლეგენდამ, ოლე გუნარ სულშერმა, არასახარბიელო შედეგების გამო დატოვა.

ESPN-მა ფერგიუსონის შემდეგ “ოლდ ტრაფორდელი” მწვრთნელების მუშაობა შეაფასა და დაადგინა, რომ მათ შორის ყველაზე წარმატებული ჟოზე მოურინიო იყო. პორტუგალიელი სპეციალისტი ამ დროისთვის “რომას” წვრთნის.

მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის დეკემბრამდე მუშაობდა. ფერგის წასვლის შემდეგ ყველაზე მეტი ტიტული სწორედ მან მოიგო (ლიგის თასი, ასოციაციის თასი, ევროპა ლიგა). ჩატარებული 144 მატჩიდან მოურინიოს “მანჩესტერმა” 84 მოიგო და 29 დათმო (მოგების პროცენტულობა: 58.33%). მისი მთავარი კოზირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლდათ, 2017-18 წლების სეზონში მან პრემიერ ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა.

რეიტინგში მეორე ადგილზე სულშერი გახლავთ (2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე). მან ჩატარებული 168 მატჩიდან 92 მოიგო, 41 კი დათმო (54.76% მოგების პროცენტულობა).

მისი საუკეთესო შენაძენი ბრუნო ფერნანდეში და კრიშტიანუ რონალდუ არიან, ყველაზე ცუდი კი – დონი ვან დე ბეეკი. 2020/21 წლების სეზონი პრემიერ ლიგაში მეორე პოზიციაზე დაიკავა, 2018/19 წლების სეზონი – მეექვსეზე.

ლუი ვან გაალი სიაში მესამე ადგილზეა (2014 წლის ივლისიდან 2016 წლის მაისამდე). ნიდერლანდელმა 103 მატჩი ჩაატარა ინგლისურ გრანდში, მოიგო 54 და დამარცხდა 25 თამაშში (52.43%). მან ასოციაციის თასი მოიგო.

ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დევიდ მოიესს ჰქონდა (2013 წლის ივლისი – 2014 წლის აპრილი). ჩატარებული 51 მატჩიდან მოიესმა 26 მოიგო (50.98%) და 15 წააგო.

არგენტინელი ექიმი: ფეხბურთის ლეგენდა გულის გარეშე დამარხეს

ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა, დიეგო მარადონა, 2020 წლის 25 ნოემბრის საღამოს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონა, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, კვლავაც კონტროვერსიული დავების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ.

დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ჯერ ისიც კი არაა ცნობილი, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

დანამდვილებიდ შესაძლებელია იმის თქმა, რომ დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს. ჟურნალისტი და ექიმი ნელსონ კასტრო ამ თემასთან დაკავშირებით ახალ საინტერესო დეტალს ამჟღავნებს.

“ამ ორგანიზაციის (Gimnasia La Plata barra bravas) თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი უნებართვოდ აპირებდა მარადონასთვის გულის ამოღებას. ამის შესახებ შევიტყვეთ და რადგან გული გამოძიებისა და კვლევების უმნიშვნელოვანეს საგანს წარმოადგენდა, ის საგულდაგულოდ შევინახეთ.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მარადონა გულის გარეშე დაიმარხა,” – აცხადებს კასტრო.

პრესაში ბატონობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არგენტინელ ლეგენდას თავადაც არ ჰქონდა გამოჯანმრთელების სურვილი. ამ აზრზს კასტროც უჭერს მხარს.

“საუბედუროდ, დიეგო მარადონა ადვილად ხდებოდა დამოკიდებული ყველაფრის მიმართ, რაც მას ანადგურებდა. მის ადგილას ბევრი გაცილებით უფრო ადრე გარდაიცვლებოდა. განსაკუთრებული იმუნიტეტი ჰქონდა და კიდევ ბევრს გადაიტანდა, მაგრამ მას თავად არ სურდა გამოჯანმრთელება,” – დაამატა კასტრომ.