რამდენს იხდიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ?
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილი ნახევარმცველი გარეტ ბეილი შეიძლება არა მადრიდის „რეალში“, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.
აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბეილს უკეთესი შეთავაზება აქვს, ვიდრე მას მადრიდული კლუბი სთავაზობს და ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული.
უცხოურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევროს იხდიდა.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო – დაახლოებით 100 მლნ. ევრო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მადრიდელთა ახალწვეულის დებიუტი, სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი