გასულ კვირას ვარშავამ UEFA GROW-პროგრამის პრინციპულ სემინარს უმასპინძლა. სემინარს უეფას ყველა წევრი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოდან ვიცე-პრეზიდენტი და უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტის წევრი ნიკა ჯღარკავა. პოლონეთის დედაქალაქში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ GROW-ის ახალი სამომავლო ხედვა წარადგინა, რომელიც ამასთან ასოციაციების განვითარების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.
ამჟამად UEFA GROW ეროვნულ ასოციაციებს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში ეხმარება, როგორიცაა ფეხბურთში ჩართულობის ზრდა, ამასთან პროგრამა ასევე ეხმარება ასოციაციებს ზოგადი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, რომელიც გამყარებულია ეფექტური კომუნიკაციებით, ძლიერი ბრენდებითა და სახელმწიფო მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2017 წლის მარტში, GROW სამიტს უმასპინძლა, რომელიც ამ ფორმატით უეფას ისტორიაში პირველად ჩატარდა და მასში აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანა მონაწილეობდა. ვარშავას სემინარზე სამიტის შედეგები განიხილეს, სადაც საქართველო, მსაობრივი ფეხბურთის განვითარების მიმართული გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯების შედეგად მოწინავე ქვეყნად წარადგინეს.
პროგრამის შემდეგი ეტაპი მოიცავს ეროვნული ასოციაციებისთვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის შემოთავაზებას მდგრადი განვითარებისა და წარმატების მისაღწევად. აღნიშნული ხედვა, სახელწოდებით „მომავლის ფეხბურთის ფედერაციები“, მიზნად ისახავს ფეხბურთის პოტენციალის სხვადასხვა მიმართულებით ოპტიმიზაციის გეგმების შემუშავებას თითოეული ასოციაციისთვის. აღნიშნულ პროცესში სპორტისა და სხვადასხვა დარგების ექსპერტები ჩაერთვებიან.
„ჩვენ გვსურს ავიყვანოთ ფეხბურთი ახალ დონემდე. აღნიშნულ პროცესში ჩვენ გავითვალისწინებთ კულტურულ და დემოგრაფიულ ცვლილებებს, რათა კიდევ უფრო წარმატებული მომავალი შევუქმნათ სპორტის ამ სახეობას ევროპაში,“ განაცხადა უეფას ეროვნული ასოციაციების ბიზნეს-განვითარების ხელმძღვანელმა, ნოელ მუნიმ.
„ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა ევროპაში ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე პირველად ვაყალიბებთ სტრატეგიული და სისტემატიური ზრდის გეგმას თითოეული წევრი ასოციაციისთვის. აღნიშნულ პროცესში ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ჩვენს წევრ ასოციაციებთან, რათა ჩამოგვეყალიბებინა საუკეთესო მიდგომა,“ აღნიშნა მუნიმ.
„მომავლის ფეხბურთის ფედერაციების“ პროგრამის მიზანია, წარმოაჩინოს უეფას საფეხბურთო ოჯახის მუშაობის საუკეთესო მხარეები. ეროვნული ასოციაციების რეგიონალური ჯგუფები ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ერთობლივი განვითარების მიმართულებებით.
Gff.Ge