„რეალმა“ „შალკე“ დაამარცხა, კასილასმა რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და გელზენკირხენის „შალკეს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი მატჩი „რეალმა“ გასვლაზე ანგარიშით 6:1 მოიგო და განმეორებითი შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ანგარიში 21-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. ზუსტად ათ წუთში ტიმ ჰოგლანდმა წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე რონალდუმ დაუბლი გაიფორმა. 75-ე წუთზე კი თავისი გოლი ალვარო მორატამაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 3:1. სხვათა შორის, მადრიდელთა კიპერმა იკერ კასილასმა ამ შეხვედრაში უნიკალური რეკორდი დაამყარა. ესპანელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მოედანზე ყველაზე დიდი დრო აქვს გატარებული — 12 000 წუთი. წინა რეკორდი „რეალისა“ და „შალკეს“ ყოფილ თავდამსხმელ რაულს ეკუთვნოდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 11 999 წუთი ჰქონდა ნათამაშები.
„რეალმა“ „შალკე“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 9:2 დაამარცხა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„რეალი“ — „შალკე“ 3:1 (1:1)
„რეალი“: კასილასი, ვარანი, სერხიო რამოსი (დანიელ კარვალახი 70′), კოენტრაო, ნაჩო, ჩაბი ალონსო (კაზემირო 46′), ისკო, ილიარამენდი, რონალდუ, ხესე როდრიგესი (ბეილი 8′), მორატა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
„შალკე“: ფიარმანი, ჰოგლანდი, ჰიოვედესი (პაპადოპულოსი 58′), მატიპი, კოლასინაცი, მაიერი, დრაქსლერი, აიანი (ანანი 81′), ნოიშტედტერი, ობასი, ჰუნტელაარი (სოლოი 46′).
მთავარი მწვრთნელი: იენს კელერი.
გოლები: რონალდუ 21′, 74′, მორატა 75′ — ჰოგლანდი 31′.
გაფრთხილებები: ილიარამენდი 58′ — პაპადოპულოსი 79′.
მთავარი მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).
ბექა დოგრაშვილი