“სევილიამ” “რეალი” დაამარცხა, იოვეტიჩს საოცნებო დებიუტი გამოუვიდა (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-18 ტურში “სევილიამ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რითაც “სამეფო კლუბის” 40-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია. მეორე ტაიმის შაუწელს დანიელ კარვახალი მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, იქ კი მასპინძელთა მეკარემ ესპანელი მცველი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა და “რეალი” დააწინაურა. 85-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. სერხიო რამოსი საჯარიმო მოედნიდან ბურთის გამოტანას ცდილობდა, მაგრამ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა. კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა სტევან იოვეტიჩმა, რომელსაც “სევილიას” რიგებში ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა, შორეული დარტყმით სტუმართა კარის ბადე მეორედ შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
“რეალი” 40 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს, მეორეადგილოსან “სევილიას” ერთი მატჩით მეტი და ერთი ქულით ნაკლები აქვს.