რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.
“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.
მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.
“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.
“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:
“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.