სკოლარიმ 4-4-2 სქემა მოსინჯა
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. ნეიმარის ტრავმამ ლუიშ ფელიპე სკოლარის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა დამდეგ შეხვედრაში გუნდი შესაძლოა 4-4-2 სქემით ათამაშოს.
გუშინდელ ვარჯიშზე ნახევარდაცვის ხაზი ლუის გუსტავომ, პაულინიომ, ფერნანდინიომ და ოსკარმა შეავსეს, წინ კი ფრედი და ჰალკი მოქმედებდნენ. თუ სკოლარი ამ განლაგებას მიმართავს, მიმდინარე ტურნირზე პირველად მოხდება, რომ „სელესაო“ 4-2-3-1 სქემით არ ითამაშებს.
საწვრთნელი პროცესის დროს სკოლარიმ ტრადიციული ტაქტიკური სქემაც მოსინჯა და პაულინიოს ნაცვლად ვილიანი შეუშვა.
გარდა ამისა, ვარჯიშისას ვილიანის ადგილას ბერნარდმა, ფერნანდინიოს ადგილას კი ერნანესმა ითამაშეს.
მატჩი ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას მექსიკელი არბიტრი მარკო როდრიგესი მოემსახურება. სხვათა შორის, სწორედ მსაჯთა ამ ბრიგადას გამოეპარა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი.