რუმენიგე: “სან მარინოს მსგავსი გუნდებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა შემოვიღოთ”
მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე სან მარინოს, კოსოვოსა და გიბრალტარის მსაგვსი გუნდებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის შემოღების ინიციატივით გამოდის.
“ახლა დაახლოებით 40 პროცენტით მეტ მატჩს ვატარებთ, ვიდრე უწინ. მახსოვს, ჩემპიონთა ლიგაზე ორმაგი ჯგუფური ეტაპი იმის გამო გავაუქმეთ, რომ ფეხბურთელებისთვის დატვირთვა შეგვემცირებინა.
რა მოხდა ამის შემდეგ? ეროვნული ნაკრებების კალენდარში ოთხი მატჩი დაემატა. ახლა ისეთი გუნდების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, როგორებიც სან მარინო, გიბრალტარი და კოსოვო არიან. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები: “რატომ არ არის შემოღებული ასეთი გუნდებისთვის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი?” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “ბილდი”.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა სან მარინოს ნაკრები ანგარიშით 8:0 გაანადგურა. “ბუნდესთიმის” ერთ-ერთმა ლიდერმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ ასეთი მატჩების ჩატარებას აზრი არ აქვს, რის გამოც სან მარინოს მხარისგან კრიტიკა დაიმსახურა.