მორატა: “იუვე” არ უნდა დამეტოვებინა, “რეალი” ბავშვივით მომექცა”

ალვარო მორატამ ტურინის “იუვენტუსში” ორი სეზონი გაატარა და შემდეგ მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. გასულ წელს ესპანელი თავდასხმელი საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა ზინედინ ზიდანი მას მაინც არ აძლევდა საკმარის სათამაშო დროს. ამის  შემდეგ, ფორვარდმა ესპანეთი დატოვა და ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდა.

მორატამ La Gazzetta dello Sport-თან თავის წარსულზე ისაუბრა.

“ნეტავ, “იუვენტუსი” საერთოდ არ დამეტოვებინა. “რეალში” იმიტომ დავრუნდი, რომ კონტრაქტში კონკრეტული პუნქტი იყო, რომლისთვისაც პატივი უნდა მეცა და მას დავმორჩილებოდი. მაგრამ იმედი ძალიან გამიცრუვდა. მადრიდში ისევ ისე მომექცნენ, როგორც ამას ტურინში წავსლამდე აკეთებდნენ – თითქოს, ბავშვი ვიყავი.”

“ჩელსიში” კონტეს გამო მოვედი. მოლაპარაკებები გასულ ზაფხულში დაიწყო და საბოლოოდ, აქ ვარ. ის მომთხოვნია, თუმცა მოთამაშეებს სათანადოდ აფასებს. ანტონიოს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს, დაიხარჯოს – შესაბამისად, მწვრთნელიც საუკეთესო შედეგს იღებს,” – აცხადებს ესპანელი.