საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კოსოვოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელებისთვის ისე მოთამაშეებისთვის ცარიელ სტადიონზე თამაში არც თუ კომფორტულია. ეს სპორტი ყველას გულშემატკივრებთან ერთად გვიყვარს. სამწუხაროდ, ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული რეგულაციების დაცვა გვიწევს და ამას პატივი უნდა ვცეთ.
რაც შეეხება, კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს, ჩვენ ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ, რომ ამ მომენტში სრული კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ესპანეთზე ბევრი არ ვიფიქროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
კოსოვოს ნაკრების ბევრი მოთამაშე კარგ გუნდებში და კარგ ლიგებში თამაშობს. რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩი გვექნება, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება, ასი პროცენტით დავიხარჯებით და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია.
მამარდაშვილის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი იყო. გიორგი 20 წლისაა, მას ბევრი მიმართულებით სჭირდება განვითარება და ამასთან ერთად მან გამოცდილება უნდა დააგროვოს. ვალენსია შესანიშნავი გუნდია და ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მეკარე ასეთ დიდ კლუბში თამაშობს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ საფეხბურთო სამყაროს ვუჩვენოთ, თუ როგორი მეკარებიის აღზრდა შეგვიძლია საქართველოში.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ლორია ჩემთვის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა და ეს ასეა მას შემდეგ, რაც მარტში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე. ამ დროიდან მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემთვის არ არსებობს მიზეზი, რომ ეს მოცემულობა შევცვალო. რა თქმა უნდა, თუ მამარდაშვილი ვალენსიაში თამაშს ასეთ დონეზე გააგრძელებს, ეს გუნდს უფრო მეტ კონკურენციას შესძენს, რაც განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ლაზარე კუპატაძე, ჩვენ მას რუმინეთის წინააღმდეგ შანსი მივეცით და მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ამიტომ ჩვენ არ გვყავს, მხოლოდ ლორია და მამარდაშვილი, ამ გუნდის წევრები ასევე არიან კუპატაძე და მაკარიძე, რომლებიც ძალიან კარგი მეკარეები არიან. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ პოზიციაზე არსებული სიტუაციით ძალიან ბედნიერი ვარ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ბოლო პერიოდში ის ტრავმირებულია და საკუთარ კლუბში რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ჩვენ ის სანაკრებო სიაში შევიყვანეთ, რადგან იმედი გვქონდა, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ვუსურვებ, რომ მალე დაბრუნდეს და ოქტომბერში დაგვეხმაროს. იმიტომ რომ, ხვიჩა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩემი საქმეა, რომ ვკონცენტრირდე იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ფორმაში არიან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებიან.
გურამ კაშიამ, დავით ხოჭოლავამ და ოთარ კიტეიშვილმა გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს, რადგან ეს ფეხბურთელები კლუბებში ძალიან ბევრს თამაშობენ. როდესაც ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოდიან ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა შევთავაზოთ. სეზონის დაწყებიდან დღემდე კაშიამ და ხოჭოლავამ დაახლეობით ათი თამაში ითამაშეს რაც ჩემი აზრით საკმაოდ ბევრია. ისინი გუნდს გუშინ შემოუერთდნენ და მნიშვნელოვანი იყო, რომ მათთვის დასვენების საშუალება მიგვეცა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში ისინი ჩვეულებრივ ჩაერთვებიან და ხვალისთვის სათამაშოდ მზად იქნებიან.
ჩაკვეტაძე საკუთარ კლუბში ბევრს არ თამაშობს, თუმცა მთავარია, რომ მას საფეხბურთო მოედანზე ვხედავთ, ის კარგ გზაზე დგას და ფორმაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება. ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაკვეტაძემ იგრძნოს რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ჩვენთვის. სწორედ ამიტომ გამოვიძახე იგი ამ შეკრებაზე, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით მზად არ არის და არავის სურს გიორგი წნეხში მოაქციოს. ჩვენი მიზანია, რომ იგი ბედნიერი იყოს და თავი ჯანმრთელად იგრძნოს.
ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი წიტაიშვილიმა წინა სასეზონო მზადება კიევის დინამოსთან ერთად გაიარა და ამ გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა. ამის შემდეგ იგი ახალ კლუბში გადავიდა, სადაც მეტი სათამაშო დრო ეძლევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა მის გამოსაძახებლად ძალიან კარგი დრო იყო. წიტაიშვილი ჩვენი სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებული სტილის მოთამაშეა, რაც მთავარია ის მარცხენა ფეხით თამაშობს და ეს ბალანსის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საქართველოში ძალიან კარგი თაობა მოდის, ფედერაცია ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს. იმიტომ, რომ ჩვენ სახეზე გვყავს ისეთი მოთამაშეები როგორებიც კვარაცხელია, დავითაშვილი, აზაროვი, მამარდაშვილი და სხვები არიან. ვთვლი, რომ ოთარ კიტეიშვილიც ახალგაზრდა ტალანტია და ადრე თუ გვიან ტოპ-ლიგაში ითამაშებს. ეს ფაქტი მთლიანად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.GE.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის დაპირისპირება 2 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია