ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სერხიო რამოსი შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” ვიხილოთ.
წყაროს თანახმად, 35 წლის მცველის აგენტებმა თავიანთი კლიენტის მომსახურება სწორედ პარიზულ კლუბს შესთავაზეს. რამოსისთვის პრიორიტეტული ვარიანტი “პარი სენ-ჟერმენია”.
პარიზულ კლუბში თამაშობენ 35 წლის მცველის ყოფილი თანაგუნდელები ანხელ დი მარია და კეილორ ნავასი, ასევე – ესპანელი ფეხბურთელები სარაბია, სერხიო რიკო და ანდერ ერერა. რამოსს მოსწონს ის დეტალიც, რომ “პსჟ”-ის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ესპანურ ენაზე საუბრობს. პარიზში ცხოვრების წინააღმდეგი არც ფეხბურთელის ოჯახია.
სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში ორი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ესპანელმა ფეხბურთელმა 2005-დან 2021 წლამდე “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში 716 შეხვედრა ჩაატარა.