რონალდინიო: „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე სულ ცოტა დამაკლდა“
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიო განაცხადა, რომ 2003 წელს შეეძლო, „ბარსელონას“ ნაცვლად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.
„თითქმის უკვე „იუნაიტედში“ ვიყავი გადასული. შესაძლებელი იყო, 48 საათში ყველაფერი გადაწყვეტილიყო, თუმცა სანამ „წითელი ეშმაკებისგან“ წინადადებას მივიღებდი, მანამდე ჟოან ლაპორტამ მკითხა, გადავიდოდი თუ არა „ბარსელონაში“, თუ ის კლუბის პრეზიდენტი გახდებოდა. მე ვუპასუხე, რომ გადავიდოდი.
„იუნაიტედთან“ მცირე დეტალებიღა იყო შესათანხმებელი, როცა ლაპორტამ დამირეკა და მითხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა. როგორც გითხარით, შეპირებული ვიყავი, თუ ის გახდებოდა პრეზიდენტი, კატალონიურ გუნდში გადავიდოდი. ინგლისელებს ვუთხარი, რომ არჩევანი „ბარსელონაზე“ გავაკეთე.
ეს მართებული არჩევანი იყო. ბრაზილიელებს „ბარსელონა“ ყოველთვის უყვარდათ. ამ კლუბში ჩვენც გვაქვს ჩვენი ისტორია. ფეხბურთი გვერდზე რომ გადავდოთ, ბარსელონას მსგავსი ქალაქი ევროპაში არ მოიძებნება. ბედნიერი ვარ, რომ კატალონიურ გუნდში ვითამაშე“, – განაცხადა რონალდინიომ FourFourTwo-ს ჟურნალისტთან საუბრისას.