ანდრე სილვა ორშაბათს “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

“სქაი სპორტსის” ცნობით, “პორტუს” თავდამსხმელი ანდრე სილვა ორშაბათს “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

21 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი 60 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ, წყაროს ცნობით, კლუბები ნაკლები ოდენობის თანხაზე შეთანხმდნენ. სპეციალიზებულ ინტერნეტპორტალ Transfermarkt-ის თანახმად, ახალგაზრდა თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონი ევროა.

ანდრე სილვამ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ანდრე სილვასა და “პორტუს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფეხბურთელი 2017 წლის კონფედერაციის თასზე პორტუგალიის ნაკრების განაცხადში შეყვანილია.