რამაზ ზოიძე: “ძალიან ცოტა დამაკლდა, რომ თქვენთვის ოლიმპიური მედალი მეჩუქებინა”
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მთელი ამ ოლიმპიური თამაშების მანძილზე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას.
სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დამაკლდა, რომ თქვენთვის ოლიმპიური მედალი მეჩუქებინა და ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულიყავი საქართველოში.
განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ. დღეს რაც ვარ, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა.
ამით ყველაფერი არ დასრულებულა, წინ კიდევ ერთად ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი”, – აცხადებს ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში გერმანელ ფრანკ შტებლეთან დამარცხდა.