რატომ ჩაითვალა კილიან მბაპეს გადამწყვეტი გოლი?

10 ოქტომბერს ერთა ლიგის ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კილიან მბაპეს მიერ გატანილ გამარჯვების გოლს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

ესპანეთის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ უნდა ჩათვლილიყო. თუმცა, მსაჯის ახსნა-განმარტების მიხედვით ერიკ გარსიამ ბურთზე განზრახ თამაში სცადა, რაც თამაშგარეს გამორიცხავს.

მატჩის შემდეგ სადავო ეპიზოდი სერხიო ბუსკეტსმა შეაფასა – “მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისთვის ისე ჩანდა, თითქოს გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. მსაჯმა გვითხრა, რომ ერიკმა ბურთზე თამაში სცადა და ამიტომაც არ დაფიქსირდა თამაშგარე მდგომარეობა.”

მსაჯის გადაწყვეტილება ერიკ გარსიამაც გააკრიტიკა: “ასპროცენტიანი თამაშგარე იყო. მსაჯმა მითხრა, რომ ბურთზე თამაში ვცადე. რა უნდა მექნა? გავწეულიყავი და გამეტარებინა ?!”

საფრანგეთის ნაკრებმა მეხუთე დიდი ტიტული მოიგო

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშების გამარჯვებული გახდა. ნახევარფინალში ბელგიის ნაკრების ბარიერის დაძლევის შემდეგ დიდიე დეშამის შეგირდებმა ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს.

საფრანგეთის ნაკრები გახდა პირველი, რომელმაც სამი დიდი ტიტულის მოგება მოახერხა – მსოფლიო ჩემპიონატი (1998, 2018), ევროპის ჩემპიონატი (1984, 2000) და ერთა ლიგა (2021).

ასე რომ, საფრანგეთის ნაკრებს 5 დიდი ტურნირი აქვს მოგებული და აქედან ოთხის მოგებაში დიდიე დეშამს მიუძღვის წილი. 1984-98 წლების ტიტულები დეშამმა ფეხბურთელის რანგში მოიპოვა, ბოლო ორი კი – მწვრთნელის ამპლუაში.

ბრაზილიური რეგრესი – როგორი იყო ნეიმარის სტატისტიკა კოლუმბიასთან მატჩში?

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა კოლუმბიასთან უგოლო ფრე ითამაშა. მატჩის ერთ-ერთი ანტიგმირი ბრაზილიელთა ლიდერი ნეიმარ ჟუნიორი გახლდათ.

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა კოლუმბიასთან მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ დროის მანძილზე 15 არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც მისთვის ანტირეკორდია ბრაზილიის ნაკრებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზედიზედ მესამე მატჩია, რაც ნეიმარი ვერც გოლის გატანას და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთებას ვერ ახერხებს.

ნეიმარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს.

სერბეთის პრეზიდენტი: ‘დათუნაშვილმა მთელი ერი გაახარა!’

სერბეთის პრეზიდენტი ალეკსანდარ ვუჩიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, წარმოშობით ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 10 ოქტომბერს ოსლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 87კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის პრეზიდენტი ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

“ვულოცავ ჩვენს ზურაბ დათუნაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ოსლოში! ეს არის ჩვენი ნაკრების დიდი წარმატება, რომელმაც მთელი ერი გაახარა! სერბეთი ამაყობს ამ ოქროთი, ბრავო, ზურაბ! წინ კიდევ უფრო მეტი წარმატება და მედლები გელოდება!” – წერს ალეკსანდარ ვუჩიჩი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. მან საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. ზურა სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!” – დათუნაშვილი გამარჯვების შემდეგ (ფოტო)

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 87კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

გამარჯვების შემდეგ, დათუნაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება.

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!” – წერს სპორტსმენი.

მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო და კოსოვოსთან გამოირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება. 10 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ბაზაზე ივარჯიშა. ​საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ასევე გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში 11 ოქტომბერს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მატჩის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ეროვნული გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დანი ბლინდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” და სულშერი საჯაროდ გააკრიტიკა

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების ელჩმა, დანი ბლინდმა, საჯაროდ გააკრიტიკა “მანჩესტერ იუნაიტედი” და გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი.

“ტაქტიკური გეგმა არ არსებობს. მის გუნდს არ შეუძლია მეტოქეზე ზეწოლის გაზრდა ისე, როგორც “მანჩესტერ სიტის”. მათ თამაშში პრესინგის ნიშნები არ შეიმჩნევა. არ შეიძლება ყველაფერი ინდივიდუალურ თამაშზე იყოს აწყობილი.

რა თქმა უნდა, გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან და ხშირ შემთხვევებში ამის ხარჯზე შედეგიც იდება. თუმცა გუნდურად თამაში არ შეუძლიათ. “მანჩესტერ იუნაიტედს” დომინირება უჭირს, რაც მათი მთავარი პრობლემაა.

ვერ ვიტყვით, რომ “იუნაიტედში” მოსვლამდე სულშერს დიდებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. ის ჩემპიონი გახდა ნორვეგიაში, მაგრამ ეს სულ სხვა დონეა. მიზეზი, რის გამოც მას ამდენ დროს აძლევენ, ნათელია – ის ამ კლუბის ლეგენდაა.

რა არის ამ კლუბის განმასხვავებელი ნიშანი? რა არის მათი გეგმა? კრიშტიანუს ახლა უკვე ვეღარ შეცვლით. მას აქვს გამომუშავებული მიდგომა და სტილი, რომელსაც გუნდი უნდა მოერგოს,” – აცხადებს დანი ბლინდი.

ვან გაალი “ბარსელონაზე”: “როდესაც საქმე ცუდად მიდის, ყველაფერს უცხოელებს აბრალებენ”

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, “ბარსელონაში” არსებულ რთულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. ვან გაალი თვლის, რომ კატალონიელები ყველაფრის რონალდ კუმანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

“როდესაც ყველაფერი კარგადაა, ფრენკი დე იონგის მსგავსად ფეხბურთელები ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებენ, ყველა ჩუმად არის.

მაგრამ როდესაც საქმე ცუდად მიდის, ყველაფერს უცხოელებს აბრალებენ. ამ შემთხვევაში დამნაშავედ მხოლოდ მთავარი მწვრთნელი გამოყავთ,” – აცხადებს ლუი ვან გაალი.

“ბარსელონაში” მუშაობის პერიოდში თავად ვან გაალსაც ხშირად აკრიტიკებდნენ, ამიტომაც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისტორია მეორდება.

ფაბიანსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა – ემოციური კადრები პოლონეთიდან (ვიდეო)

9 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთამ საკუთარ მოედანზე სან მარინო მიიღო და მეტოქე 5:0 დაამარცხა.

პოლონელმა მეკარემ, ლუკაშ ფაბიანსკიმ 36 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან საკუთარი ქვეყნის პირველი გუნდის რიგებში 57-ე მატჩი ჩაატარა და გუშინდელ შეხვედრაშიც, სიმბოლურად, 57-ე წუთზე შეცვალეს.

ფაბიანსკიმ მოედნის დატოვებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

იხილეთ ვიდეო

“ბაიერნმა” “ბარსელონას” ფეხბურთელებს თვალი დაადგა

უცხოურ გამოცემებში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები აქტიურად აკვირდებიან “ბარსელონაში” მიმდინარე მოვლენებს.

როგორც იცით, კატალონიური გრანდი ფინანსურ კრიზისს განიცდის და პრობლემების გადასაჭრელად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდებათ. “რეკორდმაისტერის” მიზანი კი იულიან ნაგელსმანის გუნდის “ბარსელონელების” დამატებით გაძლიერებაა.

Diario Sport-ის ცნობით, “ბაიერნს” მარკ ანდრე ტერ შტეგენის, ფრენკი დე იონგის, სერჟინიო დესტისა და პედრის გადაბირება აქვთ გადაწყვეტილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” პედრის შენარჩუნების მიზნით მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ, სადაც ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო იქნება მითითებული.

“დაბადების დღეს გილოცავ, დედოფალო!” – ლაშა ბექაური დარია ბილოდიდს (ფოტო)

დღეს, 10 ოქტომბერს, უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი 21 წლის გახდა.

ახალგაზრდა სპორტსმენს დაბადების დღე ლაშა ბექაურმაც მიულოცა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “დაბადების დღეს გილოცავ, დედოფალო!”

შეგახსენებთ, რომ დარია ბილოდიდი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონია.

“ბარსელონა” პედრის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონს ასახელებს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს იმყოფებიან პედრისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანაში” სრულად აანალიზებენ იმ ფაქტს, რომ უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გაიზრდება და მის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაკეთებას გეგმავენ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ახალ ხელშეკრულებაში გაწერილი იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც პედრის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან კონტრაქტის ვადაზე. “ბარსელონას” ესპანელ ტალანტთან 5-წლიანი ხელშეკრულების დადება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელის წარმომადგენლები მოკლევადიან კონტრაქტს ითხოვენ.