18-წლამდე “ბორჯღალოსნების” წლის პირველი შეკრება

უმცროსი ბორჯღალოსნები გაისად პოლონეთში გასამართი 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და 28 ნოემბრიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე პირველ შეკრებაზე შევიდნენ.

მანამდე მწვრთნელებსა სასელექციო პროცესი ჰქონდათ. მასში ის მორაგბეები იყვნენ ჩართული, რომლებსაც განვლილ პერიოდში 18-წლამდელთა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ახლა კი ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

მთავარი მწვრთნელის, დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ 10-დღიანი შეკრების მიზანი ერთმანეთის კარგად გაცნობა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაა:

“შეკრების განმავლობაში ბიჭებს უკეთ გავიცნობთ, ვნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლია, მათ ჩვენს მიზნებსა და გეგმებს გავაცნობთ. გარდა ამისა, ვიმუშავებთ ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. შეკრებაზე 40 მოთამაშე გვყავს. მათი ნახევარი 18-წლამდელთა შეკრებაზე გასულ ციკლშიც გვყავდა და ეს ადაპტაციას გაგვიიოლებს. გვყავს ასე ვთქვათ სარეზერვო ჯგუფიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტრავმირებული მოთამაშის ჩასანაცვლებლად მზად იქნებიან. იმედია ამის საჭიროება არ გვექნება”.

შეკრების დასასრულს, 7 დეკემბერს, თბილისში დასავლეთის გუნდი ჩამოვა, რომელიც 19-წლამდე მოთამაშეებით იქნება გაძლიერებული და გაიმართება საკონტროლო თამაში, ევროპის ჩემპიონატამდე კი, უმცროსი ბორჯღალოსნები უცხოურ შეკრებას გეგმავენ, სადაც ორ-სამ საკონტროლო თამაშს ჩაატარებენ.

ევროპის ჩემპიონატს წელს პოლონეთი, 23 მარტიდან 1 აპრილამდე უმასპინძლებს და მასში მხოლოდ ევროპული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, შარშანდელის შემდეგ 18-წლამდელთა ევროპის ღია ჩემპიონატზე თამაშში უარი იაპონიამ, კანადამ და აშშ-ს ნაკრებებმა თქვეს და ტურნირს ძლიერი ქვეყნებიდან კვლავ მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.

ჩავლეიშვილი ფიქრობს, რომ ეს გუნდის მოტივაციაზე უარყოფითად არ აისახება:

“გულდასაწყვეტია, რომ იაპონია, კანადა და აშშ ტურნირიდან გავიდნენ, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციაზე არ აისახება. ამ ბიჭებისთვის რუმინეთის, პორტუგალიის, ესპანეთის და რუსეთის წინააღმდეგ თამაში საინტერესოა. თუმცა, მათი პერსპექტივისთვის რა თქმა უნდა სჯობდა, რომ უფრო ძლიერი მეტოქეები გვყოლოდა. მიზანი წინა წლების მსგავსად ფინალში გასვლაა, სადაც სავარაუდოდ კვლავ საფრანგეთთან მოგვიწევს შეხვედრა და უნდა ვეცადოთ მათთან უფრო მეტს მივაღწიოთ”.

18-წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა: ნიკა სომხიშვილი (არმია), გიორგი ქიმუცაძე (აია), დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ფიროსმანიშვილი (თბილისი), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), დავით გვიდიანი (აია), ლუკა მუჩიაშვილი (ვეფხვები), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (აია), ნიკა ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), გიგა კობახიძე (ბაგრატი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), დავით გობეჯიშვილი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ლაშა ლომიძე (აია), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ბართლომე კალაძე (იუნკერები), სანდრო დვალი (ლოკომოტივი), ზუკა მინდიაშვილი (აკადემია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), ზურა ქავთარაძე (ხარები), გოჩა ჩანადირი (არმაზი), გიორგი მიქანაძე (არმია), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), დავით ცაგარეიშვილი (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მწვრთნელები: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

მასაჟისტი: გიორგი სვანიძე

მენეჯერი:
პაატა მაისურაძე

Rugby.Ge

თიბისი რაგბის სერიები 2017 – წინასამატჩო პრესკონფერენცია

25 ნოემბერს ბორჯღალოსნებსა და ‘არწივებს’ შორის გასამართი მატჩის წინ, გუნდებმა ‘მიხეილ მესხის’ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

მილთონ ჰეიგს პირველი კითხვა შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დაუსვეს:

„დატვირთული და რთული ორი კვირა გვქონდა. კანადასა და უელსთან მატჩს თან ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭები ჩვენს თამაშში დამატებით ენერგიას შემოიტანენ. ცვლილებები გუნდის დასუსტებას არ ნიშნავს, რადგან ყველა მათგანს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს ვის ვეთამაშებით: ‘ოლ ბლექსს’, აშშ-ს თუ ესპანეთს – ყოველთვის ვარჩევთ იმ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობას.

აშშ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მძლავრი ფორვარდები ყავს. მიუხედავად ამისა, ვგეგმავთ, რომ ამ კომპონენტში თამაში ჩვენი კარნახით წარვმართოთ და თადარიგში მორკინალების სიმრავლე ამითაა გამოწვეული“.

მეტოქის დახასიათებისას ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა რამდენიმე მოთამაშე გამოყო:

„აშშ-ს ძალიან კარგი მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეები ყავს. აღსანიშნავია სამუ მანოა, რომელიც ‘ტულონში’ ჩვენი მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას მხარდამხარ თამაშობს. მას ბურთი ძალიან კარგად მოაქვს. ამ გუნდის მთავარი კოზირი სწრაფი თამაში, ბურთის გაშლა და ძლიერი გარემარბებია. ჩვენ მეტოქეს შესაბამისი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ“.

ჰეიგმა გიორგი ჩხაიძეზე და ბორჯღალოსან ცენტურიონებზეც ისაუბრა:

„განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან უკანასკნელ 12 თვეში მესამე ცენტურიონი გვეყოლება. ჩხაიძე შეუერთდება იმ მოთამაშეთა ჯგუფს, რომლებსაც 100 და მეტი საერთაშორისო შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ასეთი მოთამაშეები მსოფლიოში მრავლად არ არიან“.
გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჩხაიძის ცენტურიონობასთან დაკავშირებით თქვა – „ვეცდებით, რომ მას ცენტურიონობა კარგი თამაშით და გამარჯვებით დავამახსოვროთ“, – ხოლო მომავალი თამაშის მოლოდინზე აღნიშნა:

„ახლა ჩვენზე განსაკუთრებული ზეწოლაა. უელსთან თამაშის შემდეგ, საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც ძალიან დიდი მოლოდინია. ყველას აინტერესებს, უელსთან ასეთი თამაში გამოგვივიდა, თუ რეალურად გავიზარდეთ. ჩვენ ხვალ უნდა განვამტკიცოთ ის, რასაც განვლილი ორი თამაშით მივაღწიეთ და მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ“.

შარიქაძეს ახალ მეწყვილეზე, გიორგი კვესელაძეზეც კითხეს:

„კვესელაძე ძალიან კარგი ბიჭია. კანადასთან ერთად რამდენიმე წუთი ვითამაშეთ, ეს კვირა ნაყოფიერად ვივარჯიშეთ და მაქვს იმედი, რომ ის შიდა მხარეს გამიმაგრებს“.

‘არწივების’ მთავარმა მწვრთნელმა დეივ ჰიუიტმა ქართული რაგბის პროგრესზე ისაუბრა და ხვალინდელ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლას დაგვპირდა:

„ივნისის შემდეგ ჩვენი გუნდი დიდად არ შეცვლილა, თუმცა დაგვიბრუნდა რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებსაც ბოლო 18 თვე არ უთამაშიათ. ამ პერიოდში თავის გამოჩენის შანსი სხვებს მივეცით, ახლა კი, უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავს.

საქართველო და ქართული რაგბი ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ტემპით ვითარდება. ვიცით, რომ თქვენ 6 ერში მონაწილეობა გსურთ და ამ პროგრესით შანსს ნამდვილად იმსახურებთ. მილთონ ჰეიგმა და სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავი სამუშაო გაწია, კიდევ უფრო გააუმჯობესა თქვენი შერკინების და ზოგადად გუნდის თამაში.

თუ საქართველო სათანადოდ არ დააფასე, კარგი დღე არ დაგადგება და ჩვენც მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. მეტოქეს სრული პატივისცემით ვეპყრობით, თუმცა რაგბი ამერიკაშიც ვითარდება, ჩვენც წინ მივდივართ და დანებებას არ ვაპირებთ. ვეცდებით გამოვიყენოთ ჩვენი კოზირები – სისწრაფე, ბურთის გაშლა, შერკინებაშიც სათანადო წინააღმდეგობა გავწიოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

ფიზიკურად რთული მატჩის მოლოდინშია გუნდის კაპიტანი ბლეინ სქალი: „ფიზიკურად რთული მატჩი გველის. თქვენ განსაკუთრებით ძლიერი ფორვარდები გყავთ. კარგად ვნახეთ რა დონემდე მიიყვანეთ გასულ კვირაში უელსი, უფრო ადრე კი კანადა. ვცდილობთ, რომ მეტოქის ძალის გათვალისწინებით, ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ და ხვალ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ“.

Rugby.Ge

“ბორჯღალოსნები” სიმბოლურში ისევ მოხვდნენ

სხვადასხვა ავტორიტეტული სარაგბო და სპორტული გამოცემების სიმბოლურ ნაკრებებში, ახალი ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი, უელსელი და შოტლანდიელი ვარსკვლავების გვერდით, სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ბორჯღალოსანი ვარსკვლავები.

ევროპაში საშემოდგომო ტესტ-მატჩების მეორე კვირა მიილია და ქართველი მორაგბეები სიმბოლურ XV-ში თუ “უახლოეს რეზერვში” ზედიზედ მეორე კვირაა ხვდებიან.

თუ 11-12 ნოემბრის თამაშების შემდეგ, ფულბეკის პოზიციაზე ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოთამაშე სოსო მათიაშვილი (კანადასთან 34 ქულის შემოქმედი) SkySports-ისა და Telegraph-ის სიმბოლურის ძირითადში, ხოლო Planetrugby-ის “თადარიგში” იყო, 18 ნოემბერს “პრინსიფალითიზე” უელსთან გამართული ომის შემდეგ, SkySports-მა ბურჯი ლევან ჩილაჩავა გამოარჩია:

“ქართულმა შერკინებამ, ჩილაჩავას მეთაურობით, სტუმრები ბოლო წუთამდე თამაშში დატოვა და თითქმის მიიყვანა დაუვიწყარ შედეგამდე. ეს იყო შესანიშნავი ძალისხმევა, რომელიც ტიერ ერთის გუნდის ნებისმიერ ქომაგს მოეწონებოდა” – წერია გამოცემის დახასიათებაში.

Planetrugby-მ პირველ ნომრებად ბორჯღალოსნების დასახელებისგან თავი ამჯერადაც შეიკავა, სამაგიეროდ სამი მათგანი უახლოეს რეზერვად მოიხსენია: 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე ინგლისელი დენ ქერის; მარჯვენა ბურჯი ჩილაჩავა ავსტრალიელი სეკოპე კეპუს; და მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი ირლანდიელი სენ ჰილის შემცვლელად.

Rugby.Ge

“მსოფლიო რაგბის” მაღალი ტრიბუნიდან – წარმატებული საქართველო!

ნოემბრის ტესტ-მატჩების პარალელურად, ლონდონში მსოფლიო რაგბის მმართველები შეიკრიბნენ და გასული წლის შეჯამებასთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

“მსოფლიო რაგბის” მე-13 გენერალურ ასამბლეას საქართველოდან რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, “მსოფლიო რაგბის” საბჭოს წევრი გიორგი ნიჟარაძე და სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე ესწრებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი დღე იქნება, როდესაც 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყანა გაირკვევა. საქართველოს მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობას გიორგი ნიჟარაძე მიიღებს.

ასამბლეის გახსნაზე საქართველო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო და ქართული რაგბის წარმატებაზე, ასევე სოსო მათიაშვილის მიერ კანადასთან გატანილი ლელოს შესახებ ბევრი ისაუბრეს.

“წლევანდელ კონგრესზე უმთავრესი საკითხი 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენაა, რომლის კენჭისყრაც 15 ნოემბერს გაიმართება და მასში ჩვენი მხრიდან გიორგი ნიჟარაძე მიიღებს მონაწილეობას. ამ საკითხთან მიმართებაში კულისებში აქტიური მუშაობაა გაჩაღებული.

“სხვა მხრივ კონგრესი დღის წესრიგს მიყვება, იხილება სამედიცინო და მაღალი მიღწევების საკითხები. კონგრესში მაღალი მიღწევების პროგრამებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა და ბაჩო ხურციძის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია, რაც საუბრებშიც იგრძნობა და დამოკიდებულებაშიც. კონგრესის გახსნის სიტყვაში მათიაშვილის ლელო მოიხსენიეს და მას დიდებული უწოდეს. რამდენჯერმე ახსენეს საქართველო და ხაზი გაესვა ქართული რაგბის პროგრესს” – გვიამბობს ასამბლეის მსვლელობის შესახებ გოჩა სვანიძე.

13 ნოემბერი ქართული დელეგაციისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან კონგრესი ქართული რაგბის წინსვლითა და წარმატებებით დაინტერესდა.

საქართველო, როგორც წარმატებული სარაგბო ქვეყანა ჯგუფურ განხილვაზე მიიწვიეს. სესიის წარმდგენი ლეგენდარული ჯონ ჯეფრი იყო. განხილვაში მონაწილეობდნენ: “მსოფლიო რაგბის” ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო; “მსოფლიო რაგბის” საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი; “მსოფლიო რაგბის” მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი; სპორტული მენეჯმენტის დამოუკიდებელი სპეციალისტი და “მსოფლიო რაგბის” მაღალი მიღწევების კონსულტანტი აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა, კანადა და აშშ) მაიკ მაგოვერნი; ევრო-ატლანტიკურ რაგბის კავშირებში (საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ნამიბია, ურუგვაი, ბრაზილია) “მსოფლიო რაგბის” დამოუკიდებელი კონსულტანტი სპორტული მეცნიერებისა და მაღალი მიღწევების განხრით დოქტორ ქელვინ მორისი, რომელიც წარსულში ბრიტანეთის ოლიმპიური ველორბოლის ნაკრების მაღალი მიღწევების დირექტორი, ასევე ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ფიზმომზადების დირექტორი იყო; მაღალი მიღწევების მქონე კიდევ ერთი ქვეყნის, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ოქონორი და საქართველოდან – ბაჩო ხურციძე.

“მსოფლიო რაგბი” მაღალი მიღწევების პროგრამებს, რომლის შედეგადაც უმჯობესდება ეროვნული და 20-წლამდე ნაკრებების თამაშის ხარისხი და შესაბამისად, შედეგები, სტრატეგიული ინვესტირებით 2006 წლიდან ფინანსდება. ჯგუფური განხილვისას საუბარი სწორედ ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ გაიმართა და საქართველო ამ დისკუსიაში პირველად მონაწილეობდა:

“საქართველო, როგორც წარმატებული სარაგბო ქვეყანა, მაღალი მიღწევების დისკუსიაში პირველად მონაწილეობდა. ეს იყო ქართული რაგბის, იმ შედეგების დაფასება, რასაც ეროვნულმა და 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო წლებში მიაღწია.

“ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რაც “მსოფლიო რაგბის” მაღალი მიღწევების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღეთ და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მას შემდეგ, რაც სტრატეგიული ინვესტირების პროგრამაში მოვხვდით, საქართველო ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა მსოფლიო რაგბის მითითებებსა და რეკომენდაციებს. ხშირად გვსტუმრობდნენ მსოფლიო რაგბის ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ მაღალი მიღწევების სივრცის დახვეწაში და ასეთმა მიდგომამ ეროვნული ნაკრებისა და 20-წლამდელების წარმატება განაპირობა.

“გამოსვლისას ავღნიშნე კერძო სექტორის და კონკრეტულად საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” განუზომელი ინვესტიცია, რომელიც დაგვეხმარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავსი წარმატების მიღწევა. აუცილებელია, რომ მიღწეულზე არ შევჩერდეთ და ყველა მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ” – გვიამბობს ბაჩო ხურციძე, მაღალი მიღწევების დირექტორი, რაც ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მიღწევებს, ასევე სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების განვითარებას, მაღალი დონის მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადებას მოიცავს.

შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატით დაინტერესდნენ და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, ჩვენმა ქვეყანამ დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი და აქამდე ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის, საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო:

“ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატი იყო ძალიან წარმატებული და ითქვა, რომ ამ გამოცდილების ფონზე, საქართველო მზადაა უმასპინძლოს სხვა მაღალი დონის ტურნირებს. ჩემპიონატი წარმატებული იყო არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ სხვა მიმართულებითაც. საქართველოზე, როგორც სარაგბო ქვეყანაზე, მსოფლიოს დაახლოებით მილიარდმა ადამიანმა გაიგო და ეს იყო ამ ტურნირის მასპინძლობის უაღრესად პოზიტიური შედეგი.

“ცალკე აღინიშნა სპორტული შედეგი, რომლის შედეგადაც უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ ითამაშებენ მსოფლიო რაგბის 12-გუნდა ელიტაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ გუნდის მწვრთნელები ქართველები არიან, რომლებმაც კვალიფიკაცია სწორედ მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების პროგრამის ფარგლებში აიმაღლეს”.

თავის მხრივ, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა იმ პროექტზე, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნის ფრანჩიზი ავსტრალიის ჩემპიონატში ჩაერთო.

შეხვედრის მონაწილეებს არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტნმა, აგუსტინ პიშომ მიმართა და ის გზა გაიხსენა, რომელიც მისმა ქვეყანამ დღევანდელ რეალობამდე და უდიდეს მიღწევებამდე გაიარა. მან ისაუბრა წარმატების არგენტინულ ფორმულაზე, რომლის შედეგად ცოტა ხნის წინ მეორე ეშელონის გუნდად მიჩნეული არგენტინა, პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად იქცა.

ქელვინ მორისმა ისაუბრა პირველი და მეორე ეშელონის ნაკრებების დონეთა დაახლოების გზებზე და აღინიშნა, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს თამაშების რაოდენობა, რათა მეორე ეშელონის ქვეყნებმა იმავე ინტენსივობითა და ხარისხით შეძლონ თამაში. მორისის თქმით, ამ შემთხვევაში სავსებით რეალურია გუნდებს შორის არსებული ნიშის დახურვა და დონის გათანაბრება.

საუბარი შეეხო მოთამაშეთა კეთილდღეობას, სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების განვითარების აუცილებლობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მაღალი დონის მიღწევებისთვის.

Rugby.Ge