ევროპის წამყვანი კლუბები სპინაცოლას ტრანსფერით ინტერესდებიან

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე “რომას” მცველის, ლეონარდო სპინაცოლას, კარგი თამაში ევროპულ გრანდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია მისდამი ინტერესის არსებობის შესახებ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, სპინაცოლას გარშემო არსებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან მადრიდის “რეალის”, “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპინაცოლა ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ავსტრიასთან მერვედფინალურ მატჩში სწორედ მან შეძლო გოლის გატანა დამატებით ტაიმში.

რაფაელ ბენიტესი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

ბრიტანული მედიის გავლენიანი წარმომადგენლები უკვე ადასტურებენ ინფორმაციას “ევერტონსა” და რაფაელ ბენიტესს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მხარეები ხელშეკრულებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ. ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ მცირედი დეტალებია მოსაგვარებელი.

Daily Mail-ის ჟურნალისტი დომინიკ კინგი ირწმუნება, რომ მხარეებს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ბენიტესის “ევერტონის” თავკაცად დანიშვნის ამბავმა “კამფეტების” გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ზოგიერთი მათგანი ესპანელ სპეციალისტს სიკვდილითაც დაემუქრა.

ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ გუნდში დე ბურის მუშაობით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები ევრო-2020-ს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. გუნდმა ჩეხეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 0:2 დათმო.

ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრებს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ინგლისი – გერმანია (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს გერმანიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

ინგლისი: პიქფორდი; უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი, ფილიფსი, რაისი, შოუ, საკა, კეინი, სტერლინგი.

გერმანია: ნოიერი; გინტერი, რუდიგერი, ჰუმელსი, კიმიხი, გოსენსი, გორეცკა, კროოსი, მიულერი, ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ევრო-2020-ზე მოთამაშე 6 ესპანელი ფეხბურთელი ოლიმპიადაზეც იასპარეზებს

ცნობილია ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე ესპანეთის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: ალვარო ფერნანდესი (“უესკა”), უნაი სიმონი (“ატლეტიკი”), ალეხანდრო დომინგესი (“ლას პალმასი”).

მცველები: ოსკარ მინგესა, ერიკ გარსია (ორივე — “ბარსელონა”), ხესუს ვალიეხო (“გრანადა”), პაუ ტორესი (“ვილიარეალი”), ოსკარ ხილი (“ესპანიოლი”), ხუან მირანდა (“ბეტისი”).

ნახევარმცველები: მარკ კუკურელია (“ხეტაფე”), ხონ მონკაიოლა (“ოსასუნა”), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე — “სოსიედადი”), დანი სებალიოსი (“რეალი”), კარლოს სოლერი (“ვალენსია”), პედრი (“ბარსელონა”).

თავდამსხმელები: ბრაიან ხილი (“სევილია”), მარკო ასენსიო (“რეალი”), დანი ოლმო (“ლაიფციგი”, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (“სოსიედადი”), რაფა მირი (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ხავი პუადრო (“ესპანიოლი”).

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.

აღსანიშნავია, რომ უნაი სიმონი, ერიკ გარსია, პაუ ტორესი, პედრი, დანი ოლმი და მიკელ ოიარსაბალი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზეც მონაწილეობენ.

ესპანეთის ნაკრების საოლიმპიადო განაცხადში ვერ მოხვდნენ სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სერხი რობერტო. ისინი წინასწარ სიაში იყვნენ შეყვანილნი.

ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირი 21 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება. ესპანელები გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტელებს, არგენტინელებსა და ავსტრალიელებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფიდან მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გავა.

“იუვენტუსი” რონალდუს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ტურინის “იუვენტუსი” ელოდება, თუ რას გადაწყვეტს კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იტყობინება, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ტურინულ კლუბში, ვინაიდან მისი წასვლა-არწასვლის საკითხზე დიდწილად არის დამოკიდებული “ბებერი სინიორას” სატრანსფერო მოქმედებები. თუ რონალდუ “იუვენტუსიდან” წავა, ტურინელებს რამდენიმე ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდებათ. პორტუგალიელი საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. გასულ სეზონში 36 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი 29 გატანილი გოლით იტალიის სერია A-ს დაუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსის” რიგებში ორ-ორჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი, ერთხელ კი ქვეყნის თასს დაუეფლა.

ბასილაშვილი: “ყველამ ვიცით, როგორი მებრძოლია ენდი მარი”

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში ენდი მარისთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ბრიტანელი ჩოგბურთელი შეაქო.

“ოპერაციის შემდეგ, ასეთი თამაშისათვის დაუჯერებელი ძალისხმევაა საჭირო. მან წარმოუდგენლად იბრძოლა და ამას ველოდი კიდეც. ყველამ ვიცით, როგორი მებრძოლი ჩოგბურთელია ენდი მარი. ყოჩაღ მას”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარიმ ქართველი ჩოგბურთელი ოთხ სეტში (6:4, 6:3, 5:7, 6:3) დაამარცხა.

“ეს ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა” – ენდი მარი ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარიმ უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მარიმ ქართველი ჩოგბურთელი ოთხ სეტში (6:4, 6:3, 5:7, 6:3) დაამარცხა. მესამე სეტში მარი 5:0-ს იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა ყველაფერი შემოატრიალა.

“ვფიქრობ, იქამდე, სანამ მესამე სეტში ანგარიში 5-3 გახდებოდა, კარგად ვთამაშობდი. ამის შემდეგ… ეს ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა. სამი ბრეიქი, წინ კი კიდევ ორი სეტი იყო. თუმცა, როცა დიდი პერიოდი გაქვს გამოტოვებული, ასეთი რამ ხდება. შესაძლებელია, ძალიან მალე წააგო.

არ მგონია, ბევრი იყოს ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, რომ ასეთი მესამე სეტის შემდეგ მეოთხეში გამარჯვება მოიპოვოს. მეტოქემ 5-0 შემოატრიალა, ამის შემდეგ ბევრი დანებდებოდა, მაგრამ მე ეს არ დამემართა. რა თქმა უნდა, ზეწოლა დიდი იყო, რადგან მაშინვე იწყებ ფიქრს იმ სათაურებზე, რომლებიც პრესაში დაიწერება. რომ წამეგო, კარიერაში ყველაზე ცუდი მარცხი იქნებოდა”, – განაცხადა მარიმ.

მბაპე: “მინდოდა, გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ეს არ გამომივიდა”

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ გამოუყენებელი პენალტის გამო ბოდიში მოიხადა.

როგორც იცით, საფრანგეთი – შვეიცარიის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს. ფრანგების მხრიდან ბოლო თერთმეტმეტრიანი სწორედ მბაპემ გააცუდა.

“ძალიან რთულია… უზარმაზარი მწუხარების გრძნობაა, ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვქონდა. ბოდიშს ვიხდი პენალტის გამო. მინდოდა, გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ეს არ გამომივიდა. დაძინება რთული იქნება. სამწუხაროდ, ჩვენს სპორტს ასეთი რისკები თან ახლავს და ის ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან. ვიცი, რომ ფანები იმედგაცრუებულები არიან. მინდა, მათ მხარდაჭერისათვის და იმისათვის, რომ ჩვენი მუდამ სჯეროდათ, მადლობა გადავუხადო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხზე წამოვდგეთ. შვეიცარიას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა მბაპემ.

ლორისი: “თითს არავისკენ ვიშვერთ”

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა შვეიცარიასთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარია – საფრანგეთის დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს.

“ბოლომდე დავიხარჯეთ. პენალტების სერია ლატარიაა. არ გაგვიმართლა. ახლა საჭიროა, რომ მარცხისგან გამოწვეული ტკივილი ვმართოთ. როცა ანგარიში 3-1 იყო, მატჩი უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ეს ფეხბურთია და სწორედ ამიტომაც გვიყვარს ის. დღეს ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ.

მბაპეს პენალტი? ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ამ ეტაპიდან გამოვვარდით. თითს არავისკენ ვიშვერთ. მართალია, ტრავმებთან ბრძოლა გვიწევდა, მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ”, – განაცხადა ლორისი.

ლიონელ მესის ლამაზი გოლი ბოლივიის კარში (ვიდეო)