იტალია – ესპანეთი (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

იტალია: დონარუმა; ნიკოლა ბარელა, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, დი ლორენცო, ემერსონი, ჩირო იმობილე, ლორენცო ინსინიე, ჟორჟინიო, მარკო ვერატი.

ესპანეთი: უნაი სიმონი, ხორდი ალბა, ცეზარ ასპილიკუეტა, სერხიო ბუსკეტსი, ერიკ გარსია, კოკე, აიმერიკ ლაპორტე, დანი ოლმო, ოიარსაბალი, პედრი, ფერან ტორესი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ბალოტელი თურქეთში ითამაშებს

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ხვალ თურქეთში ჩაფრინდება და “ადანა დემისფორთან” კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქული კლუბი 30 წლის იტალიელ ფორვარდს ორწლიან შრომით ხელშეკრულებას შესთავაზებს. ბალოტელის წლიურმა ანაზღაურებამ ორი მილიონი ევრო უნდა შეადგინოს.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ გასული სეზონი საფეხბურთო კლუბ “მონცაში” გაატარა, რომლის რიგებშიც 14 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სარი: “რონალდუს მწვრთნელობა ადვილი არ არის, მას პირადი ინტერესები აქვს”

“ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი მწვრთნელობა ადვილი არ არის.

“რონალდუს მწვრთნელობა ადვილი არ არის. ის მულტინაციონალური კომპანიაა. მას პირადი ინტერესები გააჩნია, რაც ფეხბურთს უნდა შეუსაბამოს. მისი ინტერესები ნორმალურობას სცდება. მე მწვრთნელი ვარ და არა მენეჯერი”, – განაცხადა სარიმ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “იუვენტუსში” 2019-2020 წლებში მუშაობდა.

კახა ცხადაძე: “ბათუმის “დინამომ” უარი გვითხრა”

“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს “ნეფთჩთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

“ნეფთჩი” საკმაოდ ძლიერი გუნდია, სერიოზული ფეხბურთელებით და მიზნებით. პროცენტულად შანსებზე ვერ ვისაუბრებ, შანსი ორივე კლუბს გვაქვს. 6 წლის წინ, როცა აზერბაიჯანში ვიყავი, 5-6 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის და სიძლიერე ნამდვილად არ დაკლებია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეუძლებელია ზუსტი ინფორმაციები მქონდეს რომელიმეს შესახებ, რაც ხვალ, შესაძლოა, კოზირად გამომადგეს”

“დინამოში” 1 თვეა რაც მოვედი და 1 თვეში 6 მატჩი გაიმართა. პრაქტიკულად ვარჯიშები ვერ ჩავატარეთ, თამაშამდე მხოლოდ ერთხელ ვასწრებდით ვარჯიშებს და რადგან ახალმოსულნი ვიყავით, ეროვნული ლიგის სხვა მონაწილეებს ვთხოვეთ  გარკვეული შეხვედრები გადაგვედო. ფედერაცია თანახმა იყო, “ტორპედოც”, “დილაც”, მაგრამ ბათუმის “დინამომ” უარი განაცხადა.”

“მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ხვალ ჩვენი სასიკეთო შედეგი დაიდოს. ვიცი, რომ ბევრს არ მოვწონვართ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ”, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

მატჩი ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.

ნეიმარი: “მინდა ფინალში არგენტინას ვეთამაშოთ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ნეიმარმა კოპა ამერიკის ნახევარფინალში პერუსთან გამარჯვების შემდეგ ფინალში სასურველ მეტოქედ არგენტინა დაასახელა.

“მინდა, ფინალში არგენტინას ვეთამაშოთ, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს და მათ ვგულშემატკივრობ. ფინალში ბრაზილია მოიგებს”, – განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ტურნირის ნახევარფინალში კოლუმბიას, 8 ივნისს, დილის 05:00 საათზე შეხვდება.

ბონუჩი: ‘იმობილეს გოლი ისე გაუხარდა, რომ ტკივილი დაავიწყდა’

იტალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ესპანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი ბელგიასთან გამართულ მატჩში ჩირო იმობილეს მომენტზე გააკეთა.

როგორც იცით, იტალიელთა თავდამსხმელი ბელგიელთა საჯარიმოში წაიქცა და ისე ჩანდა, თითქოს, მას რაღაც სტკიოდა. რამდენიმე წამში ბარელამ ბელგიას გაუტანა, იმობილე წამოდგა და გოლის აღსანიშნავად გაემართა.

“ასეთი რამ მოედანზე ხდება ხოლმე. ჩირომ კონტაქტი იგრძნო და წაიქცა. ასეთ დიდ მატჩებში გოლი იმდენად სასიხარულო და სასიამოვნო, რომ ყველანაირი ტკივილი გავიწყდება. ჩირო შესანიშნავი ადამიანია. ამ მომენტზე ჩვენც გაგვეცინა და მას ვეხუმრებოდით”, – განაცხადა ბონუჩიმ.

ბრაზილიური სტილი პერუსთან მატჩში – ეს ძალიან ლამაზია (ვიდეო)

6 ივნისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრებმა პერუ ლუკას პაკეტას გოლით 1:0 დაამარცხა.

სოციალურ ქსელ Twitter-ში კოპა ამერიკის ოფიციალურ გვერდზე ბრაზილიელთა ეფექტური თამაშის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა.

მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ – ვენგერი ახალ ფორმატს გვთავაზობს

ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, არსენ ვენგერი, მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარებას გვთავაზობს. ფრანგ სპეციალისტს მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის იდეა ხიბლავს.

ვენგერის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩების რაოდენობა ათიდან შვიდამდე უნდა შემცირდეს. ამასთან, ეს შეხვედრები 50 დღის ნაცვლად 28-დღიან პერიოდში უნდა შედგეს.

“ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებს ოქტომბრის თვეში დაუბრუნდებიან და ერთი თვის შუალედში შესარჩევი ეტაპის შვიდ მატჩს ჩაატარებენ. ფინალური ეტაპი კი ივნისში გაიმართება. ეს ფეხბურთელებისთვის ნაკლებ მოგზაურობასა და ტრავმების რისკის შემცირებას ნიშნავს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება, 2027 წელს ევროპის ჩემპიონატი და სხვა ტურნირები გაიმართება. ერთი წლის შემდეგ კი კვლავაც მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და ასე შემდეგ. მეტი მატჩი პლეი-ოფში და ნაკლები შესარჩევი ეტაპის შეხვედრები – სწორედ ეს სურთ გულშემატკივრებს,” – აცხადებს ვენგერი.

ბრაზილიამ პერუ დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს

6 ივლისს, გამთენიისას რიო დე ჟანეიროში კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშების პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიამ ლუკას პაკეტას გოლით პერუელთა დამარცხება შეძლო.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს და მეათეჯერ შეეცდება ამ ტიტულის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ მოგებული 9 ტურნირიდან (1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007 და 2019 წლებში) 5 ბრაზილიაში იმართებოდა.

კოპა ამერიკის ფინალში “სელესაოს” მეტოქის ვინაობას მალე გავიგებთ. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ყველაზე მეტჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტული ურუგვაელებს აქვთ მოპოვებული (15 ტიტული). არგენტინელებისა ანგარიშზე 14 ტიტულია, ბრაზილია კი 9 ტიტულით მესამე პოზიციაზეა ამ რეიტინგში.

ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა “კოპენჰაგენის” ფეხბურთელია!

დავით ხოჭოლავა ამიერიდან “კოპენჰაგენის” ღირსებას დაიცავს. 28 წლის მცველმა დანიურ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“ძალიან მიხარია, რომ ტრანსფერი შედგა. “კოპენჰაგენი” დიდი კლუბია შესანიშნავი ისტორიით. მათი მხრიდან ინტერესის შესახებ დიდი ხნის წინ გავიგე. ჩემით სხვა კლუბების იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა “კოპენჰაგენის” არჩევა თავიდანვე მინდოდა. ვიცი, რომ კარგი თანაგუნდელები მეყოლება. ახლა მინდა, რომ მათ მალე შევხვდე და უკეთესად გავიგო გუნდის სათამაშო სტილის შესახებ”, – განაცხადა ხოჭოლავამ.

დავით ხოჭოლავა 2017 წლიდან დონეცკის “შახტარის” ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში, მან ამ კლუბის მაისურით 83 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. მან “შახტართან ერთად ექვსი ტიტული მოიგო – უკრაინის ჩემპიონატი (2018, 2019, 2020), უკრაინის თასი (2018, 2019) და უკრაინის სუპერთასი (2017).

ქართველმა მცველმა კარიერა “საბურთალოში” დაიწყო, სხვადასხვა დროს ითამაშა რუსთავის “ოლიმპში”, ბოლნისის “სიონში”, თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში”, ქობულეთის “შუქურასა” და ოდესის “ჩერნომორეცში”.

რონალდინიო პოგბას, დიბალასა და მატუიდის ღამის კლუბში შეხვდა (ფოტო)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პოლ პოგბას, პაულო დიბალასა და ბლეზ მატუიდის მაიამის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა. გაუჩო ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ისტორიული ფაქტი – გიგა ჭიკაძე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ედსონ ბარბოსას შეხვდება

გიგა ჭიკაძე 28 აგვისტოს UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ბრაზილიელ ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქართველი დღის მთავარ ორთაბრძოლაში იასპარეზებს.

ამ ინფორმაციას რამდენიმე ამერიკული გამოცემა ავრცელებს და უახლოეს ხანებში UFC მას ოფიციალურადაც დაადასტურებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გაიმართება ღონისძიება.

გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო ბარბოსა მე-9 პოზიციაზეა. გიგას ამ ორგანიზაციაში ექვსიდან ექვსი შეხვედრა აქვს მოგებული. რაც შეეხება ბარბოსას, მან UFC-ში 25 შეხვედრა ჩაატარა, 16 მოიგო, 9-ჯერ კი დამარცხდა.