პიკემ და გრიზმანმა პირველ გეი ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს: “ვამაყობ შენით!”

ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” ნახევარმცველმა, ჯოშუა კავალომ, დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის სექსუალური უმცირესობის ჯგუფს მიეკუთვნება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ჯოშუა ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ გეია.

ჯოშუას ამ ქამინგ-აუთს მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი, გამოეხმაურა – “ვამაყობ შენით!”.

რაც შეეხება ჟერარ პიკეს გამოხმაურებას, “ბარსელონას” მცველმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა – “არ მაქვს იმის სიამოვნება, რომ გიცნობდე, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადო ამ გადაგმული ნაბიჯისთვის. საფეხბურთო სამყარო ძალიან შორს არის და შენ წინსვლაში გვეხმარები.”

ფატის კვლავ პრობლემები აქვს, “რაიო ვალენკანოსთან” მისი თამაში გამორიცხულია

კატალონიური “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ანსუ ფატის კვლავ პრობლემები აქვს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მადრიდის “რეალთან” მატჩის შემდეგ ფატი მარჯვენა მუხლის არეში გრძნობს ტკივილსა და დისკომფორტს.

როგორც იცით, ესპანელი ტალანტი 2020 წლის ნოემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა და მხოლოდ ერთი თვის წინ დაუბრუნდა მოედანს. “ბარსელონაში” ფატიზე იმდენად დიდ იმედებს ამყარებენ, რომ სწორედ მას მისცეს მესის 10-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება.

“ბლაუგრანას” ცნობით, ანსუ ფატის თამაში “რაიო ვალენკანოსთან” გამორიცხულია და მხოლოდ სრული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება მისი დაბრუნების დრო ცნობილი.

იურგენ კლოპი “ბარსელონას” პრიორიტეტს წარმოადგენს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ იურგენ კლოპის გულის მოგებას. კატალონიური გამოცემა SPORT ირწმუნება, რომ “ბლაუგრანას” პრიორიტეტს სწორედ გერმანელი სპეციალისტის გადაბირება წარმოადგენს.

მთავარ პრობლემას იურგენ კლოპის ამჟამინდელი კონტრაქტი წარმოადგენს. “ენფილდელთა” ხელმძღვანელს კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს და “ლივერპულში” მისი დროზე ადრე გაშვების მიზეზს ვერ ხედავენ.

როგორც იცით, კლოპმა სახელი ისტორიული კლუბებისთვის ძველი დიდების დაბრუნებით გაითქვა. ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ 54 წლის სპეციალისტთან ერთად “ბარსელონას” აღორძინების პროექტის წარმატება გარდაუვალი იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებშიც სურს საკუთარი ძალების მოსინჯვა.

გნაბრი: “დემბელე მბაპეზე გაცილებით უკეთესია”

უსმან დემბელე გაცილებით უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე კილიან მბაპე. ამ განცხადებას სერჟ გნაბრი აკეთებს, რომელსაც ორივე ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გააჩნია.

Amazon-ის დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ტომას მიულერი, იოზუა კიმიხი და სერჟ გნაბრი ზემოხსენებულ ორ ფეხბურთელს აფასებენ. საუბარს სერჟ გნაბრი ხსნის – “დემბელე მბაპეზე გაცილებით უკეთესია.”

გნაბრის მიულერი პასუხობს – “რას გულისხმობ უკეთესში? დემბელესავით დრიბლინგი რომ შემეძლოს, მეც უკეთესი ვიქნებოდი.”

“არჩვანის გაკეთება დემბელესა და გნაბრის ან კუმანს შორის რომ მიწევდეს, ყოველთვის გნაბრის ან კუმანს ავირჩევდი. დემბელეზე ასე ლაპარაკი ნერვებს მიშლის,” – ამ დებატებში საბოლოო სიტყვა იოზუა კიმიხმა თქვა.

“პარი სენ-ჟერმენმა” კილიან მბაპეს შემცვლელს მიაკვლია

ავსტრიული “ზალცბურგის” თავდამსხმელ კარიმ ადეიემის ევროპულ გრანდებში ეპატიჟებიან. Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად ადეიემის სახით “პარი სენ-ჟერმენში” კილიან მბაპეს შემცვლელს ხედავენ.

19 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერით პარიზულ გრანდთან ერთად შემდეგი კლუბები ინტერესდებიან: მიუნხენის “ბაიერნი”, დორტმუნდის “ბორუსია”, მადრიდის “რეალი”, მადრიდის “ატლეტიკო”, მილანის “ინტერი” და “ლივერპული”.

ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, ზემოხსენებულ კლუბებს ზამთარშივე შეუძლიათ ადეიემის ტრანსფერის განხორციელება, თუმცა კარიმის დატოვება “ზალცბურგში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოუწევთ (არენდის წესით).

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ადეიემიმ 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.

წარმოუდგენელი ძალა – რა გააკეთეს ლევან საგინაშვილმა და ზირაქაშვილმა დუბაიში? (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელები – ლევან საგინაშვილი და ირაკლი ზირაქაშვილი დუბაიში იმყოფებიან, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფაუერლიფტერ ლარი ვილსთან ერთად ვარჯიშობენ.

ამერიკელმა სპორტსმენმა Youtube-ში, საკუთარ არხზე მათი მორიგი ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველები წარმოუდგენელ მონაცემებს ამჟღავნებენ.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე უხეში თამაში ფეხბურთის ისტორიაში? – რა გააკეთა ლიბიელმა მეკარემ (ვიდეო)

ფედერაციას კიდევ ერთი პროექტი – ახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძეზე

26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ.

სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა და ადგილზე არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამასთან ერთად ისინი საჩვენებელ ვარჯიშსაც დაესწრნენ, რომელშიც სამოყვარულო ფეხბურთის კლუბ “კვარტალის” ასაკობრივი გუნდის გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, პროექტ #WePlayStrong-ის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

💬 ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: “ბედნიერი ვარ, რადგან დედაქალაქ თბილისს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი სტადიონი შეემატა. აღნიშული ტერიტორია ჩვენ სულ რაღაც ორი წლის უკან გადმოგვეცა განსაზღვრული მიზნობრიობით. ამისთვის მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. მთლიანობაში არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა, ადგილზე გვაქვს ერთი სტანდარტული და ერთი მინი მოედანი, ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო ცენტრს სჭირდება.

აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი პირველ რიგში ბავშვთა, გოგონათა და მოყვარულთა ფეხბურთისთვის აშენდა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფიფას, სწორედ ფიფას ფორვარდის პროგრამის მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა აღნიშნული პროექტი.”

ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრის გახსნას ასევე ესრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და ბავშვთა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ადგილზე ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი მოედანი (7×7 ფეხბურთისთვის) მოეწყო, განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საფეხბურთო ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ოთახია განთავსებული.

სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

ბორდალასი: “მამარდაშვილი კარგია, მაგრამ…”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილის, სილესენისა და სხვა მეკარეების მდგომარეობაზე ისაუბრა.

“სილესენი კარგად მუშაობს, მაგრამ მე სხვა 3 მეკარეც მყავს. მზად ვარ თითოეულ მათგანს შანსი მივცე. მეკარეების მწვრთნელს მუდმივად ვესაუბრები. ყველა გაშვებულ გოლს მხოლოდ მეკარეებს ვერ დავაბრალებ. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი ძირითადს შეცდომების გამო არ ჩამოშორებია. მას ძალიან დიდი ემოციური ფონი ჰქონდა. გიორგი ძალიან ახალგაზრდაა, მისით კმაყოფილი ვართ, თუმცა ახლა სხვა გოლკიპერი ავარჩიეთ”, – განაცხადა ბორდალასმა.

მამარდაშვილმა “ვალენსიას” სასტარტოში ბოლოს “სევილიას” წინააღმდეგი ითამაშა, სადაც ბორდალასის შეფასებით, ბავშვური შეცდომები დაუშვა და მას შემდეგ კარში სილესენი დგას.

როგორ ხელმძღვანელობდა მოურინიო გუნდს გაძევების შემდეგ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (0:0) 82-ე წუთზე დედაქალაქელთა თავკაც ჟოზე მოურინიოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მწვრთნელის ტექნიკური ზონის დატოვება მოსთხოვეს. გაძევების მიუხედავად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის ხელმძრვანელობა განაგრძო, ეს კი სათადარიგოთა სკამის უკან, მოაჯირზე შემომდგარმა შეძლო. მოურინიომ აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა და წააწერა:

“როცა ბილეთი არ გაქვს და გაგიჟებით გინდა დიდი საფეხბურთო მატჩის ცქერა”.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jose Mourinho (@josemourinho)

“ლივერპული” ჯუდ ბელინგემის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას BILD ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ინგლისელი ტალანტის ტრანსფერით პირადად იურგენ კლოპია დაინტერესებული. გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ ბელინგემს წინ დიდი მომავალი აქვს და სურს რაც შეიძლება მალე გადაიბიროს საკუთარ გუნდში.

18 წლის ჯუდ ბელინგემს დორტმუნდელებთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. ბელინგემმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

ბელინგემი გერმანიაში 2020 წელს გადაბარგდა “ბირმინგემიდან” 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. ფეხბურთელის ფასმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოიმატა და “ბორუსია” მისგან 100 მილიონი ევროს მიღებას ცდილობს.

“ნიუკასლი” “ბარსელონას” ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

“ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი მესვეურები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე ხმაურიანი ტრანსფერების აუცილებლობას ხედავენ. კლუბის მილიარდელი მფლობელები ზამთარშივე აპირებენ ახალი პროექტისთვის საჭირო ფეხბურთელების მოყვანას.

“კაჭკაჭების” სატრანსფერო სიაში პირველ ადგილს “ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე, იკავებს. გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, დემბელეს გადაბირების სურვილს ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელების გამოთქვამენ.

დემბელემ “კამპ ნოუზე” გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო და მზადაა ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დემბელე არ არის “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც “ნიუკასლში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. დემბელეს ინგლისში, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიოც გაყვეს.