გენო პეტრიაშვილი: “მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

“გამარჯობა ყველას. მე მინდა მადლობა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე, მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის, ამიტომ გული მწყდება, რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ რომ გამოვასწორო. მალე შევხვდებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილი 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში გაბლ სტივსონთან ბოლო წამებში დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

არჩილ ბერიძე: “დინამო ბათუმი” განვითარების სწორ გზაზე დგას!”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე “სივასპორთან” დამატებით დროში წაგების შემდეგ განცხადება გაავრცელა.

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებისთვის და ღირსეული თამაშისთვის, ასევე ყველას ვინც გვქომაგობდა და ჩვენს ემოციებს იზიარებდა

დინამო ბათუმი განვითარების სწორ გზაზე დგას და მჯერა, რომ მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!”, – ამბობს ბერიძე.
“დინამომ” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ 111-ე წუთზე დასანანი გოლი გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა. საუცხოოდ ითამაშეს ჩაბრაძემ და ალთუნაშვილმა.

აჩი არველაძე: “მერი არ ვარ მე? რასაც მინდა ვსვამ, რასაც მინდა ვჭამ”

არჩილ არველაძემ თბილისში გახარიას პარტიიდან მის მერობის კანდიდატად დასახელებაზე უცნობის ეთერში ისაუბრა.

“არანაირი შეთავაზების მსგავსი არ ყოფილა. გახარიას შემთხვევით შევხვდით გურიაში, მერიაში რაღაც საქმე გვქონდა. დაინტერესდა, რატომ ვიყავით გურიაში, ვუთხარით, რომ მოცვის პლანტაციები გვქონდა ოზურგეთში და ძაან მინდა ნახვაო. წარმოგიდგენია, ყოფილი პრემიერ მინისტრი არ იყოს რაღაც დონეზე, ვიღაცისთვის პატივსაცემი, ვიღაცისთვის ნაკლებად, ვიღაცისთვის ძალიან პატივსაცემი, გეუბნება მაჩვენე რას აკეთებთო და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით თქო. ვაჩვენეთ, შემეკითხა რაღაცას, მერე მე შევეკითხე და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მანამდე პირადად არ ვიცნობდით. სოციალურ ქსელში ფოტოებიც გავრცელდა და როგორც ჩვევიათ, პირდაპირ მერად გამაქანეს. მერი არ ვარ მე? რასაც მინდა ვჭამ, როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები, რასაც მინდა ვსვამ, სადაც მინდა მივდივარ, სადაც მინდა მოვდივარ. გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა 1-ის გამოკლებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო. არც მანამდე მნდომებია და არც ახლა მინდა პოლიტიკაში. როგორ შეიძლება მინდოდეს, როცა ასე ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, როგორ შეიძლება მინდოდეს?”, – თქვა აჩიმ, რითაც საბოლოოდ გამორიცხა მისი მერის კანდიდატად დასახელება.

თბილისის მერობისთვის მოქმედი მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე იბრძოლებს.

ჩაკვე 312 დღის შემდეგ დაბრუნდა და სამჯერ ფეხებში ჩარტყმით გააჩერეს

გიორგი ჩაკვეტაძემ ზუსტად 312 დღის შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბელგიური “გენტი” ლატვიურ “რფს”-ს დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა.

ჩაკვე მოედანზე 63-ე წუთზე შემოვიდა და 1 კარში დარტყმა ჰქონდა. გიორგი საკმაოდ ფრთხილად თამაშობდა, თუმცა ყველა მოტყუებაზე წასვლის დროს მისი შეჩერება მხოლოდ ჯარიმის აღებით და ფეხებში ჩარტყმით შეძლეს.

“გენტი” კონფერენს ლიგის პლეი-ოფში პოლონურ “რაკოვს” ეთამაშება, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” გამოაგდო. კვარა 106-ე წუთზე შეცვალეს და 1 წუთში “რუბინმა” გოლი გაუშვა.

გიორგი ფანცულაიას გოლი “სივასპორის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ზურაბ დათუნაშვილი: “ყოველთვის ვგრძნობდი საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც იცით, 30 წლის სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის. ჩემს ოლიმპიურ მედალში თითოეულ იმ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი, ვისაც ჩემი სჯეროდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. მართალია, მე დღესდღეობით სერბეთში ვმოღვაწეობ და ჩემი მედალიც ამ ქვეყანასა და ხალხს ეკუთვნის, მაგრამ აქაც საქართველოს წარმოვადგენ, ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ. შესაბამისად, მქონდა ორი ერისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ მომეპოვებინა მედალი და მიხარია, რომ იმედები გავამართლე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სერბეთსა და სერბ ხალხს, რადგან მათ ჩემთვის ყველაზე რთულ დროს მიმიღეს, მენდნენ მაშინ, როდესაც ბევრს ეჭვი შეეპარებოდა, მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. სწორედ მათი წყალობით შევძელი ჩემი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და იმ მიზნის მიღწევა, რასაც ოლიმპიური მედალი ჰქვია.

რიოს თამაშების შემდეგ დაწყებული ეს ოლიმპიური ციკლი ჩემთვის ძალიან პრობლემური აღმოჩნდა. ჯერ 2017 წელს მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა კვლავ სპორტში ყოფნას. შემდეგ კი უკვე პრობლემები ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყო. იმის გამო, რომ მწვრთნელების უსამართლო გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე, საბოლოოდ თავად გავხდი დევნისა და ჩაგვრის ობიექტი, რის გამოც ვეღარც ვვარჯიშობდი და ვერც ტურნირებზე დავდიოდი. საბოლოოდ კი ეს პრობლემები იმით დასრულდა, რომ იძულებული გავხდი ქვეყნიდან წავსულიყავი. ასეთი პრობლემების ფონზე, ბუნებრივია, კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ შედეგის, რომელსაც ტოკიოში მივაღწიე.

ოქროსთვის პარიზში ვიბრძოლებ! მადლობა კიდევ ერთხელ ყველას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მესის პარიზში გადასვლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ნეიმარს, პარედესსა და დი მარიას ჰქონდათ.

“ყველაფერი მამაჩემისა და ლეონარდოს [“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი] მოლაპარაკებებით დაიწყო. ნეიმარმა ამის შესახებ უკვე იცოდა, რამდენადაც მე მასთან ყველა დეტალზე ვსაუბრობდი.

ტრანსფერის შესახებ დი მარიასა და პარედესსაც ვაწვდიდი ინფორმაციას. მათ იცოდნენ, რომ პარიზში გადასვლით ვიყავი დაინტერესებული და ხშირად გვქონდა კავშირი, რათა მდგომარეობა გადაემოწმებინათ,” – აცხადებს ლეო მესი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა “პარი სენ-ჟერმენთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ დროის მანძილზე კლუბისგან ხელფასის სახით 120 მილიონ ევროს მიიღებს.

ნორვეგიული კლუბის ფეხბურთელებმა სტადიონზე ორგია გამართეს

გამოცემა Bergens Tidende-ს ცნობით, ნორვეგიული საფეხბურთო კლუბ “ბრანის” ფეხბურთელებმა კლუბის საშინაო სტადიონზე ორგია გამართეს.

წყაროს თანახმად, გუნდური ვახშმის შემდეგ ფეხბურთელები 20-დან 22 წლამდე ასაკის ოთხ გოგოსთან ერთად კლუბის სტადიონისკენ გაემართნენ. ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, რომ მოთამაშეებმა მინდორზე ხუთ საათზე მეტი დაჰყვეს, რა დროის განმავლობაში სქესობრივი აქტითაც დაკავდნენ. გარდა ამისა, ფეხბურთელები მოედანზე შიშვლები დარბოდნენ და ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ.

“ამ 12 ადამიანის განაჩენი მაქსიმალურად მკაცრი იქნება. მიიღებენ თუ არა ისინი კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობას? მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღება გვმართებს”, – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯიმი იაკობსენმა.

15 აგვისტოს “ბრანი” ნორვეგიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე “სანეფიორდს” მიიღებს.

“მანჩესტერ სიტი” კეინის ტრანსფერისთვის სოლიდურ თანხას ამზადებს

“მანჩესტერ სიტი” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” ჰარი კეინის გადმობირების მცდელობას აგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ “ქალაქელები” “დეზებს” 28 წლის ინგლისელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევრო შესთავაზებენ, თუმცა ლონდონელებს კეინის გაყიდვა არ სურთ. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.

2 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰარი კეინმა “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას გუნდის დატოვებისა და კარიერის “მანჩესტერ სიტიში” გაგრძელების სურვილი გაუმხილა.

ჰარი კეინმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ინგლისელი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულებას 120 მილიონ ევროდ აფასებს.

გაბლ სტივსონი: “გენო პეტრიაშვილი კედლებს მუშტებს ურტყამდა და ყვიროდა”

აშშ-ის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების წევრმა, გაბლ სტივსონმა ოლიმპიური თამაშების ფინალზე რამდენიმე გადაცემაში კომენტარი გააკეთა.

21 წლის მოჭიდავემ Pardon My Take-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ფინალის დასრულების შემდეგ:

“გენო პეტრიაშვილი ძალიან გულგატეხილი იყო, გასახდელში ყველაფერს ისროდა, კედლებს მუშტებს ურტყამდა და ყვიროდა. თუმცა, ჭიდაობა ასეთი სპორტია. ის მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობდა იმისათვის, რომ ოლიმპიური თამაშები მოეგო, მეც ამისთვის ვშრომობდი. არ მინდოდა, რომ წამეგო”, – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

სტივსონმა MMAFighting-თან თქვა, რომ ტოკიოში ის მხოლოდ ოქროს მედლისთვის იყო ჩასული: “ტოკიოში სამი კვირა იმისთვის გავატარე, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა და არა ვერცხლის.”

შეგახსენებთ, რომ გენომ სტივსონთან ფინალური ორთაბრძოლა ბოლო წამებზე დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფიფიამ “დინამოში” რეორგანიზაცია გამოაცხადა

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“დინამო თბილისში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის მიზეზი – კლუბის განვითარებისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და საკადრო პოლიტიკის შეცვლაა.

კლუბის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია მოხდეს დინამო თბილისის მენეჯმენტისა და საკვანძო პოზიციების ოპტიმიზაცია.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, დინამო თბილისის მართვას დირექტორთა საბჭო
(ე.წ. ბორდი) განახორციელებს, სპორტის მიმართულებას კი ახალი სპორტული დირექტორი ჩაიბარებს, რომლის ფუნქცია-მოვალეობებში მთავარი გუნდის დაკომპლექტებისა და შედეგების გაუმჯობესების გარდა, აკადემიაში განსახორციელებელი ცვლილებებისა და სტრუქტურის ფორმირება იქნება.

დინამო თბილისის სტრუქტურაში გაჩნდება ახალი – ბიზნეს მიმართულება, რომლის მიზანი კლუბის ფინანსური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის მართვის, სპონსორებთან ურთიერთობის, მარკეტინგული პროექტების, შიდა და საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა იქნება.

დინამო თბილისის ბორდი კონკრეტულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი ადამიანებით დაკომპლექტდება. შესაბამისად, ბორდის წევრ მენეჯერებს კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანებზე დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.

„ვმუშაობთ სწორ მოედელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს დინამო თბილისის სტრუქტურა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე უფრო სწორი დროა მოხდეს კლუბის სტრუქტურული და ორგანიზაციული ფორმირება. ეს დინამოს საშუალებას მისცემს, თანამედროვე, ფინანსურად ძლიერ და შედეგზე ორიენტირებულ კლუბად ჩამოყალიბდეს“, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.

დინამო თბილისის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კლუბის სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, რის საფუძველზეც მოხდება ახალი სტრუქტურის დამტკიცება.

საკადრო ცვლილებებისა და სტრუქტურული გადაადგილებების შესახებ, რომან ფიფია პრესკონფერენციას სექტემბრის პირველ კვირაში გამართავს, სადაც მედიასა და გულშემატკივარს კლუბის ხელმძღვანელობას წარუდგენს”, – წერია “დინამოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მოსალოდნელია, რომ კახა ცხადაძე სამწვრთნელო პოსტს შეინარჩუნებს. ცოტა ხნის წინ სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე “ქართულმა ოცნებამ” ცაგერის მერობის კანდიდატად დაასახელა.