“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეულ სტილში მორიგი განცხადება გააკეთა.
“ჩემს ჯილდოებს “ოქროს ბურთი” აკლია? არა, “ოქროს ბურთს” ვაკლივარ მე”, – თქვა შვედმა ფეხბურთელმა “ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
იბრაჰიმოვიჩს საკუთარი თავის შედარება კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისთანაც სთხოვეს.
“თუ პიროვნულ თვისებებზე ვსაუბრობთ, რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან. თუ ტიტულებს გადახედავთ, კი ბატონო, ჩემპიონთა ლიგა არ მაქვს მოგებული. არ ვიცი, რომელი კრიტერიუმებით წყვეტენ “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის ვინაობას. როდესაც გუნდურად აკეთებ რაიმეს კარგს, ეს ინდივიდუალურად კარგ თამაშსაც ნიშნავს. ცალკეული ფეხბურთელი ვერ იქნება კარგი, თუ მთლიანად გუნდი არ არის კარგი. მე მართლა ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. მოთამაშეების ერთმანეთთან შედარება მიზანშეწონილი არ არის.
ყველა ფეხბურთელი თავის თაობაში თამაშობს, ყველას სხვადასხვა თანაგუნდელი ჰყავს. რთულია შედარება, ყველას თავისი ისტორია აქვს”, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.