„რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნების იმედი დაკარგა“
ბრაზილიური ტელეკომპანია SporTV-ის კომენტატორი ანდრე ლოფრედუ თვლის, რომ „ატლეტიკო მინეიროს“ ნახევარმცველ რონალდინიოს ბრაზილიის ერვნულ ნაკრებში დაბრუნების შანსი აღარ აქვს. ცნობილი კომენტატორის თქმით, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ვერგასვლით რონალდინიომ 2014 წლის მუნდიალზე თამაშის იმედი დაკარგა.
„მიუხედავად იმისა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარი ჯერ კიდევ მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელების ძიებაშია, რონალდინიოს ბრაზილიის ნაკრებში კვლავ თამაშის იმედი აღარ აქვს. მას „სელესაოს“ რიგებში დაბრუნების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, ამისთვის კი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასი უნდა მოეგო ან ფინალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ კარგი თამაში ეჩვენებინა, თუმცა არც ერთი მოხდა და არც მეორე“, – განაცხადა ლოფრედუმ სატელევიზიო ეთერში.
ბექა დოგრაშვილი