დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 ივლისი


“არსენალი” ორი ტრანსფერისთვის 70 მილიონს ამზადებს

A Bola-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ალექსანდრე ლაკაზეტის ტრანსფერით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი “სპორტინგის” ორი ფეხბურთელის, უილიამ კარვალიოსა და ჟელსონ მარტინსის გადაბირებას აპირებს და მზადაა, ამ ტრანსფერებში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბარტრაზე გადაერთო

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS ირწმუნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სერიოზულად არის დაინტერესებული მარკ ბარტრას ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელს ვიქტორ ლინდელოფის პოტენციურ მეწყვილედ განიხილავს.


დონარუმა “მილანს” შეუთანხმდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანმა” და დონარუმამ შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა მეკარე 5-წლიან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.

Sky Sport-ის ცნობით, დონარუმა ხელფასის სახით, წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, “როსონერიმ” ბერძნული “ასტერასიდან” ჯიჯიოს ძმა, ანტონიო დონარუმა უნდა გადმოიბიროს, რომლის ხელფასიც “როსონერიში” 1 მილიონი ევრო იქნება.


“ლივერპული” რიკოს გადაბირებას გეგმავს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სევილიას” მიერ 12 მილიონ ევროდ შეფასებული მეკარის, სერხიო რიკოს ტრანსფერზე მუშაობენ.

მართალია, ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონია მითითებული, თუმცა “წითლები” დარწმუნებულები არიან, რომ გაცილებით უფრო იაფად შეძლებენ მის დამატებას.


შჩესნი “რომას” დაემშვიდობა

ვოიცეხ შჩესნი “რომას” დაემშვიდობა. პოლონელი მეკარე იტალიურ კლუბში ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით თამაშობდა.

“მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ ივნისი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “რომას” ფეხბურთელი აღარ ვარ. იმ ორმა წელმა, რომელიც კლუბში გავატარე, ბევრი ბედნიერი მომენტი მაჩუქა. ვერასდროს გადავუხდი სრულყოფილ მადლობას კლუბს იმისთვის, რომ თამაშის შესაძლებლობა მომცა. დიდებული მომენტებისთვის მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს, მხარდაჭერისთვის კი – ფანებს. ძალიან დიდი მადლობა”, – დაწერა სოციალურ ქსელში შჩესნიმ.