რომის პაპი მესის: “ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს”

რომის პაპმა, ფრანსისკემ, “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ ლეო მესის საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც იცით, რომის პაპი წარმოშობით არგენტინელია და ფეხბურთი ძალიან უყვარს.

“ძვირფასო მეგობარო, მადლობელი ვარ მაისურის გამოგზავნისთვის, შენი ერთგულებისა და უბრალოებისთვის. მადლობას გიხდი ურყევობისთვის. დარჩი ისეთად, როგორიც ახლა ხარ.

ღმერთმა დაგლოცოს, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. მოხარული ვარ, ამპარტავანი რომ არ ხარ,” – ვციტირებთ არგენტინელი ღვთისმსახურის სიტყვებს.

აჩი არველაძე: “ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს ისე, რომ პოლიტიკაში წავიდე”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ მისი პოლიტიკაში წასვლის შესახებ  დათო გორგილაძის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” ისაუბრა.

“როდესაც მე პოლიტიკურ მოედანზე შევალ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხაზს ვუსვამ 50%ს, ვხვდები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვა არ მოსწონთ. მე ამას ვერ გავცვლი. ღმერთმა არ დამაჭირვოს და არ გამაჭირვოს, რომ წავიდე პოლიტიკაში.

მე მქონია შემოთავაზება ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემ წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი, მას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ისეთი პარტიიდან მქონდა, მოვიგებდი უპრობლემოდ. მე ვერანაირად ვერ უნდა მოვუგო პოლიტიკური ბრძოლა თინას. მჯობიათ ათასი კილომეტრით, იმ ყველაფერში, რაშიც მჯობია და მე იმიტომ, რომ შემფუთონ და დამსვან ვიტრინაში, შემიძლია მოვიგო არჩევნები. მე ესეთი მიდგომა მაქვს. იგივე მიდგომა მაქვს თუ ვინმე ჩემ წინააღმდეგ მოდის ფეხბურთში”, – განაცხადა აჩიმ.

გავრცელებული ცნობით, აჩი არველაძე გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატად განიხილებოდა.

 

ალეგრი: “ინტერი” ჩემპიონობის ფავორიტია, მაგრამ მატჩი გადამწყვეტი არ იქნება”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სერის A-ს ეგიდით მილანის “ინტერთან” გასამართი დამდეგი მატჩის შესახებ ისაუბრა.

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება თამაშზე, რომელსაც ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მშვენიერი საღამო გამოვა, ჩვენთან ერთად იქნებიან ქომაგები. ეს იქნება ორი დიდებული გუნდის დაპირისპირება. ჩემი აზრით, “ინტერი” სკუდეტოს მოგების მთავარ ფავორიტად რჩება. მნიშვნელოვანი გამოცდა გველის, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი მატჩით სკუდეტოს იგებ ან აგებ”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

შეხვედრა “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის კვირას, 24 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გია ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა

“სამტრედია” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა.

ცეცაძე  8 თვის წინ დაბრუნდა და შეეცადა გუნდი ბოლო ადგილიდან ამოეყვანა, მაგრამ მაქსიმუმი მე-9 ადგილოსანთან 5 ქულით მიახლოება იყო.

ცეცაძემ კლუბში გიორგი არაბიძე მიიყვანა, რომელიც დღეს “სამტრედიას” ერთ-ერთი ლიდერია. სამტრედიაში დაბრუნდნენ გიორგი მჭედლიძე და ჯემალ გოგიაშვილი. მოვიდნენ ლუკა ასათიანი, კამლაძე, ენდელაძე, გიორგაძე და პრელჩეცი, თუმცა შედეგი არ ჩანს.

გამოცდილი თავკაცი 2016 წელს “სამტრედიასთან” ერთად ჩემპიონიც გახდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და “შუქურასთან” სხვაობა 9 ქულაა.

ქეცბაია: ‘ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთი თხოვნა და რჩევა მექნება’

კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

53 წლის სპეციალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, “საფეხბურთო ტაიმაუტში” ინტერვიუს დროს ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩია, რომ შრომა გააგრძელოს და საკუთარ თავზე იმუშაოს.

“ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უკეთესი დონის ჩემპიონატსა და კლუბში თამაშს იმსახურებს. თუმცა, თუ ვერ წახვედი უკეთეს კლუბში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. მათ უნდა გააგრძელონ შრომა, თამაში, ჯერ თავიანთ გუნდებში გამოიჩინონ თავი და შემდეგ საზღვარგარეთ კარი ღია იქნება.

მეც გავიგე, რომ ხვიჩათი ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ ის თამაშობს ყაზანის “რუბინში”, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს. ახლა ხვიჩაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ის, რომ წასვლის შანსი ჰქონდა, ვერ წავიდა ან არ გაუშვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა შეწყვიტოს. უნდა ითამაშოს და წასვლის დროც მოვა. ახალგაზრდა ბიჭია, მთელი კარიერა წინ აქვს.

ძაან მნიშვნელოვანია, იმ ხალხმა, ვინც ხვიჩას გვერდშია, აუხსნან, რომ ის დღეს “რუბინის” ფეხბურთელია და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დარიგებებს მისცემენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. ჩემი დარიგება ერთია – გააგრძელოს მუშაობა, თავის თავზე იმუშაოს, არა მარტო ვარჯიშზე, არამედ – ვარჯიშის შემდეგაც. დიდი პოტენციალი აქვს. გაბრაზება, რომ შანსი ჰქონდა და არ გაუშვეს, არც მას დაეხმარება და არც გუნდს. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. წინ ძალიან ბევრი წელი აქვს. ჩემი თხოვნაა, რომ გააგრძელოს ვარჯიში და ისე თამაში, როგორც შარშან თამაშობდა”, – განაცხადა ქეცბაიამ.

ტუხელი: “პსჟ-ში თავი სპორტის მინისტრი მეგონა”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ პსჟ-ში მუშაობა უფრო რთულია.

“ლუკაკუს მწვრთნელობა უფრო ადვილია, ვიდრე ნეიმარის ან მბაპეს. “ჩელსი” და “პარი სენ-ჟერმენი” ორი განსხვავებული კლუბია, საკუთარი სტილითა და ორგანიზაციით. პსჟ-ში თავი სპორტის მინისტრი მეგონა, რადგან გარდა ფეხბურთის ვარსკვლავებისა, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები უნდა მეკონტროლებინა. “ჩელსიში” მშვიდად ვმუშაობ”, – თქვა ტუხელმა Sportweek-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი პარიზულ კლუბში 2018-2020 წლებში მუშაობდა, 2021 წლიდან ის “ჩელსის” ჩაუდგა სათავეში.

ევრა: “რასიზმი განათლების თემაა. რასისტებს უნდა ვესაუბროთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ლუის სუარესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ფრანგი მცველის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“სუარესს საკმარისად კარგად არ ვიცნობ, რასისტი რომ ვუწოდო. ვიცი, რომ მან რასისტული გამონათქვამები გამოიყენა, მაგრამ 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხელი ჩამომართვა და მეც ჩამოვართვი. სიძულვილს გულში არასდროს ჩავიდებ.

თუ გინდათ რასისტად ყოფნა, ეს თქვენი არჩევანია. ნუთუ ეს გაგაბედნიერებთ?! რასისტების დადანაშაულების ნაცვლად მინდა, გავიგო, საიდან ჩნდება რასიზმი. რასისტად არავინ იბადება. ეს განათლების საკითხია. შესაძლოა, რასისტებმა ოდესღაც რაიმე სახის ტრავმა მიიღეს. ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ.

არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში წინ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს იმიტომ ხდება, რომ განათლება გვავიწყდება. ფეხბურთში ამგვარი ინციდენტები ყოველკვირეულად იზრდება. რასისტებს ვადანაშაულებთ და ალბათ, ისინი ამის გამო უფრო აგრესიულები ხდებიან. თუ რასისტი ხარ და გაგრიყავ, შენ არასოდეს შეიცვლები. ვიღაცამ უნდა სცადოს, გაიგოს, რატომ ხარ რასისტი”, – ციტირებს ევრას სიტყვებს Liverpool Echo.

ზვიად ლაზიშვილმა ორ დღეში 9 კილო დაიკლო – აწონვები, პირისპირ დგომი (ვიდეო)

ზვიად ლაზიშვილი 23 ოქტომბერს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. ქართველი მებრძოლი მექსიკელ ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ზვიადს ეს ბრძოლა ღონისძიებამდე სამი დღით ადრე ჩაენიშნა, რის გამოც მას ორი ურთულესი დღის გავლა მოუწია. მან ორ დღეში 9 კილო დაიკლო და წონა ჩააბარა.

ლაზიშვილი დღეს მეტოქის პირისპირაც წარსდგა.

სალაჰი: “ჩემ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ”

“ლივერპულის” ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, იურგენ კლოპის სიტყვებს გამოეხმაურა. გერმანელმა სპეციალისტმა მო სალაჰს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

“ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი “ლივერპულში” კარიერის ბოლო დღემდე, მაგრამ ამის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

ამ მომენტში ჩემთვის შეუძლებელია “ლივერპულის” წინააღმდეგ სხვა გუნდის მაისურით თამაშის წარმოდგენა. ამაზე ფიქრი არ მომწონს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

სასიამოვნოა, როცა ვინმე მსოფლიოს საუკეთესოდ მიგიჩნევს, მაგრამ ეს მხოლოდ მოსაზრებაა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ვარ. ამ აზრზს ზოგი დაეთანხმება, ზოგი კი არა.

არ მოგატყუებთ, ყოველთვის მქონდა იმის ამბიცია, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი. სწორედ ეს მაიძულებს დაუღალავად ვიშრომო. ჩემ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, გონებაში ასეა,” – აცხადებს სალაჰი.

ფანებმა “რომას” ფეხბურთელებს მაისურები არ გამოართვეს (ვიდეო)

ევროპის კონფერენს ლიგაზე “რომამ” გამანადგურებელი მარცხი განიცადა ნორვეგიულ “ბოდო გლიმტთან”. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ექვსი გოლი გაუშვა, მეტოქეს კი მხოლოდ ერთი გაუტანა.

ამ მარცხმა განსაკუთრებული გაღიზიანება და იმედგაცრუება გამოიწვია ნორვეგიაში გუნდის საქომაგოდ წასულ ფანებში. მატჩის შემდეგ ფანებმა “რომას” ფეხბურთელებისგან მაისურების მიღებაზე უარი განაცხადეს.

ერლინგ ჰოლანდი ტრავმირებულია

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ, პრესასთან საუბრისას ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდება, გუნდს უახლოეს მომავალში ერლინგ ჰოლანდი ვერ დაეხმარება.

“არმენიასთან” მატჩში ტომას მუნიე თამაშს ვერ შეძლებს. ნიკო შულცმა მუხლქვეშა მყესი დაიზიანა და ვერც ის დაგვეხმარება.

რაც შეეხება ერლინგ ჰოლანდს, მას ბარძაყის მომხრელი კუნთი აქვს დაზიანებული და მომდევნო კვირების მანძილზე რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს,” – განაცხადა როზემ.

21 წლის ნორვეგიელი ვარსკვლავი ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 6 მატჩში ჰოლანდის ანგარიშზე 9 გატანილი გოლი გახლავთ.

ანჩელოტიმ სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა

24 ოქტომბერს “კამპ ნოუ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” უმასპინძლებს. ლა ლიგის ყველაზე პრესტიჟულ დაპირისპირებამდე მადრიდის “რეალის” თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ, პრესკონფერენცია გამართა.

“ელ კლასიკო” განსაკუთრებული მატჩია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული საფეხბურთო დაპირისპირებები, მაგალითად “ინტერი” – “მილანი”, “ჩელსი” – “ტოტენჰემი”, “ბაიერნი” – “დორტმუნდი”.

“კლასიკო” ესპანეთში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ფანებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ეს ერთი რიგითი მატჩი არ არის. ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული სიმშვიდით და კონცენტრაციით ვემზადებით.

ძალიან მომწონს თითოეული ფეხბურთელის მიდგომა, მათი ბრძოლისუნარიანობა ყოველ ვარჯიშზე იგრძნობა. “შახტართან” ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ასეთივე შედეგის მოლოდინში ვართ.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაცვაში კარგი თამაში იქნება. ჩვენი თავისებურებებიდან გამომდინარე დაცვიდან შეტევაში გადასვლის ხარისხი გადამწყვეტი იქნება. კარგი დაცვა ყველაფრის გასაღები იქნება,” – აცხადებს ანჩელოტი.