რომელუ ლუკაკუმ მექსიკას ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეუსრულა და ნაკრებში 30 გოლი დაუგროვდა. ბელგიელი ამით გაუთანაბრდა გუნდის ორ ბომბარდირს, პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰორს.
“წითელმა ეშმაკმა” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის მიღწევაზე ისაუბრა.
“ამისთვის დავიბადე. ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული. მინდა, რამდენიც შემეძლება, იმდენი გოლი გავიტანო. ბედნიერი ვარ, რომ ბომბარდირებს გავუთანაბრდი. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი ძალიან მსურს, რეკორდი 2018 წლის დადგომამადე დავამხო. ჩვენ ვართ შესანიშნავი თაობა, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს. მაქვს სურვილი, ამ თაობამ რამე მოიგოს და თასი აღვმართო!”
“პოლ ვან ჰიმსტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც “ანდერლეხტური” კარიერის განვითარებაში დამეხმარნენ. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მისი რეკორდის გამეორება. ის ყველა დროის საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად რჩება და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემს შესაძლებლობებში თავდაჯერებული ვარ. როცა ამდენს შრომობ, შედეგი აუცილებლად მოვა. თუმცა, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, მთავარი გუნდური წარმატებაა,” – აცხადებს 24 წლის ფორვარდი.