რონალდუს არჩათვლილი გოლის შემდეგ უეფამ განმარტა, რატომ არ გამოიყენება VAR სისტემა
უეფამ განმარტა, რატომ არ გამოიყენება ვიდეოგამეორების სისტემა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (2:2) ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრებმა მიიჩნიეს, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. გაღიზიანებულმა რონალდუმ მოედანი საფინალო სასტვენამდე დატოვა, კაპიტნის სამკლავური კი ძირს მოისროლა. მოგვიანებით არბიტრებმა შეცდომა აღიარეს და პორტუგალიელებს ბოდიში მოუხადეს.
“2019 წელს უეფამ ფიფას საკვალიფიკაციო ტურნირზე VAR სისტემის დანერგვა შესთავაზა. ოპერაციულ და ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე პანდემიის გავლენამ უეფა აიძულა, რომ VAR სისტემა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2020-2021 წლების სეზონის ნაცვლად 2021-2022 წლების სეზონიდან დაენერგა, ასევე უარი ეთქვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღნიშნული სისტემის შემოღებას.
გასული წლის შემოდგომაზე VAR სისტემა არ გამოიყენებოდა არც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ეს სისტემა დღემდე არ გამოყენებულა ევროპული ნაკრებების შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ სტადიაზე”, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.