ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ განაცხადა, რომ პოლონეთთან მატჩის შემდეგ მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ.
“პოლონეთთან მატჩის შემდეგ, 9 საათის განმავლობაში ვერ ვიძინებდი. მივიღე მუქარები, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს ოჯახს და მწერდნენ, რომ ჩემი შვილები მოკვდებოდნენ. შეიძლება, რამდენიმე წლის წინ ამას ჩემზე გავლენა ჰქონოდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ.
შესაძლოა, ჩემი საქმე ისე ვერ გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა. მესმის, რომ მაკრიტიკებენ, რადგან გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ ადამიანებმა თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინონ – მათ ემუქრებოდნენ და შვილების სიკვდილზე წერდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ოთახში შევდივარ, ტელეფონს სხვა მხარეს ვდებ. თუმცა, შემდეგ ჩემს მეუღლეს წერენ ჩემს შვილებზე”, – ციტირებს 28 წლის ფეხბურთელის სიტყვებს “მარკა”.
როგორც იცით, ესპანელი ქომაგები მორატას გამოუყენებელი საგოლე მომენტების გამო ხშირად აკრიტიკებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთთან შეხვედრაში (1:1) ესპანელთა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.