საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ გადაცემაში “ნოესთან” თავის რთულ წარსულზე ისაუბრა.
“ბავშვობა არ მიყვარს, გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი. ერთადერთი კარგი ის იყო, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო, დანარჩენი არაფერი. 90, 91, 92, 93 წლები სულ გაჭირვება იყო. ვხედავდი, როგორ მტოვებდნენ სხვაგან გაჭირვების გამო. ერთხელ დეიდასთან დამტოვეს 6 თვით, ხობში. ჩემი დაც სხვაგან იყო. მაინც ყველა კავშირზე ვრჩებოდით. ბოლოს დედამ და მამამ შეძლეს და დაალაგეს. იმ გაჭირვების გამო, რომელშიც მე გავიზარდე, შეიძლება არასწორ გზაზე დავმდგარიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემ გვერდით იყო და ყველაზე რთულ მომენტებში დამეხმარეს”
“ნახევარი წელი ვიყავი მშობლებისგან შორს. ძალიან განვიცდიდი. წარმოიდგინე, ზუსტად არც იცი სად არიან შენი დედა და მამა. უსამართლობის ბრაზი მქონდა, როცა ვხედავდი, რომ ზოგიერთს ყველაფერი გაცილებით მარტივად მოსდიოდა, მე კი ათჯერ და ოცჯერ უფრო მეტად უნდა მეწვალა”
“ერთ პატარა ბინაში, “ხრუშჩოვკაში” ვცხოვრობდით 6 მაღალი ადამიანი. მეზიზღება პატარა ბინა. მთელი ცხოვრება სახლზე ვოცნებობდი და სხვა რაღაცებზე და ჩემი შრომით ავიხდინე”
“მამაჩემი 24 საათი ჩემთან იყო. თამაში კი არა, ვარჯიშიც არ ჰქონდა გამოტოვებული. ჩემთვის ღმერთი იყო მამაჩემი და ვერაფერი შეცვლის”
“ერთხელ დედაჩემმა სადღაც დაფა იშოვა, არც ვიცი საიდან და იქ თავისი ხედვები გაგვიზიარა მე და მამაჩემს ფეხბურთის შესახებ”
“საფეხბურთო სკოლა “ავაზაში” დავდიოდი. როცა წელი მორჩა, ყველა დანაწილდა სხვადასხვა კლუბში, მე ჰაერში დავრჩი. მერე კახი კაჭარავა და ლევან ჯაკობია მოვიდნენ და მითხრეს, რამდენიმე მატჩი კარში ვყოფილიყავი. არც ვიცოდი, რომ შერჩევა იყო”
“პირველი კონტრაქტი 17 წლის ასაკში “დინამოსთან” გავაფორმე. თვეში 50 ლარი მქონდა. მეორე გუნდშიც არ მიწევდა თამაში, მე-5 მეკარე ვიყავი. მაშინ, ბევრი მეკარე იყო, თუმცა აქედან იწყება ჩემი გარდატეხა” – თქვა გიორგი ლორიამ.