კრიშტიანუ რონალდუს სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

ფეხბურთის პორტუგალიელმა ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ, ლუქსემბურგთან მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავისთვის ეს რიგით მეათე ჰეთ-ტრიკია სანაკრებო დონეზე.

კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში მატჩის მე-8 წუთზე გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. მე-13 წუთზე პორტუგალიელს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული. 87-ე წუთზე კი სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი გოლის გამტანმა ფეხბურთელმა მესამე გოლი შეუგდო ლუქსემბურგს.

36 წლის ფეხბურთელი მატჩის მიწურულს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლის გატანამდე იყო ძალიან ახლოს.

იხილეთ ვიდეო

სანიოლი: “სამი ქულა ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კოსოვოსთან გამარჯვების (1:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

არ ვთვლი, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერმა იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ეს არ არის კლუბი სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდს 4 ქულა აქვს ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს.

ოქრიაშვილი: “გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა კოსოვო სტუმრად 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ ოქრიაშვილმა გახსნა.

“მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება”, – ციტირებს 29 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Nakrebi.Ge.

შალანდი: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მატჩს წავაგებდით”

კოსოვოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ კოსოვო პრიშტინაში 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

“შედეგით იმედგაცრუებული ვარ, ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო. კარგად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში მეტოქეს ვჯობდით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ შეხვედრაში დავმარცხდებოდით, თუმცა ეს უნდა მივიღოთ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. გუნდმა მცდელობა არ დააკლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩემთვის ცხრილში დაკავებული ადგილი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. შეგვეძლო, ახლა მეტი ქულა გვქონოდა. მე მთავარი მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ ასეთ დროს შედეგია საჭირო, რომელიც არ გვაქვს. მომდევნო დღეებში ფედერაცია ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.

დათუნაშვილი: ‘გეგა გეგეშიძე სერბეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მივიდა და უთხრა…”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც იცით, 30 წლის სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ 87კგ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახელით, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2021 წელს ის ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

“მადლობას ვუხდი ყველა ქართველს, ვისაც ჩემი გამარჯვება გაუხარდა. როცა მეოთხედფინალში ლაშა გობაძეს შევხვდი, ჩემთვის ძალიან რთული იყო და ვფიქრობ, ლაშასთვისაც რთული იყო. ისე გამოვიდა, რომ გავიმარჯვე. რაღაცნაირად, ფსიქოლოგიურად, ვგრძნობდი, რომ მაღლა ვიყავი ყველაზე და გამარჯვებას მოვიპოვებდი. ეს აისახა კიდეც ჩემს ჭიდაობაზე.

ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ არ მაძლევდნენ საშუალებას ჩემი საქმე გამეგრძელებინა. მე ვითხოვდი თანასწორობას, ჯანსაღ კონკურენციას, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. ყველა პირობა შემიქმნეს, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ სერბეთს, რომელიც მენდო და შანსი მომცა. გულდასაწყვეტია, რომ საკუთარ ქვეყანას ტოვებ. როცა კვარცხლებზე ვიდექი, საქართველოს დროშა სერბეთის დროშაზე ქვემოთ იყო, რაც ჩემთვის რთულად აღსაქმელია, მაგრამ რა ვქნათ, ასე გამოვიდა.

ზოგი მწერს, რომ შენ საქმეს მიხედე და რაღაც სისულელეებს… ბევრს უხარია, მომილოცა და მადლობა ამისთვის. სერბები ძალიან გახარებულები არიან, მაფასებენ და თავს დაფასებულად ვგრძნობ. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტულ კარიერას ვეღარ გავაგრძელებ, წესები ამის საშუალებას არ იძლევა.

2020 წელს, ამ პრობლემების შემდეგ პირველად გამოვედი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით. წელიწადზე მეტი გამოტოვებული მქონდა და სამწუხაროდ, დავმარცხდი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან მივიდა და უთხრა, რომ ჩვენ ვიმეგობროთო, მაგრამ ხომ გითხარი ზურა ვეღარ იჭიდავებსო. შემდეგ, სერბეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეს ამბავი მე მითხრა. ეს ყველაფერი მოტივაციის წყაროდ ვაქციე. ერთ წელიწადში სამი დიდი მედალი ავიღე და მადლობა ღმერთს. რას ვეტყვი გეგა გეგეშიძეს? არაფერს, ჩემი საქმით ვამბობ სათქმელს”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურამ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. იგი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.

ალბანელმა ფანებმა პოლონელ ფეხბურთელებს ბოთლები დაუშინეს – მატჩი შეჩერდა (ვიდეო)

12 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პოლონეთი მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის 77-ე წუთზე სვიდერსკიმ მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ალბანელმა ფანებმა მოედანზე ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს. ამის გამო შეხვედრა 15 წუთით შეჩერდა, მოგვიანებით კი ისევ განახლდა.

“ამათი დედა #######!” – ოქრიაშვილი კოსოვოსთან პირველი ტაიმის შემდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

კოსოვოელმა ფანებმა საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა!

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 მატჩში ნორვეგია 1-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა. ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა კუთხურიდან გაიტანა.

9 ოქტომბერს კოსოვოს 1-0 მოვუგეთ, უელსთან კი ფრე ვითამაშეთ.

საქართველო 1-0 ნორვეგია

გოლი: მამაგეიშვილი 26

საქართველო: ხარატიშვილი – პირტახია, გაგნიძე (უგრეხელიძე 89), დუნდუა, ჩხეტიანი, ოთარ მამაგეიშვილი, სალუქვაძე, გეგუჩაძე (კეკელიძე 90), გიზო მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი 75), გვიშიანი, კვერნაძე (იობაშვილი 75)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრან სლემზე

16-17 ოქტომბერს ძიუდოში პარიზის გრან სლემი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 48 ქვეყნის 293 სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები პარიზის გრან სლემზე მხოლოდ ხუთი ძიუდოისტით წარსდგება, შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
-73კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ: ლუკა მაისურაძე;
-100კგ: ონისე სანებლიძე.

ვაჟა მარგველაშვილი -73კგ წონით კატეგორიაში ოფიციალურ შეჯიბრზე პირველად იასპარეზებს. როგორც ცნობილია, მან წონითი კატეგორია დროებით შეიცვალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ -66კგ-ში გამოვა.

“მილანის” ფანები ყოველთვის მეყვარება” – ჯანლუიჯი დონარუმას პასუხი (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანის” იმ ფანებს უპასუხა, რომლებიც მას “სან სიროზე” ესპანეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას უსტვენდნენ.

როგორც იცით, 22 წლის კარის დარაჯმა “როსონერი” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პარიზულ კლუბს შეუერთდა.

იტალიურ სატელევიზიო შოუში Le Iene-ში სტუმრობისას, დონარუმას ხელზე “მილანის” ლოგო დაახატეს, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა: “როცა პარიზში დაბრუნდები, ესტუმრები თუ არა ტატუ არტისტს და ამ ნახატს სამუდამო ტატუდ გადააქცევ?”

დონარუმა: “ვნახოთ, ვნახოთ… “მილანის” ფანები ყოველთვის მეყვარება. მე გულით ყოველთვის “როსონერო” ვიყავი. როცა სტვენა მესმის, ცოტათი იმედგაცრუებული ვრჩები. “მილანში” რვა წელი გავატარე და “სან სიროზე” დაბრუნება ემოციურია. მე აქ გავიზარდე და კლუბის ერთ-ერთ გულშემატკივრად ვრჩები. რვა წელს ასე მარტივად ვერ დაივიწყებ. იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესად დამხვდებიან.”