ვასილ მაისურაძისა და „ლოკომოტივის“ გეგმები…

თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე თავკაცობს, მალე საწვრთნელ შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრება.

ვასილ მაისურაძესთან ერთად, „ლოკომოტივში“ საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გიორგი დევდარიანიც მუშაობს. როგორც იცით, ამ საფეხბურთო კლუბში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს. შესაბამისად, ნაკრებების მწვრთნელების კოორდინირებული მუშაობა ეფექტური უნდა იყოს.
თბილისური კლუბი ტესტ-მატჩებს 28 იანვრიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე „ბარსელონას“ 19-წლამდელთა გუნდი იქნება. ასევე, დაგეგმილია მატჩები შვეიცარიული „ბაზელის“ 21-წლამდელებთან, ნორვეგიულ „ოდ გრენდლანდთან“ და „ვალენსია B“-სთან ან „ჰერკულესის“ 21-წლამდე გუნდთან.

დაგვეთანხმებით, ქართული გუნდისთვის მშვენიერი სპარინგ-პარტნიორები შეირჩა. მითუმეტეს, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს მარტსა და მაისში მართლაც რომ „ცხელი გაზაფხული“ ელით და მსგავსი დონის საერთაშორისო ტესტ-მატჩები საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მხოლოდ სასიკეთოდ წაგვადგება.

სფფ-ის პრესსამსახური