ზიდანი: “ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემზე”, ან “ხირონაზე”, თუმცა დღეს კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა”

დღეს ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში “ატლეტიკომ” “რეალი” მიიღო და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.

მადრიდული დერბის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვთვლი, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ჩვენსა და “ბარსელონას” შორის დიდი დაშორებაა, თუმცა ეს შეიცვლება. კატალონიელები ყველა თამაშს ვერ მოიგებენ. ხოლო, “რეალი” კი ამის გამოყენებას ეცდება და ჩამორჩენას აღმოფხვრის. კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლი დაგვაკლდა.”

“ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან მათ მეტი დაიმსახურეს. მათ ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ. სიმშვიდე – ეს სწორი გზაა. დღეს მართლა მშვენივრად ვითამაშეთ და, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემსა” თუ “ხირონაზე”, თუმცა “ატლეტიკოს” კართან რამდენიმე რეალური მომეტი შევქმენით.”

“არ ვიცი, რამოსის ცხვირთან დაკავშირებით, რა ხდება. მგონი, ის გატეხილია. ის მომენტი და, ასევე, სხვა რამდენიმე შეჯახება კარგად ვერ დავინახე, ამიტომ ვერ შევაფასებ არბიტრებს. მათ უბრალოდ თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, გამოვიდნენ მოედანზე და იმსაჯეს,” – აცხადებს “ზიზუ”.

კაზემირო: “ის დაგვრჩენია, “ჟირონას” გამარჯვება მივულოცოთ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ჟირონას” ესტუმრა და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

მძიმე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო ესაუბრა.

“კარგად არ გვითამაშია, არ შეგვიქმნია ბევრი მომენტი და, შესაბამისად, სასურველი რაოდენობის გოლიც ვერ გავიტანეთ. მიუხედავად ყველაფრისა, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. აუცილებელია, უკეთესად გამოვიდეთ მოედანზე; აუცილებელია, უფრო მეტი ვიმუშაოთ!”

“მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ “ჟირონას” ასეთი თამაში მივულოცოთ. ჩვენს მეტოქეს, “ბარსელონას” საკმაოდ ჩამოვშორდით. თუმცა, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ლა ლიგის მოგების შესაძლებლობა კვლავ გვაქვს,” – აცხადებს ბრაზილიელი.

კატალონიის პრეზიდენტი: “ჟირონას” გამარჯვება ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს”

თვითაღიარებული კატალონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი მადრიდის “რეალსა” და “ჟირონას” შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც მადრიდელთა დამარცხებით, 2:1 დასრულდა.

“ჟირონას” ბრწყინვალე, დიდებული გამარჯვება მადრიდის “რეალზე” “მონტილივზე” (თანაც წმინდა ნარკისის დღეს!). ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ჩვენ ვაგრძელებთ!

“ჟირონას” მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან მოპოვებული გამარჯვება მაგალითი უნდა იყოს ყველასათვის, ეს გამარჯვება ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს მომავალში,” – აცხადებს კატალონიელი პოლიტიკოსი.

“რეალი” კატალონიაში “ჟირონასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც კატალონიის ქალაქ ჟირონაში ამავე სახელწოდების გუნდს შეხვდა. დაძაბულ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ისკო ალარკონი დამატებაზე ზუსტი იყო – 0-1.

მეორე ნახევარში, 54-ე და 58-ე წუთებზე, შესაბამისად, კრისტიან სტუანიმ და პორტუმ შეძლეს კიკო კასილიას კარის ბადის შერხევა. “ჟირონას” წინ გასვლის შემდეგ, “ბლანკოსი” ბევრს ცდილობდა, მინიმუმ, გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა უშედეგოდ. ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი შემოიყვანა, რომლებიც ისკოსთან, რონალდუსა და ბენზემასთან ერთად უტევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა მადრიდელებს არაფერი არ მისცა.

საბოლოოდ, “ჟირონამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო. “ბლანკოსმა” კი, 27 წლის შემდეგ პირველად წააგო ლა ლიგის დებიუტანტ გუნდთან. კატალონიელები 12 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ. დედაქალაქურ გუნდს 20 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

 

ზიდანი: “სიახლე არ გვაქვს – კატალონიაში მივდივართ”

ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის მატჩის (“ჟირონას” წინააღმდეგ) წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ლა ლიგიდან” ახალი ამბავი არ გვაქვს. ამიტომ, კატალონიშაი მივდივართ და “ჟირონას” ვეთამაშებით. მხოლოდ და მხოლოდ, ერთ რამეზე ვფიქრობ და ეს ხვალინდელი შეხვედრაა. ვიცი, ახლა იმ მხარეში დიდი ხმაური და არეულობაა. თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება.”

“ნავასი ტრავმირებულია. კიკო კასილია კი, მზადაა. ის იმ ქალაქში ითამაშებს, სადაც დაიბადა. “ჟირონასთან” რთული დაპირისპირება გველის. მათ სტადიონზე თამაში მარტივი არაა. თუმცა, არც იმაზე ვფიქრობთ, რომ იქ არასდროს გვითამაშია. ჯერ კვირას, შემდეგ კი ოთხშაბათს გასვლაზე გვაქვს თამაშები. მაგრამ ასეთ რეჟიმს მიჩვეულები ვართ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავს კარგად გავამრთევთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

“ჟირონა” – “რეალი”: “ბლანკოსი” კატალონიაში საკუთარ ავტობუსს არ გამოიყენებს

კვირას, ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურში მადრიდის “რეალი” კატალონიას ესტუმრება და ადგილობრივ “ჟირონას” დაუპრისპირდება.

როგორც ესპანური პრესა იუწყება, მადრიდელები კატალონიაში ჩაფრენის შემდეგ, მათ ავტობუსს არ გამოიყენებენ. მოგეხსენებათ, აღნიშნულ მხარეში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა. ადგილობრივების უმრავლესობა რეფერენდუმის საშუალებით თავიანთი მიწის დამოუკიდებლობას ითხოვენ. შესაბამისად, უსიამოვნებებისა და არეულობის თავიდან ასაცილებლად, თეთრად შეღებილი, “რეალის” ლოგოიანი ავტობუსი ჟირონაში არ გაივლის.

“დარწმუნებულები არ ვართ, რომ ჩვენი ავტობუსით ჟირონაში ჩასვლა უსაფრთხო იქნება. ამიტომ, ამ შემთხვევაში თავს შევიკავებთ. ასევე მოვიქცევით “ელ კლასიკოს” დროსაც,” – აცხადებს “რეალის” უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.