ფიფას რჩევები ტურისტებს — რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება?
რამდენიმე დღის წინათ ფიფამ საკუთარ ჟურნალში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტურისტებისთვის რჩევების სია გამოაქვეყნა. „ბრაზილია დამწყებთათვის“ მოიცავს ათ პუნქტს და მოგვითხრობს ბრაზილიელთა კულტურის, მათი ჩვევების შესახებ. სიის რამდენიმე პუნქტმა იმდენად შეურაცხყო ბრაზილიელები, რომ ფიფას ინტერნეტ-სივრციდან მათი წაშლა მოუწია. სხვათა შორის, როგორც ამ სიიდან ირკვევა, ბრაზილიელები უარყოფითი თვისებებით ქართველებს ძალიან ჰგვანან.
აი, რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება:
● არაპუნქტუალობა: თუ ბრაზილიელები ერთმანეთს შეხვედრას 12:30 საათზე დაუნიშნავენ, 12:45 საათზე ადრე არ მივლენ;
● რიგები: ბრაზილიელებს ლოდინი ჭირის დღესავით სძულთ. რიგში ისინი მუდმივად ქაოსს აწყობენ;
● გზებზე ფეხით მოსიარულეებს ყურადღებასაც არ აქცევენ, ე.წ. „ზებრებზეც“ კი არ ატარებენ მძღოლები მოსიარულეებს. (გიხაროდენ! ეს მარტო ქართველების სენი არ ყოფილა – ავტ.);
● არ ისაუბროთ ესპანურად. სახელმწიფო ენა პორტუგალიურია. თუ ბრაზილიის დედაქალაქად ბუენოს-აირესს დაასახელებთ, ქვეყნიდან გაგაძევებენ;
● იქონიეთ მოთმინება: ბრაზილიაში ყველაფერს ბოლო წუთებში აკეთებენ. ეს სტადიონების მშენებლობასაც ეხება. ბრაზილიაში ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ: უნდა დაისვენო და დატკბე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. ტურნირის დაწყებამდე 71 დღე დარჩა.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com