“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. კიევში გასამართ გადამწყვეტ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” ბარიერი დაძლია.
როგორც მოგეხსენებათ, “ალიანც არენაზე” გამართული წყვილის პირველი შეხვედრა მადრიდელებმა 2:1 მოიგეს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული საპასუხო მატჩი კი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბავარიელები მე-3 წუთზე ჯოშუა კიმიხმა დააწინაურა, თუმცა მე-11 წუთზე კარიმ ბენზემამ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტშივე ბავარიელთა კურიოზული შეცდომით ბენზემამ ისარგებლა და “რეალი” დააწინაურა. 63-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და “ბაიერნს” თამაშის შემოტრიალების რეალური იმედი დაუბრუნა. კოლუმბიელ ფეხბურთელს “რეალის” კარში გატანილი ბურთი არ აღუნიშნავს. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და მადრიდელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხეს.
ამრიგად, “რეალი” 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ითამაშებს, მისი მეტოქე კი ხვალ გაირკვევა – “ლივერპული” ან “რომა”.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (II მატჩი)
“რეალი” — “ბაიერნი” 2:2 (1:1)
გოლები: ბენზემა 11′, 46′ — კიმიხი 3′, ხამეს როდრიგესი 63′.