„რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რუნის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ხელს შეუშლის
ბრიტანელი სპორტული რეპორტიორები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ სურს, უეინ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ დაუშვას. ინგლისელ თავდამსხმელს „წითელ ეშმაკებთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება, „სამეფო კლუბი“ კი აპირებს, რომ რუნი თავისთან მიიწვიოს.
ინგლისური პრესის ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდება და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმას სთხოვს, რის შემდეგაც მის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაყვანას შეეცდება. უცხოური წყაროების თანახმად, თუ რუნი „წითელ ეშმაკებთან“ ახალ კონტაქტს არ გააფორმებს, „რეალი“ შესაძლო ტრანსფერის ღირებულებად 25 მილიონ ევროს დაასახელებს.
როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბის“ ინტერესებში ლუის სუარესიც შედიოდა, თუმცა ორი დღის წინათ ურუგვაელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რამაც მის ტრანსფერთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.
ბექა დოგრაშვილი