TOP 5 მატჩი, რომელიც ამ უიქენდზე არ უნდა გამოტოვოთ

მანამ, სანამ ფეხბურთელები ნაკრებებს შეუერთდებიან, მათ კიდევ ერთი დაძაბული უიქენდი ელით წინ. ჩვენი საიტი ტრადიციულად გთავაზობთ 5 გამორჩეულ შეხვედრას, რომელიც ამ შაბათ-კვირას არ უნდა გამოტოვოთ.

“დორტმუნდი” – “ბაიერნი” (4 ნოემბერი; 21:30)

მიუნხენის “ბაიერნმა” უკვე მოახერხა და დაიბრუნა ჩვეული პირველი ადგილი, მაგრამ დორტმუნდელები ასე იოლად დანებებას არ აპირებენ, ამიტომაც შინ, “სიგნალ იდუნა პარკზე” ეს ორი გუნდი დაძაბულ სანახაობას შემოგვთავაზებს. ისინი ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან და განსხვავება მხოლოდ 3 ქულაა. “ბაიერნს” კარგი შანსი აქვს, წარმატების შემთხვევაში, უახლოესი მდევარი 6 ქულით ჩამოიტოვოს.

“ბარსელონა” – “სევილია” (4 ნოემბერი; 23:45)

ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ კატალონიელებს საწყის ტურებში გზად რთულ მეტოქე არ შეხვედრიათ და მათი მსგავსი წარმატება სწორედ ამის მიზეზია. “ბარსელონას” შანსი აქვს ყველას დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთნაირად მაღალ დონეზე თამაშობენ ყველას წინააღმდეგ. თავის მხრივ, “სევილიასაც” არაფერი აქვს დასაკარგი და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რათა ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურდნენ.

როგორც წესი, ჩვენი საიტი, ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთ შეხვედრას გთავაზობთ, მაგრამ იქიდან გამომგინარე, რომ ტურში ორი ერთნაირად მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩია, გადავწვიტეთ, რომ არცეთი არ გამოგვეყო და მკითხველისათვის ორივე შეგვეთავაზებინა.

“მანჩესტერ სიტი” – “არსენალი” (5 ნოემბერი; 18:15)

ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი “ქალაქელები” წელს საუკეთესო ფორმაში არიან და ამიტომაც მათი ცხრილის სათავეში ყოფნა არავის უკვირს. მანჩესტერელებმა შესაძლო 10 შეხვედრიდან 9-ში გამარჯვება შეძლეს და ერთ შემთხვევაში ფრედ ითამაშეს. რაც შეეხება “არსენალს”, ლონდონელები მიმდიანრე სეზონში არც თუ ისე სტაბილურად გამოიურებიან. აქედან გამომდინარე მათი მეხუთე პოზიციაზე ყოფნა ლოგიკურია. სტუმრები აღნიშნულ შეხვედრას დიდი საკადრო პრობლემებით ხვდებიან.

“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (5 ნოემბერი; 20:30)

ლონდონელებმა ბოლო შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე ცივი შხაპი მიიღეს და იტალიაში განადგურების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაციას შეეცდებიან. თავის მხრივ, პირველი ადგილისთვის ბრძოლის გაგრძელება სურს ჟოზე მოურინიოს გუნდსაც, ამიტომაც გუნდები მინდორზე წარმატების მისაღწევად ველაფერს შეეცდებიან.

ბოლო შეხვედრას კი ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ლიგიდან გთავაზობთ.

“ტორპედო” – “სამტრედია” (5 ნოემბერი; 19:00)

მას შემდეგ, რაც ქუთაისელებმა “დილასთან” ქულები დაკარგეს მათ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ, ამიტომაც იმერულ დერბიში მასპინძლები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. “სამტრედია” ამჟამად მესამე ადგილზეა და თავის მომდევნო მეტოქეს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. იმ შემთხვევაში თუ ისინი 5 ნოემბერს წარმატებას მიაღწევენ, მაშინ ეროვნული ლიგა კიდევ უფრო დაიძაბება.