“რეალი” დე ხეას ტრანსფერში ბეილის ჩართვას არ აპირებს
მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას გადაბირებას კი აპირებს, მაგრამ სატრანსფერო გარიგებაში გარეტ ბეილის ჩართვა არ სურს. მანჩესტერელებს კი საკუთარ რიგებში სწორედ უელსელის ხილვის სურვილი აქვთ. თუმცა მის ნაცვლად მადრიდელები “იუნაიტედს” ფაბიო კონეტრაუს შესთავაზებენ. პორტუგალიელით ინგლისური კლუბი ადრე ინტერესდებოდა, მაგრამ ლიუკ შოუს გადაბირების შემდეგ მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაქრა.
შესაბამისად, “მანჩესტერში” დე ხეას გაყიდვის შემთხვევაში პირდაპირი ფინანსური გარიგების გაფორმება უფრო აწყობთ და ესპანელ კიპერში 40 მილიონი ევროს მიღება სურთ. მაგრამ, “იუნაიტედი” არც დე ხეას შენარჩუნების იმედს კარგავს და გავრცელებული ინფორმაციით მას ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებს, რომლის მიხედვით ის კვირაში 200 000 გირვანქას მიიღებს.
კვირას, “არსენალთან” მატჩის შემდეგ “იუნაიტედის” დამრიგებელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.
“ორ დიდ კლუბს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. ძალიან კარგი იქნება, თუ დე ხეა “მანჩესტერში” გადაწყვეტს დარჩენას. თუმცა, ის ესპანელია და მისთვის გადაწყვეტილების მიღება რთულია”