“პუტინ ხუილო” – რუსეთში უკრაინელი ქომაგების სკანდირებაზე განაწყენდნენ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ბუქარესტში გამართულ შეხვედრას საკმაო რაოდენობის უკრაინელი გულშემატკივარი დაესწრო. მათ მატჩი მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით ცნობილი ფრაზის სკანდირება დაიწყეს: “პუტინ ხუილო!”.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშჩევმა, რომელმაც უეფას რეაგირებისკენ მოუწოდა.
“უეფას ხელმძღვანელობამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ის ჩვენი პრეზიდენტია. უკრაინელ ქომაგებს ისევ ვიღაც მართავს, ისინი ისევ ვერ წყნარდებიან. მათ მართავენ ნაციონალისტური ორგანიზაციები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ფეხბურთთან. თამაშზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ისინი სრული სისულელეებით არიან დაკავებულნი.
ეს აშკარად კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა რუსეთის წინააღმდეგ. საჭიროა მასზე მკაცრი რეაგირება. უეფა ვალდებულია, აუკრძალოს უკრაინელ გულშემატკივრებს შემდეგ მატჩებზე დასწრება, დააჯარიმოს უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია, ჩაატაროს გამოძიება და სრული სიმკაცრით დასაჯოს აქციის ორგანიზატორები ”, – თქვა სვიშჩევმა.