დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 ივლისი


“არსენალი” ალექსისისთვის 80 მილიონს ითხოვს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ სიტის” ალექსის სანჩესის ტრანსფერში 80 მილიონ ფუნტს სთხოვენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, “მეთოფეები” უკვე შეეგუენ იმ აზრს, რომ ჩილელ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს და ახლა ცდილობენ, ამ ტრანსფერიდან მაქიმალურად მეტი მიიღონ.


“ბეშიქთაშმა” შესაძლოა, კოშტა ინათხოვროს

As-ის ცნობით, თურქული “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელები ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელის, დიეგო კოშტას არენდის წესით აყვანით არიან დაინტერესებულები.

როგორც იცით, კოშტას გადაბირება მადრიდულ “ატლეტიკოს” სურს. სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, ის მომავალი წლის იანვრის თვემდე ვერ ითამაშებს, ამიტომაც, “როხიბლანკო” მისი უფლებების შეძენის და შემდგომში განათხოვრების ვარიანტს განიხილავს.


რონალდუ “რეალში” რჩება

რიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალში” რჩება. “ასის” თანახმად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს “რეალის” დატოვება ჰქონდა განზრახული, ვინაიდან თვლიდა, რომ ესპანეთის საგადასახადო სისტემასთან წარმოშობილ პრობლემურ საკითხში “სამეფო კლუბი” მას არასათანადოდ იცავდა. თავის მხრივ, “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გეგმების შესახებ არაფერი იცოდა და მას კონფედერაციათა თასის გათამაშების დასრულების შემდეგ დაელაპარაკებოდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს.


იბრა “მანჩესტერ იუნაიტედში” რჩება?

Mirror-ის ცნობით, კვლავ არსებობს რაღაც შანსი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მომავალ სეზონშიც “ოლდ ტრაფორდზე” ითამაშოს.

როგორც იცით, ამ დროისთვის შვედი თავდამსხმელი რეაბილიტაციის პროცესს კლუბის სამედიცინო ცენტრში გადის და მოედანზე გასვლას იანვრის თვეში შეძლებს.


“პალასი” ვერმალაენის ტრანსფერს უმიზნებს

Sunday People-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” მცველის, ტომას ვერმალაენის გადაბირებით არიან დაინტერესებულები.

როგორც ცნობილი ხდება, “არწივთა” ახალ თავკაცს, ფრანკ დე ბურს გუნდის დაცვა ძალიან არ მოსწონს და მის გაძლიერებისთვის “არსენალის” ექს-ფეხბურთლის დამატებას იდეალურ ვარიანტად თვლის.