კარვახალი: “განვითარებისთვის არავისთან კონკურენცია არ მჭირდება”

დანიელ კარვახალი რამდენიმე სეზონია, რაც “რეალის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. მისი კონკურენტები – ალვარო არბელოა და დანილო იყვნენ, თუმცა კლუბი ორივემ დატოვა. ამჟამად, ესპანელს მეტოქეობას 18 წლის ფეხბურთელი, აჩრაფ ჰაკიმი უწევს. მოროკოელი სპორტსმენი “ბლანკოსის” აღზრდილია და გასულ ზაფხულში დაწინაურდა მთავარ გუნდში.

კარვახალმა ჟურნალისტებთან საკუთარ თავსა და თავის კონკურენტებზე ისაუბრა.

“აჩრაფი ფანტასტიკური ბიჭია. ის ბევრ რამეს სწრაფად ითვისებს და ამ სეზონში აქვს შესაძებლობა, რომ განვითარდეს. პირადად მე, არ მჭირდება სხვა მარჯვენა მცველი იმისთვის, რომ, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. ჩემი თავის კონკურენტი ისევ მე ვარ. მსურს, მაღალ დონეს მივაღწიო და გუნდს კიდევ უფრო დავეხმარო,” – აცხადებს დანი.