“პარი სენ-ჟერმენის” დირექტორი “რეალისთვის” სანქციების დაწესებას ითხოვს

კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა გრძელდება. “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, პრესასთან “რეალისთვის” სანქციების დაწესების საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი.

“ყველამ იცის, რომ ჩვენ ერტი მიზანი გვაქვს – გვსურს, რომ მბაპემ “პარი სენ-ჟერმენსი” ითამაშოს. კილიან მბაპე ჩვენი კლუბის წარმომადგენელია, ის ნამდვილი მარგალიტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ვფიქრობ, “რეალი” სანქციების დაწესებას იმსახურებს, რამდენადაც ისინი მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან კილიანთან. კილიანი ჩვენი ფეხბურთელია და მასთან ჩვენთვის გვერდის ავლით ურთიერთობა დაშვებული არ არის,” – აცხადებს ლეონარდო.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “რეალმა” ფრანგულ გრანდს 180 მილიონი ევრო შესთავაზა მბაპეს ტრანსფერში, თუმცა უარი მიიღო.

ლევან კუტალია: “იქნებ მოვცეთ შანსი ისეთ ხალხს, რომლებიც თავს შეაკლავს და არ დაზოგავს”

ისრაელში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია, რომელიც ერთხელ ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა,  საბერძნეთთან 0-2 წაგებას გამოეხმაურა.

“პირველი იმით მინდა დავიწყო, რომ დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის.  ამ დღეს როცა თამაში გაქვს, თავი უნდა მოიკლა, რომ არ წააგო, კი არა უნდა მოიგო თამაში, რომ ხალხი მცირედით გაახარო. მეორე –  რამდენი წელია არ მოგვიგია თამაში არც გვახსოვს…  იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების ფორმა, რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს. ფეხბურთია, მესმის არ გამოგივიდეს თამაში, მაგრამ ბრძოლა, ჟინი უნდა გეტყობოდეს!”, – წერს კუტალია სოციალურ ქსელში.

კუტალიას გარდა 1 თვის წინ ნაკრებში შანსის მიცემაზე გიორგი გველესიანმაც დაწერა.

ლაშა ბექაური: “ამ ჟესტს გუშინ შემპირდა” (ფოტო, ვიდეო)

9 ოქტომბერს, ძიუდოში, იტალიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული -100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო პირველობის ფინალში სუხროვ რაჯაბოვი დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, სულამანიძემ კამერებს ჟესტით გული უჩვენა და როგორც გაირკვა, ეს ლაშა ბექაურისთვის იყო განკუთვნილი. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: “ეს გული ჩემთვისაა. ამ ჟესტს გუშინ შემპირდა, ფინალის შემდეგო და აასრულა.”

იხილეთ ვიდეო

ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება გაავრცელა.
“ბათუმში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. რთულია ამ დროს სიტყვები იპოვო.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამ საზარელი შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ქალაქ ბათუმსა და სრულიად საქართველოს!
დღეს ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი მცდელობით, მივაღწიეთ იმას, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, გამონაკლისის სახით, მატჩზე სტადიონის საერთო ტევადობის 33 პროცენტი დაუშვა, რაც ძალიან გვახარებდა. ფეხბურთისთვის გულშემატკივრის ძალა შეუცვლელია. სწორედ გულშემატკივრის ქომაგობაა ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ფეხბურთს ასულდგმულებს.
გუშინ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია გვქონდა ფიფასა და უეფასთან. მატჩის ორგანიზატორმა ფეხბურთის მსოფლიო და ევროპულმა ორგანიზაციებმა, ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს კი მატჩზე მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება მოუწია, რაც ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ძალიან მტკივნეულია.
ფეხბურთი არის სწორედ ის ძალა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა. თანაგრძნობის გამოხატვის ფორმა კი მაყურებლის პირადი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.
ჩვენ ეროვნულ ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ!”
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ოთარ კაკაბაძე: “მხოლოდ 1 ფეხბურთელი გვაკლია, ყველანი მონდომებული ვართ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

“გულისტკივილს გამოვთქვამ დღეს ბათუმში მომხდარი შემთხვევის გამო. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა.

რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, კარგად გვესმის, რომ ყველა ძალიან უკმაყოფილო იყო გასულ მატჩებში ნაჩვენები შედეგით. ვიცით, რომ მეტია საჭირო და ჩვენც გვსურს უკეთესად ვიასპარეზოთ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბევრი პრობლემა შეგვექმნა და ეს თამაშებზეც აისახა. ოქტომბერში ამ მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვაკლია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ფაქტი, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივრების თვალწინ ვითამაშებთ. აქედან გამომდინარე, ყველანი მოტივირებული და მონდომებული ვართ, გვსურს, რომ გასულ შეხვედრებში ნაჩვენები ცუდი შედეგი ხვალინდელი მატჩით გამოვასწოროთ”, – განაცხადა კაკაბაძემ.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვილი სანიოლი: “მსურს ვუთანაგრძნო ყველა ქართველს”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

ვილი სანიოლი: მძიმე ტრაგედია მოხდა ბათუმში. მსურს ვუთანაგრძნო ყველა ქართველს, ძალიან შეწუხებული ვარ მომხდარი ფაქტის გამო.

საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, ისინი 2004 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. რა თქმა უნდა, მათი რამდენიმე მოთამაშე დიდ კლუბებში თამაშობს. თუმცა ჩვენ მარტში დავამტკიცეთ, რომ როდესაც სრული კონცენტრაციით და დისციპლინით ვთამაშობთ ასეთი დონის გუნდებთან კარგი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. ხვალ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ისეთი მატჩს ველოდები, როგორც ეს სალონიკში იყო. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად უკეთესი შედეგის ჩვენებას შევძლებთ. ხვალინდელ შეხვედრაში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ვთვლი, რომ სამ ქულას პირველ მატჩშიც ვიმსახურებდით.

ოქტომბრის შეკრებაზე გამართული ვარჯიშებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი გაცილებით უკეთეს ფორმაში იმყოფება ვიდრე ეს სექტემბერში იყო. ამიტომ, ვთვლი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამართული 100 მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც ჯაბა კანკავასთვის ასევე მთლიანი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან იმისთვის, რომ ჯაბასთვის ასეთი განსაკუთრებული დღე მის კარიერაში ერთ-ერთი დაუვიწყარ მოგონებად აქციონ. ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, დიდი პატივია, რომ ასეთ დროს მის გვერდით ვარ. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ჯაბას დაუვიწყარ მეასე მატჩს ვაჩუქებთ.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია ვინ დაიწყებს საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩს ძირითად შემადგენლობაში. კარგად მესმის გულშემატკივართა მოლოდინი, რომელთაც ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას ერთად ხილვა სურთ მოედანზე. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტია. ტრავმების გამო მისი კარიერა ცოტათი შეჩერდა, მაგრამ ახლა ყველა გახარებული ვართ. რომ ის სათამაშო ფორმას იბრუნებს. ზუსტად არ ვიცით შეძლებს თუ არა გიორგი ორივე მატჩში 90 წუთი თამაშს, ამიტომ ეს საკითხი ერთად უნდა გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში კლუბშიც და ნაკრებშიც შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. ამიტომ კარგად მესმის, თუ როგორ ელოდება ხალხი მათ ერთად ხილვას მოედანზე. თუმცა მე, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, გუნდისთვის საუკეთესო ბალანსი უნდა ვიპოვო. თუ როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, ამას ხვალ იხილავთ, იმედი მაქვს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ ეროვნული გუნდისთვის სასიკეთო იქნება.”

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმი არენაზე შედგება. ეროვნული გუნდის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით​, ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება.

კვეკვესკირმა პოლონეთში 2 მანქანა დააზიანა

პოლონური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლეხის” ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთში ავტომობილით მოძრაობისას 2 მანქანა დააზიანა. ავტომობილს კვეკვესკირი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მანქანამ გზა ფეხით მოსიარულეს დაუთმო, შემდეგ მომდევნო მანქანაც გაჩერდა, თუმცა ქართველმა დამუხურუჭება ვეღარ მოასწრო.

ალკოტესტზე შემოწმებისას ნიკას დაშვებულზე მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, რის გამოც, ის ინციდენტში გაამტყუნეს.

შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. დღეს კვევე, შესაძლოა, საბერძნეთის წინააღმდეგ ძირითადში ვიხილოთ.

 

კურიოზი: როგორი გოლი გაუშვა უელსის ნაკრების მეკარემ ჩეხეთთან მატჩში (ვიდეო)

აზარი მბაპეს: “Hala Madrid!” (ვიდეო)

7 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია 3:2 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში კამერებმა დააფიქსირეს ედენ აზარი, რომელიც მბაპესთან მივიდა და უთხრა: “Hala Madrid!”

როგორც იცით, მბაპეს “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობენ. ის “სამეფო კლუბში” გადასვლასთან გასულ ზაფხულსაც ძალიან ახლოს იყო.

რა ხდებოდა პარაგვაი – არგენტინის მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე? (ფოტო, ვიდეო)

8 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრები სტუმრად პარაგვაის დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ადგილობრივი გულშემატკივრები შეიჭრნენ, რომელთა მთავარი მიზანი ლიონელ მესისთან მიახლოება და მასთან ფოტოების გადაღება იყო.

ლუკაკუმ საფრანგეთს ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ნიუკასლი” გაიყიდა. კლუბი ყველაზე მდიდარი მფლობელის ხელშია

ინგლისური საფეხბურთო კლუბი “ნიუკასლ იუნაიტედი” საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა. შესყიდვის ღირებულებამ 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

“კაჭკაჭებს” 14 წლის განმავლობაში ინგლისელი მილიარდერი მაიკ ეშლი ედგა სათავეში.

თავდაპირველად პრემიერლიგამ ეშლისა და არაბებს შორის გაფორმებული გარიგების დადასტურებაზე უარი განაცხადა, თუმცა დროთა განმავლობაში პოტენციური მყიდველი არაერთ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა, მათ შორის ყატარის ტელეარხ beIN Sports-თან ურთიერთობის დათბობაზე.

საბოლოო ჯამში, გარიგება დადასტურდა, რის შემდეგაც საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა კლუბის აქციათა 80 პროცენტზე მიიღო კონტროლი. ათ პროცენტს ინგლისელი ბიზნესმენი ძმები დევიდ და საიმონ რუბენები განკარგავენ, დარჩენილი ათი პროცენტი კი ბრიტანელი ბიზნესმენის ამანდა სტეივლის მფლობელობაშია.

“ნიუკასლის” არაბი მფლობელის ქონება 320 მილიარდი ფუნტი სტერლინგით არის შეფასებული. “დეილი მეილის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბების მეპატრონეებს შორის ყველაზე მდიდარი სწორედ “ნიუკასლის” ახალი მფლობელია.