გადასახადების დამალვაში ბრალდებულმა ანჩელოტიმ ბრალი ნაწილობრივ აღიარა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი პარასკევს მადრიდის სასამართლოს წინაშე 2014 და 2015 წლებში საგადასახადო დანაშაულების ბრალდებით წარსდგა.

62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი და თქვა, რომ კონსულტანტებმა მას არასწორი რჩევა მისცეს. როგორც ირკვევა, ანჩელოტიმ ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტს 1 062 079 ევრო არ გადაუხადა. მწვრთნელმა სასამართლო პროცესზე აღნიშნული თანხის გადახდის პირობა დადო.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ანჩელოტიმ არც საიმიჯო უფლებებიდან გამომუშავებული თანხა ასახა დეკლარაციაში.

“ლაციოს” ფეხბურთელები ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ

შაბათს, რომის “ლაციო” მთელი გუნდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპირებს, თუმცა, როგორც გამოცემა “ლა რეპუბლიკა” იუწყება, ოთხი-ხუთი ფეხბურთელი აცრის გაკეთებაზე უარს აცხადებს. მათი ვინაობა არ სახელდება.

მათ გადარწმუნებას კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი და სამედიცინო შტაბის წევრები ცდილობენ.

ვაქცინის გაკეთებაზე უარი სერია A-ს სხვა კლუბების – “უდინეზეს”, “სპეციასა” და “ემპოლის” რამდენიმე ფეხბურთელმაც თქვა.

სიგიჟე – რა გაუკეთეს კევინ დურანტს ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე? (ვიდეო)

23 ივლიის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმაც მიიღო.

შუა ღონისძიების დროს, რამდენიმე ამერიკელმა კალათბურთელმა გადაწყვიტა თანაგუნდელ კევინ დურანტს გახუმრებოდა. მათ დაბადების დღის მისალოცი სიმღერა დაიწყეს. კალათბურთელებს აყვნენ ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრებიც, რომლებსაც ეგონათ, რომ დღეს მართლაც დურანტის დაბადების დღე იყო.

დურანტი აშკარად დიდ გაუგებრობაში მოხვდა და ვერ იჯერებდა, რომ მას უმღეროდნენ, რადგან რეალურად, მისი დაბადების დღე 29 სექტემბერსაა.

რა ბედი ელის კრისტიან ერიქსენის საფეხბურთო კარიერას?

კრისტიან ერიქსენი, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშისას გულის შეტევა მიიღო, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია. დიდია იმის ალბათობა, რომ გამოცდილ ფეხბურთელს იტალიის დატოვება მოუწიოს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ექიმებმა თავის დაზღვევის მიზნით კრისტიან ერიქსენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს. იტალიის სერია A კი კრძალავს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელების საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას.

ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ ექიმები ერიქსენს დეფიბრილატორის ამოღების უფლებას არ მისცემენ, კრისტიანს სხვა ვარიანტების ძიება მოუწევს. ამ დროისთვის აქტიურად განიხილება ერიქსენის ამსტერდამის “აიაქსში” დაბრუნების ვარიანტი.

ბენზემა კოვიდინფიცირებულია

მადრიდის “რეალის” ფორვარდ კარიმ ბენზემას ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. 33 წლის ფეხბურთელმა კოვიდშემოწმება სანაკრებო ბანაკიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ გაიარა.

კარიმ ბენზემამ 2020-2021 წლების სეზონში “რეალის” ფორმით 46 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ევრო-2020-ზე მისმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალურ ეტაპამდე ითამაშა, სადაც შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან პენალტების სერიაში (3:3; პენ: 4:5) დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ახალი სეზონი 13 აგვისტოს გაიხსნება. “რეალი” პირველი ტურის შეხვედრას 14 აგვისტოს, სტუმრად “ალავესთან” ჩაატარებს.

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა (ვიდეო)

23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ტრადიციულად, ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნების დელეგაციები გამოვიდნენ.

რუსეთის პირველმა არხმა პირდაპირი ეთერი უგანდის დელეგაციის გამოსვლის დროს შეწყვიტა და რეკლამა გაუშვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უგანდელების შემდეგ უკრაინელი ოლიმპიელები გამოდიოდნენ. უკრაინელების გამოსვლის დასრულებიდან მალევე, მათ რეპორტაჟი გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის ყირიმის ნახევრაკუნძული აქვს ანექსირებული.

იხილეთ ვიდეო

ვინ იქნება ხვალ – 24 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

დღეს, 23 ივლისს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ხვალიდან ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას დაიწყებენ. 24 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე ხუთი სპორტსმენით წარვსდგებით. საქართველოში ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გვთავაზობს.


24 ივლისი

ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, -60კგ)

ძიუდოს ტურნირი საქართველოს დროით დილის 06:00 საათზე დაიწყება. ლუხუმი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ ქარამათ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)

ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა იქნება. შეხვედრა საქართველოს დროით 07:30 საათზე ჩანიშნული, თუმცა არ არის გამორიცხული მატჩის დაწყების დრომ გადაიწიოს.

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

ხმლით ფარიკაობის ტურნირი საქართველოს დროით 04:30 საათზე იღებს სტარტს. სანდრო ბაზაძე პირველ შეხვედრას ეგვიპტელ მოჰაბ სამერთან გამართავს და ის 08:10 საათზე დაიწყება.

ესკერხან მადიევი (კრივი, 69კგ)

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი ესკერხან მადიევი პირველ შეხვედრას აზერბაიჯანის წარმომადგენელ ლორენცო სოტომაიორ კოლაცოსთან გამართავს. ეს დაპირისპირება 14:54 საათზე დაიწყება.

ირაკლი რევიშვილი (ცურვა – 400 მ, თავისუფალი სტილი)

ირაკლი რევიშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე გაცურვას საქართველოს დროით 14:44 წუთზე დაიწყება.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


 

საქართველოს დელეგაციის გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ტორპედოში” ცინცაძე და კვასხვაძე ბრუნდებიან

ქუთაისის “ტორპედოში” სპონსორის გამოჩენის შემდეგ სიტუცია უკეთესობისკენ იცვლება და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან.

ამჯერად, საუბარია ძველ სახეებზე, რომლებიც “ტორპედოში” წლების განმავლობაში თამაშობდნენ – როინ კვასხვაძეზე და მათე ცინცაძეზე.

კვასხვაძემ “დინამო თბილისი” “ნეფჩთან” დაშვებული შეცდომების გამო 3 დღის წინ დატოვა. წლები “ტორპედოს” კაპიტანი გახლდათ და ფინანსური პრობლემების გამო “დინამოში” 2020 წლის იანვარში წავიდა. ცინცაძე ალბანურ “კუკეშში” იყო და 20 დღეზე მეტია თავისუფალი აგენტია. მათე 2018 წელს შეუერთდა “ტორპედოს” და 2019 წელს “იელგავაში” გადაბარგდა. შემდეგ იყო ბათუმის “დინამო” და ბოლოს “კუკეში”.

კვასხვაძის მისვლის შემდეგ “ტორპედოში” 4 საკმაოდ კარგი მეკარე შეგროვდება – ჰამზიჩი, შოვნაძე, ასათიანი და როინი.

ქუთაისური კლუბის ყიდვის აუქციონი თვის ბოლოს უნდა შედგეს და აუქციონში დავით კერესელიძის “ნიუ ვიჟენი” და აიეტ კუკავას “ალიანს ჰოლდინგ ჯგუფი” მიიღებენ მონაწილეობას.

ალჟირელი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე აღარ გამოვა – მიზეზი ებრაელთან შესაძლო შეხვედრაა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, ვის შეხვდებიან სპორტსმენები პირველ რაუნდში და როგორი იქნება მათი ბადე მომდევნო ეტაპებისათვის.

ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალჟირელი ძიუდოისტი ფეთჰი ნურინი ოლიმპიადიდან მოეხსნა, რისი მიზეზიც ისრაელის ნაკრების წევრ ტოჰარ ბუტბულთან შესაძლო შეხვედრაა.

ეს სპორტსმენები -73კგ წონით კატეგორიაში გამოდიან. ნურინი პირველ რაუნდში სუდანელ მოჰამედ აბდალრასულს უნდა დაპირისპირებოდა და გამარჯვების შემთხვევაში, მეორე რაუნდში ებრაელ ბუტბულთან მოუწევდა შეხვედრა. ებრაული მედიის ცნობით, სწორედ ამ მიზეზის გამო ალჟირელი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“წილისყრაში არ გაგვიმართლა. შესაძლო მეტოქე ებრაელია და ამიტომ მოგვიწევს, რომ ტატამიზე არ გამოვიდეთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ნურინის მწვრთნელმა ამარ ბენ იაკლიფმა ალჟირულ პრესასთან საუბრისას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არაბული ქვეყნების წარმომადგენელ სპორტსმენებს ებრაელებთან შეხვედრისას პრობლემები ექმნებათ. 2019 წელს ნურინს მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ის ამ ტურნირიდანაც იმ მიზეზით ჩაეხსნა, რომ შესაძლებელი იყო ებრაელ ბუტბულს შეხვედროდა.

2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ებრაელმა ძიუდოისტმა ორ სასონმა ეგვპიტელი ისლამ ელ შაჰაბი დაამარცხა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ეგვიპტელმა სპორტსმენმა ებრაელს ხელი არ ჩამოართვა.

რამდენიმე თვის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ძიუდოს ფედერაციას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ ისინი საკუთარ სპორტსმენებს ებრაელ მეტოქეებთან შეხვედრის ჩატარებას უკრძალავდნენ.

ებრაელ მეტოქესთან შეხვედრა ეკრძალებოდა ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ საიდ მოლაეის. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 29 წლის სპორტსმენს უფლება მისცა მონღოლეთის მოქალაქეობა მიეღო და ამ ქვეყნის ნაკრების რიგებში ეასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი 24 ივლისს დაიწყება. -73კგ წონით კატეგორიის სპორტსმენები 25 ივლისს იასპარეზებენ. ამ წონაში გამოვა საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი.

ეკო გორგოძე ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სკანდალს სახალისო ფოტოთი გამოეხმაურა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა.

როგორც იცით, გორგოძესა და ოქსანა კალაშნიკოვას შანსი ჰქონდათ წყვილთა თანრიგში ტოკიოს ოლიმპიადაზე ეასპარეზათ, მაგრამ საქართველოდან განაცხადი არავინ გააგზავნა.

Instagram-ში განთავსებულ სახალისო ფოტოზე, ჩანს, რომ გორგოძემ და კალაშნიკოვამ საკუთარი თავები ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში მაინც მოახვედრეს.

კახა ცხადაძე: “არ მაქვს საუბარი იმ ნაძირლებზე, რომლებიც მოგზავნილები არიან”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას “მაკაბისთან” განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ ოსტატობას, არც “ნეფთჩი” და არც “მაკაბი” სხვა კომპონენტში ჩვენზე უკეთესი არ ყოფილა. თითზე ჩამოსათვლელია მომენტები, როდესაც ეს გუნდები ჩვენ კარებთან მოვიდნენ. სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ.

როცა მაღალი მიზნები ისახება, თბილისის “დინამოში” კონტიგენტი ინდივიდუალურად უკეთ უნდა იყოს მომზადებული, საჭიროა უფრო მაღალი დონის ოსტატები. მთავარი პრობლემა არის ინდივიდუალური ოსტატობა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთ თამაშებს ვაგებთ. პირველი ტაიმის შემდეგ ორი შეცვლა გავაკეთეთ, რადგან ფეხბურთელები ვერ აკმაყოფილებდნენ იმ დონეს, რა დონეც ჩვენ გვჭირდებოდა.

იყო შესაძლებლობა, რომ ბევრი მომენტი შეგვექმნა. თუ ბოლო ფაზა არ გამოიყენე, როგორ უნდა მოიგო თამაში? არ უნდა დავუშვათ ასეთი შეცდომები – ხან ფეხი გვიცდება, ხან ბურთს ფეხს ვაცილებთ.

ამხელა სამუშაოს რომ ვასრულებთ, ჩვენ ხომ ყველანი ვხედავთ? მე არ მაქვს საუბარი იმ ნაძირლებზე, რომლებიც მოგზავნილები არიან და 20 ლარის გულისთვის იგინებიან იქიდან. ესენი საერთოდ არახალხი არიან, საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ. ობიექტური ხომ უნდა იყო… რატომ მე? ცუდად მოვამზადე გუნდი? გვაჯობა გუნდურ თამშში “მაკაბიმ”? რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა სადმე?

ჩვენ თუ გვინდა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, მარტო გუნდური თამაში არ კმარა, ყველაფერი შერწყმული უნდა იყოს. კი, ვქმნით მომენტებს, მაგრამ იმას ხომ უნდა გატანა?

გუნდის გაძლიერება გვინდა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ვერ მოგყვავს ფეხბურთელები, რადგან ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ. დილიდან საღამომდე ვმუშაობ და რატომ უნდა ვაგინებინო ვინმეს თავი? აბსოლუტურად სუფთა გულით მოვედით ისეთ პირობებზე, როგორზეც შეიძლება ბევრს გაეცინოს. თბილისის “დინამო” უნდა იყოს გამორჩეული გუნდი. თუ ჩვენი და კლუბის მხრიდან კომპლექსური ნაბიჯები არ გადაიდგა, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა.

არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მართლა კარგები არიან, მათ ზურგის გამაგრება სჭირდებათ. ძალიან მწყდება გული. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს”, – განაცხადა ცხადაძემ.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ისრაელში გაიმართება.

*ფოტო: დინამო თბილისი