დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 ივლისი


ოფიციალურად: ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუანაიტედმა” და “ევერტონმა” რომელუ ლუკაკუს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ Twitter-ში მანჩესტერელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბელგიელი თავდამსხმელი “იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ პროფესიონალური კარიერა “ანდერლეხტში” დაიწყო, 2011 წელს ის ლონდონის “ჩელსიში” ჩაირიცხა. 2014 წლიდან, ბელგიელი “ევერტონის” საკუთრება იყო.


“ჩელსი” ბელოტისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებს

რომელუ ლუკაკუს ხელიდან გაშვების შემთხვევაში, “ჩელსი” მზადაა, მთელი ყურადღება “ტორინოს” ლიდერზე, ანდრეა ბელოტიზე გადაიტანოს. ამ ინფორმაციას Daily Mirror ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერში “ჩელსის” მსგავსად “მანჩესტერ იუნაიტედიც” 75 მილიონს იხდის და ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.


ბეილის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლას “პსჟ” ლიდერობს

Don Balon-ის გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, მადრიდის “რეალის” უელსელი თავდამსხმელის, გარეტ ბეილის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები არიან.

როგორც იცით, უელსელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ესპანური წყაროს ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლის შემთხვევაში, მას საფრანგეთში უნდა ველოდოთ.


სანჩესი მზადაა, კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს

ჩილური გამოცემა, El Mercurio საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ლონდონელთა ჩილელმა ლიდერმა, ალექსის სანჩესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილი ხდება, ალექსის სანჩესმა უკვე მიაღწია შეთანხმებას პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” და ამის შესახებ “არსენალის” ხელმძღვანელობასაც აცნობა.


“პალასი” სილესენის ტრანსფერს უმიზნებს

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები მზად არიან “ბარსელონას” მეკარისთვის, ჟასპერ სილესენისთვის მიმდინარე ბრძოლაში ჩაერთონ. ამ ინფორმაციას As-ის ჟურნალისტებიც ადასტურებენ.

“არწივების” ახალ თვკაცს, ფრანკ დე ბურს სილესენთან მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს “აიაქსში” და ახლა ძალიან უნდა, 60 მილიონზე ნაკლებად (რაც მისი გამოსასყიდი თანხაა) შეიძინოს იგი.


კონტე ჩიჩარიტოსაც აკვირდება

The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” იტალიელი თავკაცი, ანტონიო კონტე ჰავიერ ერნანდესის გარშემო არსებულ სიტუაციასაც აკვირდება.

რომელუ ლუკაკუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემთხვევაში, “არისტოკრატები” მზად არიან 13.5 მილიონი ევრო გადაიხადონ მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერში.