პოლონელი ჟურნალისტი: “მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი მსაჯებთან კი არ შეიჭრა, პერესს ესაუბრებოდა”
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (4:2) შემდეგ გერმანული გუნდის ფეხბურთელებმა მსაჯთა მიმართ ბრაზი ღიად გამოხატეს. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, არტურო ვიდალი და ტიაგო ალკანტარა არბიტრებისთვის განკუთვნილ ოთახში შეიჭრნენ და მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ინფორმაციას უარყოფს პოლონელი ჟურნალისტი მიხალ კოლოძიეიჩიკი, რომელიც ამბობს, რომ მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ესაუბრა.
“ბაიერნსა” და “რეალს” შორის გამართული მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი მსაჯებთან არ ყოფილა. ეს ამბავი ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოიგონეს. ლევანდოვსკი პერესს ესაუბრებოდა. ეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი საუბარი ყოფილიყო”, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლონელმა ჟურნალისტმა.