ლებრონ ჯეიმსმა აიზია ტომასი დიდებული სიტყვებით შეამკო

ოთხშაბათს, სამ მაისს გამართულ პლეიოფურ დაპირისპირებაში აიზია ტომასმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საკალათბურთო სამყაროს, რომ ის მსოფლიო დონის მოთამაშეა.

ტომასის სიძლიერე, რომელმაც “ვაშინგტონ ვიზარდის” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (129-119) 53 ქულის დაგროვებასთან ერთად ოთხი მოხსნაც ჩაიწერა აქტივში, ლებრონ ჯეიმსმაც აღიარა.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ ამ რაოდენობის ქულა პლეიოფში არავის დაუგროვებია. მაშინ კი ეს “ფილადელპიას” ალენ ივერსონმა შეძლო, რომელმაც “ჰორნეტსს” 55 ქულა ჩაუგდო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აიზია ტომასის დის, ჯინას ტრაგიკული სიკვდილიდან სულ რაღაც ორი კვირაა გასული.

“აიზია განსაკუთრებული, ძალიან განსხვავებული მოთამაშეა. ის ნამდვილად გამორჩეული, უნიკალური ნიჭის პატრონია.

გუშინ მისი დის დაბადების დღე იყო, მჯერა, რომ ის მისთვის ყველაფერს აკეთებდა. დაღლაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მე ეს შევამჩნიე. მისი და მას ზეციდან დაჰყურებდა და დამატებით მოტივაციას აძლევდა,” – განაცხადა ჯეიმსმა.