შევჩენკო: “ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია”
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსი ხალხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების შემდეგ რუსების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. მე რუსულ პრესასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა თითქმის აღარ მქონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ მათგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბოლომდე ვერ წარმოვიდგენდი. ვერ ვიგებ, რისთვის აკეთებენ ამას, რა მიზნით დაიწყეს ომი?!
ახსნა მიჭირს, მაგრამ ახლა “რუსული სამყაროს” მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს. ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია.
გამარჯვების, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი სახლია, რომელსაც ვიცავთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვხედავ, რაოდენ მძიმე პერიოდს გავდივართ, თუმცა ჩვენი ხალხის სულისკვეთება მთელ მსოფლიოს შთააგონებს. ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერები, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ”, – თქვა ანდრეი შევჩენკომ დმიტრი გორდონის გადაცემაში.