აღმასკომის სხდომაზე “ზესტაფონის” საკითხი გაირკვევა

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგშია საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხიც. აღმასკომის სხდომაზე მოწვეულია კლუბის მფლობელი ილია კოკაია.

შეგახსენებთ, რომ მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს “ზესტაფონის” ეროვნულ ლიგა 2-ში დასაბრუნებლად. იმერული კლუბი მას შემდეგ ვეღარ ახერხებს ჩემპიონატში მონაწილეობას, რაც 2015 წლის 20 აპრილს კოკაიას გუნდი იმ დროინდელი უმაღლესი ლიგიდან მოჰკვეთეს, მიზეზი კი 19 აპრილს გორის “დილასთან” ჩაშლილი შეხვედრა გახდა, როდესაც “ზესტაფონის” ფეხბურთელები მინდორზე არ გამოვიდნენ.

“ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატში დასაბრუნებლად მზადაა!

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”, 4 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის მიერ გაგზავნილ წერილი გაასაჯაროვა.

როგორც წერილიდან ვგებულობთ, სფფ მზადაა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ეროვნულ ჩემპიონატჩი დაბრუნებაზე იმსჯელოს და 2018 წლიდან ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მისცეს, ამისათვის კი საკლუბო ლიცენზირების პროცესში ჩართვას სთავაზობს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრის დროს სფფ-ს აღმასკომის წევრმა, ბესიკ ჩიხრაძემ დაადასტურა, რომ 11 ნოემბერს გამართულ აღმასკომის სხდომაზე საუბარი მართლაც “ზესტაფონს” შეეხებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

თავის მხრივ იმერელთა გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საპასუხო წერილში დაუდასტურა, რომ მისი გუნდი მზადაა ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატიდან 2015 წლის 20 აპრილს მოჰკვეთეს, მას შემდეგ, რაც 19 აპრილს გუნდი გორის “დილასთან” სათამაშოდ არ გავიდა მინდორზე.