რომარიოსა და რონალდოს შორის დაპირისპირება გრძელდება
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს – რონალდოსა და რომარიოს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც რონალდომ ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის დეპუტატს უვიცი უწოდა, რომარიომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რომ მატჩებზე დასასწრები 32 ათასი ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გადაანაწილონ.
„როგორც ფეხბურთელს, პატივს გცემ, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. სამი წლის წინათ შენ თქვი, რომ მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთებს გამოჰყოფდა. ახლა, როდესაც ბილეთები აღარ დარჩა, პასუხისმგებლობას იხსნი. შენი ეს ქმედება ცუდად წარმოგაჩენს“, – ნათქვამია რომარიოს მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში.
გარდა ამისა, რომარიომ რონალდოს ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს სიტყვები გაახსენა: „მისი თქმით, დიდი ხარჯებისა და სახელმწიფოს მიერ გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ცუდი იქნება. ჩემი აზრით, შენი მეგობრის ეს მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება შენივე პოზიციისგან. ასე არ არის?“
შეგახსენებთ, რომ რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრია.
რაც შეეხება რომარიოს, ის ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წევრია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი 2014 წლის მუნდიალს სკეპტიკურად უყურებს. რომარიომ იმ ადამიანების მოსაზრება გაიზიარა, რომლებიც ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას აპროტესტებენ და არაერთხელ განაცხადა, რომ სტადიონების მშენებლობაში გახარჯული თანხა მრავალი ახალი სოციალური პროექტის განხორციელებას ეყოფოდა.
ბექა დოგრაშვილი